მეგონა, ზიზღი მექნებოდა, მაგრამ არ მაქვს - რა უთხრა კვარაცხელიას დედამ შვილის მკვლელობაში ბრალდებულებს

ნიკო კვარაცხელიას დედა იზო ომაძე

მიუხედავად იმისა, რომ ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახის წევრები და დედა, მოსამართლის განაჩენს 12 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე ელოდნენ, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ორი სრული დღე ითხოვა 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულებისთვის, ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძისთვის განაჩენის გამოსატანად. გადაწყვეტილებას ის 15 აპრილს, მკვლელობიდან ზუსტად 7 თვის თავზე გამოაცხადებს.

ნიკოს დედამ, იზო ომაძემ 12 აპრილს პირველად ნახა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები. ისინი ერთმანეთს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეხვდნენ. ამ შეხვედრისთვის ქალი შვიდი თვე ემზადებოდა. იზო ომაძე შვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომას დღეს პირველად დაესწრო.

იზო ომაძე

იჯდა პირველ რიგში, ბრალდებულების მოპირდაპირედ და ზუსტად საათნახევრის განმავლობაში, მდუმარედ ისმენდა ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი კავილაძის ადვოკატების დასკვნით სიტყვას, თუ რატომ არ უნდა შეეფარდებინა მოსამართლეს მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის განზრახ ჯგუფური მკვლელობის მუხლით გათვალისწინებული სასჯელი და რატომ უნდა გაესამართლებინა ის გაცილებით მსუბუქი, დანაშაულის დაფარვის მუხლით.

ნიკო კვარაცხელიას დედამ მოისმინა გიორგი კავილაძის დასკვნითი სიტყვაც, რომელიც ასე დამთავრდა: „ვარ სამართლიანი განაჩენის მოლოდინში“.

სამართლიანი განაჩენი კი ბრალდებულის აზრით, ერთადერთია - რომ მას არ ჩაუდენია ჯგუფური მკვლელობა. რომ როდესაც 15 სექტემბერს, მისი მეგობარი, საქმის მეორე ბრალდებული, ალეკო ჭელიძე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნაქირავები მანქანით მიიყვანა ნიკოს სანახავად, არ იცოდა, რას აპირებდა ის. რომ ისიც კი არ იცოდა, რომ ალეკო ჭელიძეს იარაღი ჰქონდა და რომ მისი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ მკვლელობის შემდეგ, თითქმის 20 დღის განმავლობაში, ალეკო ჭელიძესთან ერთად იმალებოდა და მძიმე დანაშაულს მალავდა:

გიორგი კავილაძე

„მე მქონდა ორი გზა, წავსულიყავი პოლიციაში და ალეკოს წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რასაც ვერ გავაკეთებდი... და მეორე ვარიანტი მქონდა, რომ ალეკოსთან ერთად მივმალულიყავი...მე სულ სხვა გეგმები მქონდა, პირადი გეგმებიც, საქმიანიც, მაგრამ წავედი ჩემი გეგმებისა და ინტერესების წინააღმდეგ. ხანდახან ცხოვრებაში დგება ისეთი სიტუაცია, როცა გიწევს შენი ინტერესებისა და გეგმების წინააღმდეგ წასვლა და ზუსტად ამ სიტუაციაში აღმოვჩნდი...მე იმ სამი კვირის განმავლობაში, როცა ვიმალებოდით, სრულად მქონდა გააზრებული, რომ საკმაოდ მძიმე დანაშაულს ვფარავდი. მე კარგად ვერ ვერკვევი ამაში და ეს თქვენი კომპეტენციაა, მაგრამ ვხვდები, რომ ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაული დაახლოებით ტრიალებს დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობას შორის“, - მიმართა გიორგი კავილაძემ მოსამართლეს.

12 აპრილს გამართულ სხდომაზე ბრალდებულმა კავილაძემ ისიც თქვა, რატომ არ მოუხადა ბოდიში მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახს:

„პროკურორმა თავის დასკვნით სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ დაზარალებულისთვის გაცრეცილი ბოდიშიც კი არ მომიხდია. ჯერ ერთი, პროკურორის კომპეტენცია არ არის, მას არ ეხება, ვინ ვის მოუხდის ბოდიშს. თუმცა, ვიტყვი ასეთ რამეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე თავს დამნაშავედ არ ვთვლი და იოტისოდენა წვლილიც კი არ მაქვს შეტანილი მათ უბედურებაში, მე მაინც მზად ვიყავი, რომ მათთვის ბოდიში მომეხადა. თუმცა, როდესაც დავინახე მათი დამოკიდებულება ჩემდამი, თავი შევიკავე, რადგან ჩავთვალე, რომ უფრო მეტად გავამწვავებდი სიტუაციას და გამოვიწვევდი გაღიზიანებას“.

12 აპრილს გამართულ სხდომაზე საბოლოო სიტყვით არ უსარგებლია ალეკო ჭელიძეს, ბრალდებულს, რომელმაც 2021 წლის 15 სექტემბერს, ნიკო კვარაცხელიას, ანჯაფარიძის ქუჩაზე 10 ტყვია ესროლა.

ალეკო ჭელიძე

მთელი შვიდი თვის განმავლობაში ის დუმილის უფლებას იყენებდა. ერთადერთი ჩვენება ალეკო ჭელიძემ 16 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მოწმის სტატუსით მისცა და თქვა, რომ ის ბრალს აღიარებს, რომ სწორედ მან ესროლა ნიკოს 10 ტყვია, თუმცა, არც დამკვეთი ჰყოლია, არც თანამზრახველი და შესაბამისად, არავინ იყო ინფორმირებული, თუ რას აპირებდა.

ასევე ნახეთ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულის პირველი ჩვენება ერთ წუთსა და 18 წამში

12 აპრილს გამართული სასამართლოს სხდომის მიწურულს, სათათბირო ოთახში გასვლამდე, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, სიტყვის თქმის უფლება მისცა ნიკო კვარაცხელიას დედას. ექვს წუთში ჩაატია ქალმა თავისი სათქმელი.

„პატივცემულო მოსამართლევ, თქვენ ალბათ გყავთ შვილები, მიხვალთ სახლში და მათ თვალებში უნდა ჩახედოთ. უმორჩილესად გთხოვთ, ჯერი თქვენზეა, ძალიან გთხოვთ, გამოიტანოთ სამართლიანი განაჩენი“, - ასე მიმართა იზო ომაძემ დავით მგელიაშვილს.

დავით მგელიაშვილი

სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ნიკო კვარაცხელიას დედამ მიმართა ბრალდებულებსაც, უფრო ზუსტად კი გიორგი კავილაძეს:

იზო ომაძე

„შემომხედე, გიორგი და მითხარი, როცა მიხვედი გაგარინის მოედანზე დაქირავებულ ბინაში, ვისთან მიხვედი, როგორ მიგატოვეს. ძალიან მეცოდები, შვილსაც დაგიძახებ, ძალიან მეცოდები, მიგატოვეს, შენც და ჭელიძეც. ძალიან მეცოდებით. მე მეგონა, რომ ზიზღი მექნებოდა, მაგრამ არ მაქვს, რადგან მეცოდებით. ჩვენ ეს ორი ახალგაზრდა და კიდევ მათი თანამზრახველი ახალგაზრდები, რომლებიც იმ საქმეში, რომელიც ცალკე გამოყოფილია, უნდა ვიხსნათ. უნდა ვიხსნათ მონობისგან. ისინი არიან დამკვეთის მონები“.

იზო ომაძის თქმით, ოჯახმა იცის, რომ მისი შვილის მკვლელობა შეკვეთილია და მისი სიტყვებით, ეს ფაქტი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში აღიარა გიორგი კავილაძემაც:

„მან ეს აღიარა მკვლელობის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ნიკო ჯერ ისევ სახლში გვყავდა, ეს არის უტყუარი ინფორმაცია, ეს ინფორმაცია მოგვაწოდა კავილაძის ოჯახის ახლობელმა. გაგვაგებინეს კავილაძის აღიარება, რომ დამკვეთები ელოდებოდნენ გაგარინის მოედანზე ნაქირავებ სახლში, რომ წასულიყვნენ სხვა ქვეყანაში. ალბათ რომელიმე პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში. გამოყოფილი საქმის განხილვა რომ დაიწყება და იქიდან გარკვეულ პირებს რომ დააკავებენ, აუცილებლად გაცხადდება სახელები და გვარები. ისინიც ახალგაზრდები არიან“.

რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მოტივს, ერთადერთი მოტივი, რომელიც სასამართლოს სხდომათა დარბაზში არა უშუალოდ იარაღის მსროლელმა, ალეკო ჭელიძემ, არამედ გიორგი კავილაძემ დაასახელა, "გოგოს" უკავშირდება:

„გოგოსთან დაკავშირებით შევუთვალეო, რომ თავი შეიკავე ამ გოგოსთან კომუნიკაციისგანო, რომელიც არ გაითვალისწინაო“, - გიორგი კავილაძე 28 თებერვალს გამართულ სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ ალეკო ჭელიძემ ნიკო კვარაცხელიას სწორედ გოგოს გამო ესროლა.

ამ მოტივს სრულ აბსურდს უწოდებს ნიკოს დედა და სხდომათა დარბაზში, მის გვერდით მჯდომ გოგოზე მიუთითებს მოსამართლეს და ბრალდებულებს:

„გოგო ზის აქ, რომელიც ნიკოსთვის იყო ერთადერთი, განუმეორებელი და ანგელოზი, რომელიც იყო ნიკოს საცოლე, ამ ბავშვს წაართვეს მომავალი, ჩვენს ოჯახსაც წაართვეს მომავალი და ქვეყანასაც წაართვეს მომავალი“.

ასევე ნახეთ „ეს ეხებოდა გოგოს“ - კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულის პირველი ჩვენების დეტალები

იზო ომაძე არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის მკვლელობა შესაძლოა სწორედ ნიკოს საქმიანობას უკავშირდებოდეს:

„ნიკო იყო წარმატებული ახალგაზრდა, თავის საცოლესთად მუშაობდა ინოვაციურ პროექტებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის წარმატების მომტანი იქნებოდა. შვიდი თვე გადის და არ ვიცი პროკურატურა მოტივზე რას გეუბნებათ. მე ის ვერსია მაქვს, რომ ვიღაცას არ სურდა ნიკოსნაირი წარმატებული ახალგაზრდის არსებობა. მე ეჭვს გამოვთქვამ, რომ მკვლელობის მოტივი უკავშირდება მის საქმიანობას“.

ნიკო კვარაცხელიას დედა ასევე გამორიცხავს მედიაში აქტიურად გავრცელებულ ვერსიასაც, რომ ნიკო, სავარაუდოდ, მამაზე, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირზე, ე.წ. „კანონიერი ქურდ“, გია კვარაცხელიაზე შურისძიების მიზნით მოკლეს. ამ ვერსიის თანახმად, შურისძიება უკავშირდებოდა 20 წლის წინანდელ ინციდენტს - მოსკოვში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მკვლელობას. გავრცელებული ვერსიით, ნიკოს მკვლელობა დავით კაკულიას შვილებმა, გურამ და დავით კაკულიებმა სომხეთიდან დაუკვეთეს:

იზო ომაძე

„ჩვენს ოჯახს არანაირი მტრები არ ჰყოლია. ვისაც გაინტერესებთ, შემიძლია დაგპატიჟოთ და გაგაცნოთ ჩემი მეუღლეც, შვილებიც და ისიც, თუ რას ვემსახურებით 24 საათი... კაკულიებზე შემიძლია გითხრათ, რომ არ ვიცნობ მათ. თქვენსავით ვიცი, რომ ისინი ამ საქმეში ფიგურირებენ. ამ ახალგაზრდა ბიჭებს, 22-23 წლის ბიჭებს, არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ, რომ ნიკოზე შური ეძიათ. გამოყოფილ საქმეში მათი გვარები ნამდვილად არის. ისინი ჩვენთან კონტაქტზე არ გამოსულან. როგორც ვიცი, ისინი კონტაქტზე არავისთან არ გასულან და სად არიან, არ ვიცი“.

რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ცხრატომიანი საქმიდან ცალკე გამოყოფილ საქმეს, რომელმაც უნდა დაადგინოს, ჰყავდა თუ არა 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობას დამკვეთი და მოქმედებდნენ თუ არა ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თანამზრახველებთან ერთად, პროკურორი გია შაიშმელაშვილი ამბობს, რომ გამოყოფილ საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები პოლიციის სამმართველოში, „რომელიც საბოლოოდ ნათელს მოჰფენს მომხდარ ფაქტს“.

გია შაიშმელაშვილი

პროკურორი არც ამჯერად საუბრობს ცალკე გამოყოფილ საქმეში არსებულ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ რამდენიმე დღის წინ გამოკითხა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბესიკ (ბუსა) ჟვანია.

საქმის მასალების თანახმად, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ გიორგი კავილაძემ ტაქსის მძღოლის ტელეფონით სწორედ ბუსა ჟვანიას დაურეკა. კავილაძემ ეს ფაქტი 28 თებერვალს გამართულ სხდომაზე დაადასტურა, თუმცა, თქვა, რომ ბუსა ჟვანიას მომხდარ ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს:

„ბუსა ჩემი ბავშვობის მეგობარია. ტელეფონზე რომ დავურეკე, სახელით არ მიმიმართავს. მასთან დიალოგი ასე დავიწყე, „ხო, რას შვრები“. მიცნო მაშინვე ხმაზე, ვკითხე, შეგიძლია კუს ტბის ასახვევთან შემხვდე-მეთქი და მიპასუხა, კი, მოვალ. ტელეფონი რომ გავთიშე, მერე გავაანალიზე, რომ მისი ნახვა არასწორი იყო, ჩემივე უსაფრთხოებისთვის და მისივე უსაფრთხოებისთვის, რადგან ასეთი ამბავი იყო მომხდარი და მასაც შარში გავხვევდი და ასევე, ჩემი მეგობარი იყო და ჩემს მოსაძებნად მასაც გამოიყენებდნენ. ამიტომ მაშინვე გადავურეკე და ვუთხარი, არა, არ შემხვდე, მე თვითონ დაგირეკავ-მეთქი“.

გარდა ამისა, როგორც გიორგი კავილაძე ამბობს, 2021 წლის ივლისში ის სომხეთში იმყოფებოდა გურამ და დავით კაკულიებთან ბუსა ჟვანიასთან ერთად.

ნიკო კვარაცხელია

ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მისი მკვლელობა დეტალურად აღწერა ქუჩის სათვალთვალო კამერამ.

მკვლელობაში ბრალდებულები, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სამართალდამცავებმა 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულები, კვალის არევის მიზნით, იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის არევის მიზნით 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს.

ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) ჩადენილ დანაშაულს ედავება.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, 1996 წელს დაბადებული ირაკლი ბიბილეიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 თებერვალს დააკავა. ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებითაა დაკავებული.

გამოძიების ვერსიით, ირაკლი ბიბილეიშვილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კავილაძესთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გიორგი კავილაძესა და ალეკო ჭელიძეს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა.