უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს დამატებით 800 მილიონი დოლარის შეიარაღებას. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ პენტაგონში 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეიარაღების ახალი პარტიის მიწოდება დაუყოვნებლივ დაიწყება.
ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს.
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან, აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 2.6 მილიარდი დოლარის დახმარება.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგამდე მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ აშშ აპირებდა უკრაინისთვის დამატებით 750 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევას. ამ საკითხზე 13 აპრილს ტელეფონით ისაუბრეს პრეზიდენტებმა, ბაიდენმა და ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ ბაიდენმა და ზელენსკიმ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამართეს სატელეფონო საუბარიუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის სახელმწიფოებს მუდმივად მოუწოდებს, რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად უკრაინისთვის რაც შეიძლება მეტი იარაღის მიწოდებისკენ.