რუსეთში დაბადებული 67 წლის ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პოლიტიკური საქმიანობა, წლებია, უკრაინაში რუსეთის ზეგავლენის გაძლიერებას ემსახურება. მისმა თანაგუნდელმა, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მერმა რუსი ოკუპანტები ქალაქში სრულიად უბრძოლველად შეუშვა.
2021 წლის მაისის შემდეგ, მედვედჩუკი არაერთხელ გახანგრძლივებულ შინაპატიმრობაში იყო, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. მისი გაქცევის შესახებ ცნობა 27 თებერვალს გავრცელდა, 3 დღეში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
რადის აწ უკვე ყოფილი დეპუტატი, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. Forbes-ის 2021 წლის მონაცემებით, ის 620 მილიონ დოლარს ფლობს და მე-12 ადგილს იკავებს ყველაზე მდიდარ 100 უკრაინელს შორის.
ნათლიმამის გაქცევა და დაკავება
„ეძებდნენ, ეძებდნენ და იპოვეს“, - ასეთი მოკლე კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა, 12 აპრილს, მედვედჩუკის დაკავების შემდეგ და დაამატა მხოლოდ ერთი დეტალი, რომ ის კიევში არ დაუკავებიათ.
ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი მანამდე ავრცელებდა ცნობას იმის შესახებ, რომ მედვედჩუკი იმალებოდა „არა რუსეთში“, არამედ „ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში“. თუმცა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ 12 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედვედჩუკმა ვერ მოასწრო უკრაინის დატოვება.
ასევე ნახეთ ზელენსკი რუსეთს სთავაზობს პუტინის ნათლიმამის გაცვლას უკრაინელ ტყვეებში ასევე ნახეთ გავლენიან უკრაინელ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს სახელმწიფოს ღალატის ბრალდება წაუყენესუშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა პოლიტიკოსი „ელვისებური და მრავალდონიანი სპეცოპერაციის“ შედეგად დააკავეს.
12 აპრილს, როცა ამ ხმაურიან დაკავებაზე ლაპარაკობდა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ „განსაკუთრებით ცინიკური“ უწოდა იმ ფაქტს, რომ გაქცეულმა მედვედჩუკმა შესანიღბად „სამხედრო კამუფლაჟი“ შეარჩია; მაგრამ რადგან შერჩეული სამოსით „მედვედჩუკი საომარი მდგომარეობის წესებს თავად დაექვემდებარა“, პრეზიდენტმა რუსებს შეუთვალა, რომ „მათი ბიჭი“ უკრაინელ ტყვეებში გაეცვალათ.
თუკი პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის 13 მარტის კომენტარით ვიმსჯელებთ, მოსკოვი მედვედჩუკის მიღებას არ გეგმავს.
„მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე და არა აქვს არავითარი კავშირი სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან [ომთან]. ის უცხოელი პოლიტიკოსია “, - თქვა პესკოვმა და დაამატა, რომ ჯერ მათთვის ისიც კი უცნობია, თავად მედვედჩუკი რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით.
თხოვნა გაიგზავნა პუტინთანაც
ჯერ უცნობია, გაცვლასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი პუტინი მას შემდეგ, რაც მას, დახმარების თხოვნით, მედვედჩუკის მეუღლემ - ოქსანა მარჩენკომ მიმართა. გავრცელებულ ვიდეოში ქალი ამბობს, რომ კიევმა პოლიტიკოსი მძევლად აიყვანა და ეს ტერორიზმის ტოლფასია. პუტინთან ამ ოჯახს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.
მედვედჩუკის უმცროსი ქალიშვილი, დარია, პუტინმა 2004 წელს მონათლა და ასეთი ინიციატივა მედვედჩუკის მეუღლისგან მოდიოდა. „ჩვენ ძალიან ვამაყობთ, მთელი ოჯახი, რომ ვლადიმირ ვლადიმირის ძემ უარი არ გვითხრა“, - უთქვამს მედვედჩუკს „როსია 1“-ის ერთ-ერთ გადაცემაში და ისიც მოუყოლია, რომ ყირიმში შეხვედრის დროს (2014 წლამდე) პუტინმა ნათლულს ყვავილების თაიგული და სათამაშო დათვი აჩუქა. მედიის ცნობით, დარიას ნათლიაა დმიტრი მედვედევის მეუღლეც.
ასევე ნახეთ უკრაინის უშიშროების სამსახური ვიქტორ მედვედჩუკის მოძრაობის ოფისებში ჩხრეკას ატარებსკრემლისტური მედია შეთქმულების თეორიებს ავითარებს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ოლიგარქი მთელი ამ დროის მანძილზე გატაცებული ჰყავდა უკრაინის ხელისუფლებას და ყველა შესაძლო გზით, „შესაძლოა წამების საშუალებითაც“ მისგან ინფორმაციის გამოძალვას ცდილობდნენ. ამის დასადასტურებლად ვერსიის ავტორები იშველიებენ არგუმენტს, რომ „ასეთი შეძლებული და გავლენიანი“ მედვედჩუკი 12 აპრილს გამოქვეყნებულ ფოტოებზე ძალიან „გადაღლილი და გამხდარია“.
ომის დაწყების შემდეგ, კრემლისტი ანალიტიკოსებისა და ბლოგერების განცხადებებში აშკარად იკითხება, რომ მედვედჩუკით მოსკოვი საკმაოდ უკმაყოფილოა. სოციალურ ქსელებში ხშირად წააწყდებით რუსების კომენატარებსაც, რომ „მედვედჩუკმა არ ივარგა“, „რუსეთის იმედები უმაქნისობით გააცრუა“ და ის ვერ შეძლებდა ზელენსკის ადგილის დაკავებას პუტინის მიერ დაპირებული დენაციფიკაციის შემდეგ.
რუსეთის მედიის ცნობით, მოსკოვი მედვედჩუკს „პოლიტიკური ქულების დაწერაში“ ეხმარებოდა, მაგრამ „დიქტატორი ზელენსკი“ მას გასაქანს არ აძლევდა და უარი უთხრა კოვიდის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის „სპუტნიკის“ შეტანაზე უკრაინაში.
მედია სწორედ მედვედჩუკს მიაწერს კრემლისთვის იმ ილუზიის შექმნას, რომ თითქოსდა უკრაინელები რუსებს გაშლილი ხელით შეხვდებოდნენ, ხოლო უკრაინის არმია მათ ერთ წამში ჩაბარდებოდა.
ბრალდება - სახელმწიფოს ღალატი
2021 წლის მაისის შემდეგ, ოლიგარქ მედვედჩუკს სახელმწიფოს ღალატსა და ისეთ საქმიანობაში ედება ბრალი, რაც „უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების“ ძირის გამოთხრასა და რუსეთისათვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
სწორედ მედვედჩუკს უკავშირდება ასევე სახელმწიფოს ღალატში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დადანაშაულებაც.
ასევე ნახეთ უკრაინაში სკანდალი მოჰყვა მედვედჩუკ-სურკოვის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას ასევე ნახეთ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილიდონბასის ოკუპირებულ რეგიონებთან ქვანახშირით ვაჭრობის გარიგების გარდა, მედიის ცნობით, მედვედჩუკის საქმეში აღწერილია მრავალი საეჭვო კავშირი რუსეთის ფედერაციასთან - რუსეთში დასაქმებული უკრაინელების კრემლის სასარგებლოდ გადაბირების ჩათვლით.
2021 წლის თებერვალში, მედვედჩუკი „კრემლთან დაკავშირებულ“ იმ პირთა სიაში მოხვდა, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლებამ ეკონომიკური სანქციები დაუწესა. მედვედჩუკი 2014 წლიდან არის საერთაშორისო სანქციების სამიზნე; ხოლო მის თანაპარტიელებს აშშ-მა სანქციები დაუწესა 2022 წლის დასაწყისში, რუსეთის დაზვერვის გეგმით სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების გამო.
2022 წლის 20 მარტს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის 25-ე დღეს, უკრაინის ხელისუფლებამ აკრძალა მედვედჩუკის პარტიისა და კიდევ 10 პრორუსული პარტიის საქმიანობა.
რუსეთთან თანამშრომლობა ომის დროს
მედვედჩუკის თანაპარტიელები ყოველმხრივ ცდილობდნენ, რომ ხელი შეეწყოთ რუსი დამპყრობლებისთვის, უკრაინაში მათი შეჭრის შემდეგაც.
27 თებერვალს გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია ინტერნეტსივრცეში, მედვედჩუკის გუნდის წევრი, ქალაქ კუპიანსკის მერი, გენადი მაცეგორა ადგილობრივებს უხსნის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ისინი მიატოვა და ამიერიდან მათზე რუსეთის არმია იზრუნებს.
„ჩვენ მოველაპარაკეთ რუს სამხედროებს, რომლებიც მიზნად ისახავენ შემოვიდნენ ჩვენს ქალაქში, დაამყარონ წესრიგი, დაამშვიდონ მცხოვრებლები... იმუშავებს სკოლები, ბაღები, საავადმყოფოები, მაღაზიები. ქალაქში იქნება წესრიგი... არ გვეშინია პროვოკაციების, რომლებზეც, რუსი სამხედროების თქმით, ექნებათ შესაბამისი რეაგირება... თამამად გამოძვერით სარდაფებიდან, თავშესაფრებიდან - ყველა სერიოზული დაბომბვის შესახებ, ჩვენ მოგვაწვდიან ინფორმაციას, რათა გაუფრთხილდნენ ადამიანების სიცოცხლეს“, - ამბობს ამ ვიდეოში მაცეგორა.
„მოღალატე ხარ“, „მტერს შეეკარი“, „კუპიანსკი უკრაინაა, მოღალატევ“, - ასეთი კომენტარებით გამოეხმაურნენ ადგილობრივები მერის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას რუს სამხედროებთან თანამშრომლობის შესახებ. ქალაქში შესული ოკუპანტების წინააღმდეგ კი, მოსახლეობამ არაერთი მიტინგი გამართა და უკრაინის დროშაც აღმართა.
28 თებერვალს ხარკოვის საოლქო პროკურატურამ, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით საქმე აღძრა ქალაქ კუპიანსკის მერის, გენადი მაცეგორას წინააღმდეგ.
უკრაინული მედია პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ „მერმა წინასწარი განზრახვით ჩაიდინა ქმედება, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ხელშეუხებლობის, თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ“.
ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული პოსტებით თუ ვიმსჯელებთ, მაცეგორა მუშაობას მარტშიც აგრძელებდა. თუმცა 25 მარტის შემდეგ მერიის ოფიციალურ ფეისბუკზე ის აღარ გამოჩენილა.
მედვედჩუკის პოლიტიკა
- 2019 წელს ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის რადის დეპუტატი მეოთხედ გახდა. ამჯერად ის მესამე ნომერი იყო ოპოზიციური პლატფორმა „За життя“-ს პარტიულ სიაში. ამ პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებში 13% (თითქმის 2 მილიონი ხმა) აიღო და მაჟორიტარებთან ერთად, სულ 44 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა.
- 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, ამ პარტიის კანდიდატმა იური ბოიკომ თითქმის 12%-იანი მაჩვენებლით მე-4 ადგილი დაიკავა.
მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის დონბასში ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რადაში მიღებულ საპროტესტო განცხადებას მედვედჩუკის პარტიის დეპუტატებიდან მხარი მხოლოდ 3-მა დაუჭირა. უმეტესობა არ გამოცხადდა. მედვედჩუკი ამ დროს შინაპატიმრობაში იყო.
27 მარტს, დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში ოლიგარქი პრეზიდენტმა ზელენსკიმაც ახსენა და თქვა, რომ პოლიტიკიდან მისი ჩამოშორებით დაკავებული იყო პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც მუდმივად ეწეოდა ადგილობრივი ხელისუფლების დასუსტებისკენ მიმართულ კამპანიას.
- 2019 წლის არჩევნებამდე ბოიკო და მედვედჩუკი ერთად ჩავიდნენ მოსკოვში, სადაც ისინი რუსეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, დმიტრი მედვედევსა და რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელს შეხვდნენ. როგორც უკრაინული წყაროები იუწყებიან, საუბარი შეეხებოდა რუსული გაზის უკრაინის გავლით გატარებასთან დაკავშირებული შეთანხმების გახანგრძლივებას.
- ამ წყვილის ვიზიტი მოსკოვში შედგა 2019 წლის ივლისშიც, როცა მმართველ პარტია „ედინაია როსიას“ («Единая Россия») ლიდერებთან საუბარი შეეხო უკვე ორი ქვეყნის პარტიული წრეების დაახლოებას.
ამ ვიზიტებს უკრაინაში დიდი ხმაური მოჰყვა, ხოლო უკრაინის უშიშროების სამსახურმა საქმის აღძვრის დაპირება დადო. როგორც იუწყებიან, მედვედჩუკი, ბოიკოსთან ერთად, გაზის თემასთან დაკავშირებით რუსეთში არაერთხელ ჩავიდა.
მედიის ცნობით, პუტინი მედვედჩუკს „ნაციონალისტს“ უწოდებდა და განმარტავდა, რომ მისი მამა „უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრი იყო“, რის გამოც რუსეთში გადაასახლეს და იქ დაიბადა თავად ვიქტორ მედვედჩუკიც. პუტინის ასეთი განმარტებები თურმე მაინცდამაინც არ სიამოვნებდა მედვედჩუკს და ყოველთვის უარყოფდა ნაციონალისტობას.
ბიოგრაფიული ცნობებიდან
ვიქტორ მედვედჩუკმა იურისტის უმაღლესი განათლება კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო; წლების განმავლობაში მუშაობდა ადვოკატად; ხოლო 1990-იან წლებში ადვოკატთა კავშირის თავმჯდომარეც გახდა.
- 1997-2002 - დეპუტატი, უკრაინის მე-2, მე-3 და მე-4 მოწვევის რადის წევრი;
- 1998-2001 - უკრაინის რადის თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მოადგილე;
- 2002-2005 - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (პრეზიდენტ კუჩმას დროს).
სხვადასხვა წყაროს ცნობით, მედვედჩუკი არასოდეს ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი და მისი პოლიტიკური კარიერა 1994 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიით დაიწყო, ხოლო 1998 წელს ამ პარტიის სახეცვლილი ახალწარმონაქმნის - უკრაინის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გახდა.
ეს პოსტი მან 2006 წელს დატოვა საპარლამენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ და 2012 წელს დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „უკრაინის არჩევანი“.
2018 წელს ის შევიდა პარტიაში „За життя“ და ამავე წელს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ხოლო 2019 წელს ის გახდა ოპოზიციური პლატფორმა „За життя“-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელი.