მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზას ჯერ საბოლოო დასკვნა არ დაუდია, ოჯახის წევრებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, იდენტიფიკაცია შეძლეს ტანსაცმლის მეშვეობით. წყარო, რომელმაც გვთხოვა, მისი სახელი და გვარი ჯერ არ გავახმაუროთ, გვეუბნება, რომ ტანსაცმელი, რომელიც ზაქროს დაკარგვის დღეს ეცვა, კარგად არის შენარჩუნებული.
„უკვე ყველაფერი ნათელია, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ზაქროა. ტანსაცმელი, რომელიც მას დაკარგვის დღეს ეცვა, კარგად არის შენარჩუნებული, გარჩევა არ გაგვჭირვებია ნათესავებს. ბავშვის დედას ნუ დაურეკავთ, ის მძიმე მდგომარეობაშია და ვერ დაგელაპარაკებათ. ჩემზეც მხოლოდ ის თქვით, რომ ოჯახის ახლო ნათესავი ვარ“, - გვითხრა ზაქრო ბერძნიშვილის ნათესავმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილი კი ახლა ყვითელი ფერის ლენტებით არის შემოსაზღვრული და სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მოზარდის ნეშტი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
როგორ აღმოაჩინეს ნეშტი
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, დაკარგული მოზარდის ნათესავები ციხეში იაგო ნებიერიძეს, დედის მეშვეობით დაუკავშირდნენ, პატიმარმა ნეშტის ადგილსამყოფელი დაასახელა.
„მშობლების და ჩვენი თანხმობით ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ცხედარი გვეპოვა. პატიმრის მოთხოვნა იყო, რომ ეთქვა ამ საფლავის ადგილსამყოფელი. ამბობს, რომ თვითონ დაუნახია, მაგრამ მოვტყუვდიო, რომ მაშინვე არ ვთქვიო და რახან მაშინვე არ ვთქვი, მერე აღარ ვამბობდიო. ახლა მისი ნებით თქვა ეს ყველაფერი. რომ შეატყო, რომ ამ საქმესაც მას აბრალებდნენ და ამბობს, რომ მე არაფერ შუაში ვარო და მე რატომ უნდა მიმეწერა ეგ საქმეო და ავდექიო და ვთქვიო, რომ ოჯახს ცხედარი ეპოვა და ბავშვს საფლავი ჰქონოდაო“, - ამბობს იაგო ნებიერიძის დედა ნუნუ გრიგალაშვილი.
დაკარგული მოზარდის ოჯახმა პატიმრისგან მიღებული ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა. სამართალდამცავები 10 აპრილის დილის 6 საათისთვის უკვე მითითებულ ტერიტორიაზე იყვნენ. მოგვიანებით იქვე მცხოვრებლებმაც გაიგეს, რომ მოზარდის ნეშტი იპოვეს.
ზაქროს დაკარგვის ამბავი
2004 წელს ზაქრო ბერძნიშვილი 11 წლის იყო. 1 ნოემბერს ის სათამაშოდ ეზოში ჩავიდა. ამ დროს ბერძნიშვილების ავტოფარეხის მშენებლობაზე იაგო ნებიერიძე მუშაობდა. ნებიერიძე ბერძნიშვილების ოჯახსა და 11 წლის ზაქროსთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა და ოჯახიც ენდობოდა. 1 ნოემბრის საღამოს, ზაქრომ სახლში ასვლა რომ დააგვიანა, ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. მალე საქმეში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ. ბავშვის დაკარგვიდან მესამე დღეს სამართალდამცავებმა კინოლოგებიც მიიყვანეს. გაწვრთნილმა ძაღლმა კვალი გორის კულტურისა და დასვენების პარკში დაკარგა. ბავშვის დაკარგვიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, ოჯახმა ანონიმური წერილი მიიღო. გატაცებული ბავშვის სანაცვლოდ 20 ათას დოლარს ითხოვდნენ. სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ წერილი იაგო ნებიერიძის მიერ იყო დაწერილი. ამის შემდეგ ნებიერიძე დააკავეს. ბავშვის გატაცება ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს. იაგო ნებიერიძემ სასჯელი ბერძნიშვილების ოჯახისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით მოიხადა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთი ყაჩაღობა ჩაიდინა. მოგვიანებით ამნისტიითა და პრეზიდენტის შეწყალებით მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და ციხიდან 2018 წლის თებერვალში გამოვიდა.
ნანიკო ბერიაშვილის საქმე
იაგო ნებიერიძე 2018 წლის ოქტომბერში გორში წმინდაწყლის დასახლებაში, ერთ-ერთი კერძო სახლის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად დაიქირავეს. ამ ქუჩაზე ხშირად დადიოდა 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი. ნანიკო 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. რამდენიმე საათის შემდეგ სამართალდამცავებმა დასახიჩრებული ბავშვის ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირთან აღმოაჩინეს. პოლიციამ 26 ოქტომბერს დააკავა წარსულში ნასამართლევი, 33 წლის იაგო ნებიერიძე. მას თავდაპირველად ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი, ბრალი 138-ე მუხლით დაუმძიმდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს. ნებიერიძემ 2018 წლის ნოემბერში, გამოძიების პროცესში სამართალდამცავებს ისიც უთხრა, რომ ზაქრო ბერძნიშვილის საფლავის ადგილიც იცის.
ასევე ნახეთ ახალი მტკიცებულებები ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეშიმდინარე ლიახვის მარცხენა სანაპიროზე - ნებიერიძის მიერ მითითებულ ადგილზე, გორის კულტურისა და დასვენების პარკში საგამოძიებო მოქმედებები მაშინვე დაიწყო. სამართალდამცავები 2018 წლის 16 ნოემბრის საღამოს პარკის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ. სპეცრაზმელების თანხლებით იქ იაგო ნებიერიძე მიიყვანეს, რომელმაც კონკრეტულ ტერიტორიაზე მიუთითა. ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე ნებიერიძეს დიდი ხნის განმავლობაში ატარებდნენ, შემდეგ იქიდან სწრაფად გაიყვანეს და პოლიციელებმა ეს ადგილი ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრეს. იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მაშინ მცირე კომენტარით შემოიფარგლა. მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ პარკში დაწყებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მართლაც მონაწილეობდა იაგო ნებიერიძე და ეს წლების წინ გაუჩინარებული მოზარდის საქმეს უკავშირდებოდა:
„გორში ჩატარდა სპეციალური საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც იაგო ნებიერიძეც იღებდა მონაწილეობას. ექსპერიმენტი ეხება მოვლენას, შემთხვევას, რომელიც მოხდა 2004 წელს. ეს არის ის, რისი თქმაც მე დღეს შემიძლია და სხვა არანაირი სტატუსი ან ვინმე სხვა პირს, ან იაგო ნებიერიძეს ამ მომენტისთვის ამ თემასთან დაკავშირებით არა აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სამართალდამცავებმა პარკის ნაწილი მთლიანად გადათხარეს. სამთვიანი უშედეგო საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ სამუშაოები შეწყდა. ნეშტი ვერ იპოვეს. ნებიერიძის მიერ მითითებული ადგილი მცდარი აღმოჩნდა.
ასევე ნახეთ გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის სამარხის ძებნა არქეოლოგთან კონსულტაციით მიმდინარეობს
უვადო პატიმრობამისჯილმა 18-წლიანი დუმილი დაარღვია
2019 წლის მაისში იაგო ნებიერიძეს ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის და გაუპატიურების ბრალდებით უვადო პატიმრობა მიესაჯა. რამდენიმე დღეში მან იმდროინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა მოითხოვა. როგორც მისმა ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა მაშინ ჟურნალისტებს განუცხადა, ნებიერიძემ გაუჩინარებული ბავშვის საფლავის ადგილმდებარეობა იცის და ამაზე უნდა მინისტრს დაელაპარაკოსო.
„თქვა, დედას საფლავი უნდა დავუბრუნოო“, - განაცხადა პაპოშვილმა. ადვოკატი არ აკონკრეტებდა, სამაგიეროდ რას მოითხოვდა ნებიერიძე. დაკარგული ბავშვის ოჯახს კიდევ ერთხელ გაუჩნდა იმედი. „რაღაცნაირად მჯერა, რომ, ალბათ, იტყვის ყველაფერს. უკვე განწირულია, რაღა აქვს დასაკარგი, რომ არ თქვას? ღმერთმა ქნას, რომ ერთხელ და სამუდამოდ თქვას და დამთავრდეს ეს ყველაფერი“, - თქვა რადიო თავისუფლებასთან, ზაქრო ბერძნიშვილის დედამ, ხათუნა რაზმაძემ.
ასევე ნახეთ დაკარგული მოზარდის ოჯახის გაურკვევლობისა და მოლოდინის დღეები2019 წლიდან კიდევ სამი წელი გაგრძელდა იაგო ნებიერიძის დუმილი. ბოლოს თავისი დედის, ნუნუ გრიგალაშვილისა და დაკარგული ბავშვის ოჯახის მცდელობას შედეგი მოჰყვა. მან დაასახელა კონკრეტული ადგილი. იმ ადგილიდან, რომელიც მან 2018 წელს პოლიციელებს ტყუილად მიუთითა, ნეშტი რამდენიმე ათეულ მეტრში, მდინარე ლიახვის მარჯვენა სანაპიროზე იპოვეს.
ზაქრო ბერძნიშვილს ცხედარს ექსპერტიზის ბიუროდან სახლში მალე გადაასვენებენ.