რუსეთის დუმის სპიკერი: თუ მედვედჩუკს რამე დაემართა, პასუხს ზელენსკი აგებს

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი. 2021 წლის თებერვალი.

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ხელბორკილები დაადო მის ნომერ პირველ კონკურენტს", ვიქტორ მედვედჩუკს და "მოღალატედ მის წარმოჩენას ცდილობს".

ვოლოდინმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ზელენსკის ოპონენტის დაკავება აჩვენებს, თუ "როგორი პოლიტიკური თავისუფლებაა" უკრაინაში, თუმცა, "აშშ და ევროკავშირი ამაზე დუმან". რუსეთის დუმის სპიკერის თანახმად, მედვედჩუკი მინსკის შეთანხმების რეალიზაციის ინიციატორი იყო და ეს რომ გამოსვლოდა, "დღევანდელი ტრაგიკული მოვლენები არ მოხდებოდა".

ვოლოდინის განცხადებითვე, მედვედჩუკი მხარს უჭერდა დამოუკიდებელ უკრაინას, რომელიც არცერთ ბლოკში გაწევრიანებული არ იქნებოდა და სწორედ ეს განასხვავებს ზელენსკისგან, რომელიც „აშშ-ის დაკრულზე ცეკვავს“. როგორც დუმის სპიკერი წერს, „თუ ვიქტორ მედვედჩუკს რამე დაემართა, პასუხის გაცემა ზელენსკის მოუწევს“.

ასევე ნახეთ რაში (არ) გამოადგა მედვედჩუკი კრემლს უკრაინაში

უკრაინის უშიშროების სამსახურმა 12 აპრილს, ღამით, ფოტოებთან ერთად გაავრცელა ინფორმაცია ვიქტორ მედვედჩუკის დაკავების შესახებ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ივან ბაკანოვის განცხადებით, უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს „ელვისებური და მრავალდონიანი სპეცოპერაცია“. ბაკანოვს მედვედჩუკის დაკავების ადგილი არ დაუსახელებია.

ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამაა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა პრორუსული ორიენტაციის მედვედჩუკს ბრალს სდებს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში. 2021 წლის მაისიდან, ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ზომად შეფარდებული ჰქონდა შინაპატიმრობა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

ასევე ნახეთ ზელენსკი რუსეთს სთავაზობს პუტინის ნათლიმამის გაცვლას უკრაინელ ტყვეებში

12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა,რომ ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროდ შენიღბული ცდილობდა საზღვარგარეთ გაქცევას. ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა „მათი ბიჭის“ გაცვლა უკრაინელ ტყვეებში.

13 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვიქტორ მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე, არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინაში მიმდინარე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან", უცხოელი პოლიტიკური მოღვაწეა და საერთოდ, არც ის იციან, სურს თუ არა თავად მედვედჩუკს სიტუაციის მოგვარებაში რუსეთის მონაწილეობა.