ირაკლი კობახიძე უკრაინაში გენოციდზე: საჭიროა სამართლებრივი შეფასება

ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე იმის შესაფასებლად, რუსეთი აწყობს თუ არა გენოციდს უკრაინაში, ჰააგის სასამართლოს შეფასებას ელოდება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს პარლამენტში ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას.

"ამაზე ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს. იყო [ემანუელ] მაკრონის კრიტიკული განცხადება [ჯო] ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ამაზე არ არის პოზიცია ჩამოყალიბებული საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორები ჰააგაში. დაველოდებით შესაბამის სამართლებრივ შეფასებას. როცა იქნება შესაბამისი შეფასება, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასებები", - თქვა კობახიძემ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 აპრილს პირველად გამოიყენა სიტყვა „გენოციდი“ იმ მოქმედებების აღსანიშნავად, რომლებსაც მიმართავს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე. მსოფლიოს სხვა ლიდერებიც, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ასევე იყენებენ „გენოციდს“ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების აღსაწერად.

ასევე ნახეთ კანადის პრემიერი იზიარებს ჯო ბაიდენის შეფასებას უკრაინაში გენოციდის შესახებ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და იმედგაცრუებაზე ისაუბრა, როცა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება შეაფასა. საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით სიტყვა "გენოციდი" გამოეყენებინა და უკრაინელ და რუს ხალხებს "ძმები" უწოდა.

ასევე ნახეთ უკრაინა იმედგაცრუებას გამოხატავს მაკრონის ნათქვამით, რომ უკრაინელები და რუსები "ძმები" არიან

24 თებერვლის შემდეგ, ბოლო 50 დღეა რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, საბავშვო ბაღებს და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ კორპუსებს. დაღუპულია რამდენიმე ათასი ადამიანი, მათ შორის 190-ზე მეტი ბავშვია.