კითხვარის შევსება აუცილებელი პროცედურული ეტაპია ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება.
კანდიდატობის მსურველი ქვეყნის პასუხებზე დაყრდნობით, ევროკომისია მოამზადებს თვალსაზრისს/რეკომენდაციას გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოსთვის - ევროკავშირის საბჭოსთვის გადასაცემად.
მოცულობა - რამდენ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი საქართველომ, მოლდოვამ, უკრაინამ?
ევროკომისიის კითხვარებში, რომლებიც წინა წლებში გადაეცათ სხვა ქვეყნებს, როგორც წესი, რამდენიმე ათასი შეკითხვა შედიოდა, თუმცა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის გადაცემული იმავე ტიპის დოკუმენტებში გაცილებით ნაკლები შეკითხვაა.
მოლდოვა ოფიციალურად იუწყება, რომ მის კითხვარში 369 შეკითხვაა. ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ საქართველოს საგარეო უწყებისგან, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის ინგლისურენოვანი პორტალის - Agenda.ge-ს ცნობით, საქართველოს კითხვარიც 369 პუნქტისგან შედგება.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანას ევროკომისიამ 40 გვერდზე გაწერილი 368 შეკითხვა გადასცა.
ექსპერტების ვარაუდით, შეკითხვების რაოდენობა შესაძლოა შემცირებული იყოს - ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების სეგმენტის ხარჯზე, რადგან, მათი თქმით, ამ კუთხით ბრიუსელი ისედაც საქმის კურსშია.
ასევე ნახეთ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე კითხვარი ჩაიბარა
შინაარსი - პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი. რას შეეხება შეკითხვები?
კითხვარი არ არის საჯარო დოკუმენტი და, შესაბამისად, როგორც რადიო თავისუფლებას ექსპერტები ეუბნებიან, კითხვების შინაარსის გასაჯაროება მხოლოდ მიმღები მხარის სურვილსა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ევროკავშირი წევრობის კანდიდატებისგან კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან (გაწევრიანების კრიტერიუმებთან) შესაბამისობას ითხოვს და კითხვარში ასახული შეკითხვებიც 1993 წელს შემუშავებულ ნორმებს ეყრდნობა. კოპენჰაგენში დადგინდა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ სამ აუცილებელ კრიტერიუმს:
- პოლიტიკური კრიტერიუმი: დემოკრატიული ინსტიტუტები და მათი სტაბილურობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, უმცირესობათა პატივისცემის გარანტიები;
- ეკონომიკური კრიტერიუმი: საბაზრო ეკონომიკა და ევროკავშირის ერთიან პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების უნარი;
- ევროკავშირის კანონმდებლობის, სამართლის შესაბამისობა ქვეყნის შიდა სამართალთან (ინკორპორირება).
შესაბამისად, ევროკომისიის შეკითხვები უკავშირდება თითქმის ყველა სფეროს - პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, იქნება ეს - ფინანსები, მართლმსაჯულება, მედიცინა, განათლება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა თუ სხვა.
ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ეს არის პრაქტიკულად იმავე სამუშაოს შეფასება, რაც საქართველოს ამ დრომდე აქვს გაწეული ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმების ფარგლებში.
„შეკითხვები რთული და საშიში არ არის... ამ შეკითხვებზე ჩვენ ძალიან სწრაფად გავცემთ პასუხს. უკრაინის შესახებ ძირითადი ინფორმაცია ევროკავშირს უკვე აქვს, რადგან ჩვენ წარმატებით ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებას და ამის შესახებ ევროკავშირის დადებითი შეფასებაც არსებობს...“, - უთხრა უკრაინულ ტელეარხს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვამ.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: მივიღეთ ევროკავშირისგან კითხვარი, რომელსაც არ ველოდით წლები„ეს არ არის მხოლოდ კითხვარი და "კი" და "არას" გაცემა - ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი შემდეგი თაობის წინაშე. ჩვენ ან შევძლებთ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ან ვერ შევძლებთ. მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული და არავინ სხვაზე.
ამისთვის მობილიზებული უნდა იყოს ყველა ძალა - ეს არის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება ერთი ჯგუფის მიერ. თუ რამეს ჰქვია ეროვნული, ეს არის ინტერესის ინტერესი“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 11 აპრილს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
ვარაუდი - რა კითხვებზე მოუწევს პასუხი საქართველოს?
კახა გოგოლაშვილი, „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, იმედოვნებს, რომ საქართველო შეძლებს გამოიყენოს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახსნილი პერსპექტივა და ისარგებლოს ბიუროკრატიული პროცედურების დაჩქარებით, მაგრამ ექსპერტი არ მოელის, რომ საქართველოს შემთხვევაში „ისევე დახუჭავენ თვალს რიგ ნაკლოვანებებზე, როგორც ამას უკრაინის მიმართ გააკეთებენ“.
ასევე ნახეთ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის შეფასება: საქართველოში ვითარება გაუარესდაგოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს, წინ წასაწევად, ყველა იმ სადავო საკითხის გამოსწორება მოუწევს, რასთან დაკავშირებითაც ბოლო პერიოდში ხშირად იღებდა შენიშვნებს ევროკავშირისგან.
„შესაძლებელია, რეკომენდაციაში (opinion) ჩაწეროს ევროკომისიამ - მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საქართველომ ეს, ეს და ეს საკითხები დაამუშაოს, გვაჩვენოს პროგრესი და ამას დავუბრუნდეთ მომავალში... ან დაწეროს, რომ ამ და ამ საკითხებში საქართველოს აქვს მინუსი და შემდეგ უკვე ევროპულმა საბჭომ ჩაწეროს დასკვნაში, რომ დაუბრუნდება საქართველოს საკითხს, მინუსების აღმოფხვრის შემდეგ“, - გვეუბნება გოგოლაშვილი.
ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ შემდეგ ეს პრობლემები აღმოიფხვრება.
ასევე ნახეთ ევროკავშირი მოსამართლეთა დანიშვნაზე: ეს ქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობისთვის ძირის გამოთხრის საფრთხესბოლო თვეებში, ევროკავშირის მხრიდან გამოხატული უკმაყოფილება ძირითადად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს უკავშირდებოდა. იყო რამდენიმე მოწოდება, რასაც მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების განმარტებები, რომ რეკომენდაციები მას უკვე შესრულებული აქვს. ევროკავშირის უკმაყოფილება უკავშირდებოდა, მაგალითად, ასევე:
- გენერალური პროკურორის არჩევის წესს;
- ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს;
- 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორთა დაუსჯელობას და სხვა.
საერთაშორისო წყაროების თანახმად, ევროკომისიას რეკომენდაციის მოსამზადებლად, შევსებული კითხვარის გარდა, დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება სპეციალური მექანიზმის საშუალებით, რაც ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ დასკვნების მომზადებას კონკრეტულ სფეროებზე და განსაკუთრებით - პოლიტიკურ კრიტერიუმებთან დაკავშირებით.
ევროკომისიის რეკომენდაცია წარედგინება ჯერ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ევროპულ საბჭოს, ხოლო დასტურის შემდეგ - საბოლოო გადაწყვეტილებას კონსენსუსით იღებს ევროკავშირის საბჭო (წევრი ქვეყნების მინისტრების შემადგენლობით).
ვადები - როდისთვის უნდა შეივსოს კითხვარი?
ევროკომისია შეკითხვებით მიმართავს ქვეყნის ხელისუფლებას და, შესაბამისად, კითხვარზე პასუხები უნდა გასცენ კომპეტენტურმა სახელმწიფო უწყებებმა.
უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, მთავრობამ კითხვარი ერთ კვირაში უნდა შეავსოს. რადგან ურზულა ფონ დერ ლაიენმა „კვირები“ ახსენა, მოელიან, რომ უკრაინის საკითხს ევროკავშირის საბჭო 24-25 ივნისს დანიშნულ სამიტზე გადაწყვეტს.
ოფიციალური პორტალის - Agenda.ge-ს ცნობით, საქართველოს 1,5 თვე აქვს კითხვარის შესავსებად.
„ამ პროცესს სჭირდება ყველა უწყების მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა. მე პირადად გავაკონტროლებ ამ პროცესს, პირადად ვიქნები ჩართული ამ პროცესში. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მივაწოდოთ ბრიუსელს შევსებული კითხვარი. მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა სიკეთე და ყველა პროგრესი, რომელიც მიღწეული იქნა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაში, არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა 11 აპრილს, მთავრობის სხდომაზე.
კახა გოგოლაშვილის თქმით, თავად მთავრობის გადასაწყვეტია, თუ ვის ჩართავს კითხვარის შევსების პროცესში. საგარეო საქმეთა სამინისტროსგან რადიო თავისუფლებამ დღეს პასუხი ვერც სამუშაო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით მიიღო. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი საბჭო და კოორდინატორის ფუნქცია საგარეო უწყებას მიენიჭება.
წლების საქმე რამდენიმე კვირაში?
„ასოცირებულმა ტრიომ“ - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მქონე სამმა ქვეყანამ (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიტანა.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს კიევში ხელი 2022 წლის 28 თებერვალს მოეწერა; ხოლო თბილისსა და მოლდოვაში - 3 მარტს.
უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ განაცხადი ისე შეავსეს და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული კითხვარი ისე მიიღეს, რომ მანამდე არცერთ დოკუმენტში არ ეწერა ე.წ. ევროპული პერსპექტივის დაპირება - რომ ისინი მომავალში გახდებოდნენ ევროკავშირის წევრები.
„აქედან იწყება თქვენი გზა ევროკავშირისკენ“, - უთხრა კიევში საგანგებოდ ჩასულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს 9 აპრილს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ურზულა ფონ დერ ლაიენმა თქვა ასევე, რომ უკრაინაზე თვალსაზრისის მომზადება გასტანს არა წლები, არამედ კვირები.
დაჩქარებული პროცედურებით სარგებლობის თეორიული შესაძლებლობა აქვთ საქართველოსა და მოლდოვასაც.
ევროკაშირში გაწევრიანების გზა, ზოგადად, რთული და გრძელი ბიუროკრატიული ლაბირინთია - სხვა ქვეყნები ყოველ შემდგომ ნაბიჯს თვეები და წლები ელოდებიან.
ასევე ნახეთ კარლ ჰარცელი: ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვისმაგალითად, ბოსნია-ჰერცეგოვინა დღემდე ელოდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ბალკანეთის ამ ქვეყანამ 2016 წელს შეიტანა; კითხვარი 2016 წლის 9 დეკემბერს მიიღო; პასუხები 2018 წლის თებერვალში დაუბრუნა ევროკომისიას; 2018 წლის ივნისში კი ბრიუსელიდან კიდევ თითქმის 650-ზე მეტი დამატებითი შეკითხვა მიიღო, რომლებზეც პასუხი უკვე 2019 წლის მარტში გასცა.
კითხვარის პასუხებზე დაყრდნობით, ბოსნია-ჰერცეგოვინის განაცხადზე ევროკომისიამ რეკომენდაცია 2019 წლის მაისში გამოაქვეყნა. თუმცა ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი იმის გამო, რომ არ გაუცია დამაკმაყოფილებელი პასუხი 20-ზე მეტ შეკითხვაზე, რომლებიც ძირითადად პოლიტიკურ კრიტერიუმებს უკავშირდება.
კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ ევროკავშირი მზად არის, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში დააჩქაროს ბიუროკრატიული პროცედურები, რაც ბევრად უფრო ხანგრძლივი იყო სხვა ქვეყნებისთვის წარსულში, თუმცა „ვერ დააჩქარებენ პროცესებს, რომლებიც შესასრულებელ ამოცანებს შეეხება“, რადგან ასეთ შემთხვევაში, „ევროკავშირს თავად შეექმნება პრობლემები“.
„რამდენადაც შევძლებთ, ჩვენ დავაჩქარებთ ამ პროცესს, ყველა პირობის დაცვის უზრუნველყოფით“, - დაწერა ტვიტერზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ზოგადად, იწყება მოლაპარაკებები უშუალოდ გაწევრიანების საკითხზე, რაც შესაძლოა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს. თუმცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკვე იძლევა მრავალ პრივილეგიას და მათ შორის - გამარტივებულ გზებს სხვადასხვა სპეციალური ფონდიდან ქვეყნის განსავითარებლად აუცილებელი ფინანსების მოსაზიდად.