„ქართველებზე უკეთ ცოტამ თუ იცის” - ავსტრიელი ევროდეპუტატი რუსეთის ომზე „ჰუმანიზმის წინააღმდეგ” და საქართველოს შანსებზე ევროკავშირის გზაზე

ვროპარლამენტარი ლუკას მანდლი (ავსტრია, „სახალხო პარტია“)

„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქართული მხარე არ ელოდა, რომ ამ კითხვარს ასე მალე მიიღებდნენ, ეს ძალიან სწრაფად მოხდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სათანადო რეფორმები გაატაროს - განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში - მთავარი ფოკუსი კი კანონის უზენაესობაზეა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს არ არის რაღაც ბიუროკრატიული ხუშტური ბრიუსელიდან - კანონის უზენაესობის პრინციპი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ევროკავშირში გასაწევრებლად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროპარლამენტარი ლუკას მანდლი (ავსტრია, „სახალხო პარტია“), რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტს (SEDE) ხელმძღვანელობდა.

რადიო თავისუფლება: სანამ საქართველოზე გადავიდოდეთ, მინდა ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის ვიზიტზე გკითხოთ - რას ფიქრობთ, რა იყო ამ ვიზიტის მიზანი, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მეგობრულ ვიზიტად ვერ ჩაითვლებოდა?

ლუკას მანდლი: მოსკოვში ვიზიტამდე კანცლერი ნეჰამერი ესტუმრა ბუჩასა და კიევს და, როგორც თვითონ ამბობს, საკუთარ მოვალეობად მიიჩნია, კრემლის ლიდერს პირადად დაპირისპირებოდა - ეთქვა მისთვის იმ რეალობის შესახებ, რაც საკუთარი თვალით იხილა უკრაინაში. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია - მნიშვნელოვანია, მას დავუმტკიცოთ, რომ ვიცით რა ხდება სინამდვილეში უკრაინაში, რომ მან იცოდეს, თუ რას ფიქრობს თავისუფალი სამყარო ამ შემთხვევებზე. რადგან ვფიქრობ, რომ კრემლი არა მხოლოდ გარესამყაროს ატყუებს, არამედ თავად მის პირველ პირსაც არ აქვს სრული ინფორმაცია.

კრემლის მიერ გაჩაღებულმა ომმა [დასავლეთი] ისე გაართიანა, როგორც ვერავინ, და უპირველეს ყოვლისა, თავად [პუტინიც] ვერასდროს წარმოიდგენდა. თუ იქნება მეტი აგრესია, იქნება მეტი სანქციები. გაგრძელდება ომი? დამძიმდება და გაფართოვდება სანქციები.

რადიო თავისუფლება: პირდაპირ მისი ციტატა მოვიყვანოთ - „მინდოდა, პუტინისთვის თვალებში ჩამეხედაო“ - მაგრამ ეს ხომ ადრეც მოგვისმენია, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბუშისგან - როდის გამოიღო „პუტინისთვის თვალებში ჩახედვამ“ რაიმე შედეგი?

ლუკას მანდლი: ჩემთვის აშკარაა, რომ კანცლერმა საკუთარი მორალური ვალდებულება მოიხადა. ვფიქრობ, კარგია, რომ თავისუფალი სამყაროს მაღალი რანგის ლიდერი პირადად უპირისპირდება კრემლის ხელმძღვანელს მისი აგრესიისა და [მათ მიერ ჩადენილი] ომის დანაშაულების გამო. კანცლერმა სწორედ ეს გააკეთა და ვფიქრობ, ეს დასაფასებელია.

რადიო თავისუფლება: მთავარი გზავნილი, რაც მან ამ შეხვედრიდან გამოიტანა, იყო ის, რომ პუტინს „გადაწყვეტილი აქვს, გადაჭრას დონბასის საკითხი“, რომ ის შტურმისთვის ემზადება. ისმის კითხვა - დასავლეთი არის თუ არა მზად ესკალაციისათვის?

ლუკას მანდლი: კრემლმა და მისმა ომის „მახინამ“ უნდა იცოდნენ, რომ [ესკალაციას] თავისუფალი სამყარო კიდევ უფრო მძიმე სანქციებით უპასუხებს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ისტორიაში, უსისხლო თავდაცვა სისხლიან თავდასხმებზე - სანქციების გზით. უკრაინელები კი საკუთარი მიწის დასაცავად აგრესორს სამხედრო პასუხსაც სცემენ. კრემლის ომმა [დასავლეთი] ისე გააერთიანა, როგორც ვერავინ, და უპირველეს ყოვლისა, თავად მისი ლიდერიც ვერასდროს წარმოიდგენდა. თუ იქნება მეტი აგრესია, იქნება მეტი სანქციები. გაგრძელდება ომი? დამძიმდება და გაფართოვდება სანქციები. საკმაოდ ბევრი „კრეატიული“ იდეა გვაქვს, თუ როგორ გავაკეთებთ ამას.

რადიო თავისუფლება: და მიუხედავად ამისა, ავსტრია, გერმანიის მსგავსად, რუსულ გაზზე „მიბმული“ რჩება. ახლახან, საინტერესო განცხადება მოვისმინეთ ერთ-ერთი გერმანელი პოლიტიკოსის, ფლორიან პოსტისგან - მან განაცხადა, რომ გმობს რუსეთის აგრესიას, მაგრამ არც სიცივეში გაყინვა ეპრიანება. იზიარებენ ამ სენტიმენტს ავსტრიაში? რას აირჩევს ავსტრია, თუ სასწორის ერთ მხარეს „სიცივე“ იქნება, მეორე მხარეს კი ხისტი პოზიცია რუსეთის მიმართ?

ლუკას მანდლი: მთავარი, ყოვლისმომცველი სენტიმენტი დღეს, არა მარტო ავსტრიაში, არამედ სრულიად დასავლეთში არის ერთიანობის შეგრძნება. არ უნდა დავუშვათ, რომ ეს უპრეცედენტო ერთიანობა შესუსტდეს - ამ ერთიანობამ უნდა მოიტანოს მეტი, უფრო მძიმე, უფრო ფართო სანქციები. ვნახეთ, რომ შვეიცარიაც კი, რომელიც არც ნატოს წევრია და არც ევროკავშირის, სანქციების მეხუთე პაკეტს შეუერთდა. კრემლის მიზანი ყოველთვის ჩვენი დანაწევრება, დაქსაქსვა იყო - და ამ დანაწევრების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. თუ ერთი ქვეყანა უფრო მეტად დასუსტდება კონკრეტული ტიპის სანქციებით, რა თქმა უნდა, ამ სანქციებზე უფრო ხანგრძლივი და ფრთხილი მოლაპარაკებებია საჭირო - ესეც ერთიანობის ნაწილია. მთავარია, აღებულ კურსს არ გადავუხვიოთ.

ეს არ არის რაღაც ბიუროკრატიული ხუშტური ბრიუსელიდან - კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ევროკავშირში გასაწევრებლად.

რადიო თავისუფლება: საქართველოში ვიზიტზე გადავიდეთ - რა „მიგაქვთ“ აქედან?

ლუკას მანდლი: შევხვდით ქვეყნის პირველ პირს, სხვადასხვა მინისტრებს, მაგრამ ხაზს გავუსვამდი პარლამენტარებთან შეხვედრის მნიშვნელობას, რადგან სწორედ პარლამენტისგან ველოდებით, რომ გაატარებენ იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოს ევროპასთან მეტად დაახლოებისკენ გაუკვალავს გზას. ამ კვირაში ასევე მიიღეთ ევროკავშირის ე.წ. კითხვარი - შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქართული მხარე არ ელოდა, რომ ამ კითხვარს ასე მალე მიიღებდნენ, ეს ძალიან სწრაფად მოხდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სათანადო რეფორმები გაატაროს - განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში - მთავარი ფოკუსი კი კანონის უზენაესობაზეა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს არ არის რაღაც ბიუროკრატიული ხუშტური ბრიუსელიდან - კანონის უზენაესობის პრინციპი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ევროკავშირში გასაწევრებლად. მეორე საკითხი ჩვენს დღის წესრიგში იყო გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილება. სწორედ ახლა უნდა ვიდგეთ ერთად, ერთად გავიაზროთ და მოვემზადოთ იმ გამოწვევებისთვის, რომელიც ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს მოაქვს. უნდა ვთქვა, რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ძალიან ვაფასებ იმას, რომ თბილისის ქუჩები სავსეა უკრაინის დროშებით, რომ ქართველები არა მხოლოდ უკრაინელ ლტოლვილებზე ზრუნავენ, არამედ ყოველმხრივ უჭერენ მხარს უკრაინას. ცხადია, რომ დიდი ემპათიაა საქართველოსა და უკრაინას შორის - და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ქართველებზე უკეთესად ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს ეს [როდესაც რუსეთი შენს მიწაზე შემოიჭრება].

ალიანსი მოსკოვის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კრემლს შორის - ეს სხვა არაფერია, თუ არა რელიგიის, რწმენის ბოროტად გამოყენება პოლიტიკური მიზნებით.

რადიო თავისუფლება: პოლიტიკურ მოღვაწეობასთან ერთად, ბევრს წერთ ქრისტიანობის როლზე ევროპულ პოლიტიკაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდ როლს თამაშობს დღევანდელ კონფლიქტში ეკლესია და რწმენა?

ლუკას მანდლი: ღრმად მწამს, რომ ქრისტიანობა, ქრისტიანული რწმენა გაჯერებულია პრინციპებით, რომლებიც ხაზს უსვამს, რომ ადამიანის ღირსება, ინდივიდუალური თავისუფლება, თავისუფალი ნება ფუნდამენტური ღირებულებებია. რა თქმა უნდა, ქრისტიანობა ამ ღირებულებების ერთადერთი წყარო არ არის - ერთია მრავალთაგან. მეორე - განმანათლებლობის ერისა და ზოგადად თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად რჩება სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნა. რწმენა თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს და არა თავზემოხვეული [დოგმა] - ეს ადამიანური ღირსების საკითხია. დღევანდელ, თანამედროვე სამყაროში მარტივ ჭეშმარიტებად იქცა ის ფაქტი, რომ პოლიტიკური სამყარო და რელიგიური სივრცე გამიჯნული უნდა იყვნენ ერთმანეთისგან და მეეჭვება, რომ რუსეთში ეს ასეა - ფაქტია, რომ ვხედავთ ალიანსს მოსკოვის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კრემლს შორის. ეს სხვა არაფერია, თუ არა რელიგიის, რწმენის ბოროტად გამოყენება პოლიტიკური მიზნებით - და ეს აზიანებს ყველაფერს: ინდივიდს, საზოგადოებას, თავად ეკლესიასა და სახელმწიფოს. კრემლის დღევანდელი ხელმძღვანელობა ჰუმანიზმს და ჰუმანურ ღირებულებებს დაუპირისპირდა - სწორედ ამიტომაა, რომ ყველა ერთად ვდგავართ. რასაც დღეს ვიცავთ, არის არა უბრალოდ ერთი რომელიმე ქვეყანა ან მისი პოლიტიკური კურსი, არამედ ადამიანურობა, როგორც ასეთი. ვიცავთ უნივერსალურ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის ღირსება და თავისუფლება - სწორედ მათ აუმხედრდა დღეს კრემლი, ღირებულებებს, რომელიც ჩვენ დღევანდელი ცივილიზაციის მთავარ მიღწევებად მიგვაჩნია.