Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

60-მდე ფსკოველმა მედესანტემ უარი განაცხადა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე


უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საცხოვრებელი რაიონი. 3 აპრილი.
უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საცხოვრებელი რაიონი. 3 აპრილი.

60-მდე ფსკოველმა მედესანტემ უარი განაცხადა უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაზე, იტყობინება გამოცემა „ფსკოვის გუბერნია“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეს სისხლის სამართლის საქმით ემუქრებიან.

მედესანტეები, რომლებზეც არის ლაპარაკი, უკრაინაში იბრძოდნენ ამ ქვეყანაში რუსეთის ჯარების შეჭრის დასაწყისიდანვე. ამის შემდეგ ისინი გადაიყვანეს მეზობელ ბელარუსში, რის შემდეგაც დისლოკაციის ადგილზე, ქალაქ ფსკოვში დააბრუნეს გადასაჯგუფებლად. ფსკოვში ჩასვლის შემდეგ ათობით სამხედრომ უარი განაცხადა უკრაინაში ხელახალ მივლინებაზე. რა მიზეზით ამბობენ ისინი უარს, ამის შესახებ დეტალები არ ვრცელდება.

მანამდე რუსეთის მედია იუწყებოდა რამდენიმე შემთხვევაზე, როცა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უარს ამბობდნენ უკრაინაში ბრძოლაზე. იტყობინებოდნენ, რომ სარდლობის ბრძანებებს არ დაემორჩილნენ, კერძოდ, ეროვნული გვარდიელები ყუბანიდან და „ომონის“ წევრები ხაკასეთიდან.

უკრაინაში რუსეთის შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით. თავისი მოქმედება მან დაასაბუთა იმით, რომ ნატოს თითქოს სურს უკრაინა გადააქციოს ანტირუსულ ფორპოსტად. უკრაინა და ნატო უარყოფენ ამას. პუტინმა უკრაინისგან მოითხოვა ჩრდილოატლანტიკურ კავშირში შესვლაზე უარის თქმა, ასევე ყირიმის აღიარება რუსეთის ტერიტორიად და დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობა. ამავე დროს მან კიევისგან მოითხოვა ქვეყნის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“.

უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ მომენტისთვის შეუძლებელია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება ათეულობით ათას სამხედროსა და სამოქალაქო პირს.

XS
SM
MD
LG