CIT: რუსი სამხედროების დაახლოებით 40% უარს ამბობს საომრად უკრაინაში დაბრუნებაზე

რუსეთის სამხედრო კოლონა ქალაქ ხერსონის შესასვლელთან.

კონტრაქტის საფუძველზე მოსამსახურე იმ რუსი ჯარისკაცების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ უკრაინაში, უარს ამბობს წინა ხაზზე დაბრუნებაზე. ამის შესახებ საგამომძიებლო ჯგუფ Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელმა, რუსლან ლევიევმა ისაუბრა რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში.

„უარმყოფლები სულ უფრო სისტემური მოვლენა ხდება. ისინი უკრაინიდან დაბრუნებულ პრაქტიკულად ყველა შენაერთში არსებობენ. ჩვენი შეფასებით, უკრაინიდან დაბრუნებული, კონტრაქტის საფუძველზე მოსამსახურე პირადი შემადგენლობის 20-დან 40%-მდე უარს ამბობს უკრაინაში გადასროლასა და ბრძოლაში ჩაბმაზე“, - განაცხადა Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელმა რუსლან ლევიევმა.

მანამდე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა დაღესტანში დისლოცირებული რუსეთის 36-ე ცალკეული გვარდიული მოტომსროლელი ბრიგადის კონტრაქტით დაქირავებული მომსახურის სააღრიცხვო-სამსახურებრივი ბარათი და ცნობა, რომ იგი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო დაითხოვეს სამსახურიდან. სამხედრო ბილეთში მას დაუსვეს შტამპი წარწერით: „მიდრეკილია გამყიდველობის, სიცრუისა და სიყალბისკენ. უარი თქვა დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე“. თავად ბარათის მფლობელმა განმარტა, რომ იგი სირიაში მივლინების შემდეგ მისთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო შვებულებას ითხოვდა.

ასევე ნახეთ

60-მდე ფსკოველმა მედესანტემ უარი განაცხადა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე

მანამდე 60-მდე ფსკოველმა მედესანტემ უარი განაცხადა უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაზე. გამოცემა „ფსკოვის გუბერნია“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეს სისხლის სამართლის საქმით ემუქრებიან.

მედესანტეები, რომლებზეც არის ლაპარაკი, უკრაინაში იბრძოდნენ ამ ქვეყანაში რუსეთის ჯარების შეჭრის დასაწყისიდანვე. ამის შემდეგ ისინი გადაიყვანეს მეზობელ ბელარუსში, რის შემდეგაც დისლოკაციის ადგილზე, ქალაქ ფსკოვში დააბრუნეს გადასაჯგუფებლად. ფსკოვში ჩასვლის შემდეგ ათობით სამხედრომ უარი განაცხადა უკრაინაში ხელახალ მივლინებაზე. რა მიზეზით ამბობენ ისინი უარს, ამის შესახებ დეტალები არ ვრცელდება.