Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიცია აკნინებს იმ წარმატებას, რაზეც დგას ევროკავშირში გაწევრიანება


მაკა ბოჭორიშვილი,საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
მაკა ბოჭორიშვილი,საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის გადმოცემა საქართველოსთვის, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღწეული პროგრესის შედეგია. მან "ქართულ ოცნებაში" გამართულ ბრიფინგზე ოპოზიცია ქვეყნის წარმატების საწინააღმდეგო მოქმედებებში დაადანაშაულა.

"დღეს ქართული სახელმწიფოსა და მისი მმართველი გუნდის ერთმანეთისგან გასამიჯნად და ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ქვეყნის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა, არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა. ქართველი სახელმწიფოს წარმატების ფონზე ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი კვლავ აგრძელებს ანტისახელისუფლებო განცხადებებით და ქმედებებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანების მცდელობას. მათთვის მთავარია "ქართულ ოცნებას" რაიმე წარმატება არ მიეწეროს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სახელმწიფოს სწორედ ის წარმატება დააკნინონ, რაზედაც დგას ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების მომავალი. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ანტიქართულ და ანტიდასავლურ მიზნებს ემსახურებიან", - თქვა ბოჭორიშვილმა.

დღეს, 11 აპრილს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა. ეს დოკუმენტი ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, გადასცა.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

XS
SM
MD
LG