გორის ცენტრალურ პარკში საგამოძიებო მოქმედებები შეწყდა. თითქმის სამი თვის განმავლობაში სამართალდამცავები 2004 წელს დაკარგული 11 წლის მოზარდის, ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარს ეძებდნენ. პარკის ერთი ნაწილი მთლიანად გადათხრილია, სპეციალური ლენტები, რომლებითაც ტერიტორია იყო შემოსაზღვრული, ხეებიდან ჩამოხსნილია და იქ აღარც პოლიციელები მორიგეობენ.
პარკის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები გასული წლის 16 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, გორში ჩამოყვანილი ჰყავდათ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე. ნებიერიძემ ზაქრო ბერძნიშვილის სავარაუდო სამარხად, სწორედ ის ტერიტორია დაასახელა, რომელიც შემდეგ სამართალდამცავებმა გადათხარეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.
ზაქრო ბერძნიშვილის დედა ხათუნა რაზმაძე აცხადებს, რომ სამართალდამცავებს მისთვის არაფერი უცნობებიათ, არადა ოჯახს უამრავი კითხვა აქვს, პასუხს კი არავინ სცემს.
„ალბათ, ისევ ძიებაშია ეს საქმე. არ ვიცი, რატომ უნდა შეეწყვიტათ გამოძიება. ასე ვართ უკვე თვეებია, არაფერი გაგვიგია ახალი. მართლა იმედი მქონდა, რომ ყველაფერი მალე გაირკვეოდა და წერტილი დაესმებოდა ამ ჩვენ საქმეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით“, - ამბობს ხათუნა რაზმაძე.
ზაქრო ბერძნიშვილი 14 წლის წინ საკუთარი სახლის ეზოდან დაიკარგა. ამ დროს მის ოჯახში ავტოფარეხს იაგო ნებიერიძე, მამასთან ერთად აშენებდა.
ბავშვის გაუჩინარებიდან სამ კვირაში ბერძნიშვილების ოჯახმა ბავშვის გამოსასყიდად 20 ათასი დოლარის მოთხოვნით ანონიმური წერილი მიიღო. პოლიციამ ნებიერიძე დააკავა, მაგრამ მას ბავშვის გატაცება ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ ფულის გამოძალვის მუხლით გაასამართლეს.
ამ და სხვა ჩადენილი დანაშაულებისთვის მოხდილი სასჯელების შემდეგ იაგო ნებიერიძე ციხიდან გამოვიდა და ამჟამად უკვე 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული. ნოემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა და მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ამ ექპერიმენტში ნებიერიძე მონაწილეობდა.
გასული წლის 16 ნოემბრის შემდეგ გორის პარკის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები არ შეწყვეტილა. ჯერ ტერიტორია ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრეს და გარკვეული ადგილები მონიშნეს, შემდეგ შემოსაზღვრული ნიადაგი სპეციალური სკანერით დაათვალიერეს, საქმეში არქეოლოგებიც ჩართეს და ერთი ადგილების თხრა დაიწყეს.
თითქმის სამი თვის განმავლობაში პოლიციელები ტერიტორიას იცავდნენ. ეს საქმე მაშინვე რეზონანსული გახდა. გორელები პარკის ტერიტორიაზე მიდიოდნენ და პოლიციელების საქმიანობას აკვირდებოდნენ. აქვე იყვნენ მოკლული გოგონას ოჯახის წევრები, რომლებიც ბერძნიშვილების ოჯახს თანადგომას უცხადებდნენ.
დაკარგული ზაქრო ბერძნიშვილის ბებიას, ნინო რაზმაძეს, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მისი შვილიშვილის გაუჩინარების საქმეშიც იაგო ნებიერიძე ფიგურირებდა. ოჯახი ყოველდღიურად ცხედრის აღმოჩენას ელოდა, მაგრამ ლოდინი ამ დრომდე გრძელდება.
თუნდაც ის, რომ შეიძლება იგი მარტო არ მოქმედებდა, თუნდაც ის, თუ როგორ მოხვდა გარდაცვლილი ბავშვის გვამის მიტანა იმ ადგილზე, სადაც იგი იქნა აღმოჩენილი. ჯერ ეს კითხვები ისევ არსებობს და არ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები...გიორგი გელხაური
„მე ეგრე ვიცი, რომ ის ბავშვი მაგან, იაგო ნებიერიძემ წაიყვანა და 14 წელია მაგას ვტირივარ. დანამდვილებით ვიცი, რომ მაგან წაიყვანა. მე ეჭვი არ მეპარება.“
შეწყვეტილი ძიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, გამოძიება კი გრძელდება.
ნებიერიძეს წინასწარი პატიმრობის ვადა 21 დეკემბერს ამოეწურა და თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს ვადა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივა. გამოძიება ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.
გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში ბევრვი კითხვა არსებობს, რომელზეც პასუხი ჯერ არის გაცემული.
„ მივიღეთ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის პასუხი, რომლითაც დადგინდა, რომ ურიკა, რომელიც ამოღებულია და ზედ იყო ანაბეჭდი, ასევე სარეცხი საშუალება „ფეირის“ ბოთლიდან ამოღებული ანაბეჭდის კვალი არ დაემთხვა ბრალდებულის თითის ანაბეჭდის კვალს. ეს ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ბრალდებული არ იყო მარტო. "
გარდა ამისა, ბუნდოვანი ხდება თუ როგორ აღმოჩნდა გოგონას გვამი იქ, სადაც ის პოლიციამ იპოვა. ადვოკატ გიორგი გელხაურს იმედი აქვს, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზა დაადგინოს, ურიკაზე არსებული სისხლისფერი ლაქა ემთხვევა თუ არა გარდაცვლილის სისხლს. თუ ეს ასე არ მოხდა, ადვოკატის თქმით, გამოძიებას კიდევ დრო დასჭირდება მტკიცებულებების შესაგროვებლად.
გორში 9 წლის გოგონა გასული წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა, რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა ის ლიახვის სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს. მას ძალადობის კვალი ქონდა. განზრახ მკვლელობისა და გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე, რომელიც ბრალს არ აღიარებს. მისი წინასწარი პატიმრობის ვადა 21 თებერვალს იწურება.