Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი რუსეთს სთავაზობს პუტინის ნათლიმამის გაცვლას უკრაინელ ტყვეებში


ვიქტორ მედვედჩუკის ფოტო, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა 2022 წლის 12 აპრილს.
ვიქტორ მედვედჩუკის ფოტო, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა 2022 წლის 12 აპრილს.

უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროდ შენიღბული ცდილობდა საზღვარგარეთ გაქცევას. ამის შესახებ გვიან ღამით, ვიდეომიმართვისას განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან განსაკუთრებით ცინიკური უწოდა იმ ფაქტს, რომ მედვედჩუკმა გასაქცევად გამოიყენა „სამხედრო კამუფლაჟი“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რადგან მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრო ფორმა, საომარი მდგომარეობის წესების ქვეშ მოექცევა. ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა „მათი ბიჭის“ გაცვლა უკრაინელ ტყვეებში.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა 12 აპრილს, ღამით, ფოტოებთან ერთად გაავრცელა ინფორმაცია ვიქტორ მედვედჩუკის დაკავების შესახებ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ივან ბაკანოვის განცხადებით, უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს „ელვისებური და მრავალდონიანი სპეცოპერაცია“. ბაკანოვს მედვედჩუკის დაკავების ადგილი არ დაუსახელებია. გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, პესკოვმა განაცხადა, რომ "დიდი რაოდენობით ფეიკების" გამო, მედვედჩუკის ფოტო შესამოწმებელია.

უკრაინის გენერალური პროკურატურა პრორუსული ორიენტაციის მედვედჩუკს ბრალს სდებს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში. 2021 წლის მაისიდან, ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ზომად შეფარდებული ჰქონდა შინაპატიმრობა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

XS
SM
MD
LG