საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ დღეს, ევროკავშირიდან გაწევრიანებასთან დაკავშირებით კითხვარის მიღების დღეს, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს უწოდებს. 11 აპრილს, დღეს, საგანგებო ბრიფინგზე მან თქვა, რომ ამ საკითხს უნდა მიუდგნენ სრული სერიოზულობით. პრეზიდენტმა ისაუბრა ამ პროცესში გაერთიანებაზე, რადგან, მისი თქმით, ესაა ეროვნული ინტერესი.
"დღეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე. ჩვენ მივიღეთ ევროკავშირისგან ის კითხვარი, რომელსაც არ ველოდით, ალბათ, რამდენიმე წელი, ესეც კარგად თუ გამოგვივიდოდა. ეს არის არაჩვეულებრივი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას. ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას - კომისიას და ევროპულ საბჭოს. მაგრამ კიდევ უფრო უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას და უკრაინის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა, ყოველ შემთხვევაში, ასე სწრაფად არ დადგებოდა.
ევროკავშირმა, გამომდინარე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან, გადაწყვიტა, აეჩქარებინა ეს პროცესი და გაეხადა ეს პროცესი უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე, როცა ვიყავი ბრიუსელში...
ეს არ არის მხოლოდ კითხვარი და "კი" და "არას" გაცემა - ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი შემდეგი თაობის წინაშე. ჩვენ ან შევძლებთ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ან ვერ შევძლებთ. მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული და არავინ სხვაზე. ამისთვის მობილიზებული უნდა იყოს ყველა ძალები - ეს არის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება ერთი ჯგუფის მიერ. თუ რამეს ჰქვია ეროვნული, ეს არის ინტერესის ინტერესი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 11 აპრილს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა. ეს დოკუმენტი ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, გადასცა.
3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.