„ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამულაშვილის, მიმართ რუსეთში სისხლის სამართლის დევნა დაიწყება

"ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის, მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება დაავალა საგამოძიებო დეპარტამენტს, ომის წესების დარღვევასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება, რომ „არსებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მებრძოლმა ქართული ლეგიონის წარმომადგენლებმა უკანონო ქმედებები ჩაიდინეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიმართ. გარდა ამისა, მამულაშვილმა საჯარო განცხადებები გააკეთა იმის შესახებ, რომ აპირებს განაგრძოს რუსი სამხედრო მოსამსახურეების და რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის ოპერატიული ბრიგადის წარმომადგენლების წამება და მკვლელობა."

კომიტეტის თანახმად, ეს ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციის დებულებებს, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ.

ამასთან დაკავშირებით გამომძიებლებს დაევალათ, დაადგინონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გარემოებები და დააკისრონ ყველა მონაწილეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.“

რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო კომიტეტის გაცხადებაში მოყვანილი, თითქოს, მიერ ნათქვამი სიტყვები, მას არსად და არასოდეს უთქვამს. „მე ეგ განცხადება გავაკეთე, რომ წამებას განვაგრძობ?“, - კითხულობს მამუკა მამულაშვილი და განმარტავს, რომ „ტერორისტული სახელმწიფოს მიერ ნათქვამ სისულელეზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია“.

ამასთან, მამულაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საერთოდ არ იცნობს და არ იცის იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ჩანან ვიდეოში. საუბარია კადრებზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში 4 აპრილს გავრცელდა და რომლებშიც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ დახოცეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ჯარისკაცები. კადრში ჩანს, რომ ერთ-ერთ სამხედროს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული და ტყვია თავში აქვს ნასროლი.

ასევე ნახეთ რა მოხდა ბუჩასთან ახლოს და ვინ ჩაუსაფრდა რუს ჯარისკაცებს?

გუშინ გაგეცით მაგ კითხვაზე პასუხი, რაც აინტერესებდათ იმ ვიდეოსთან დაკავშირებით. არ არის ეგ ჩემი ხალხი. ჯერ ერთი, უკრაინულად ლაპარაკობენ. ან საიდან გამოიტანეს დასკვნა, რომ ქართველები არიან, არ ვიცი. მაგრამ თუ საქმეს ღძრავენ, ე.ი საკმარისი ზიანი მივაყენეთ და ცდილობენ, რაღაც მოიმოქმედონ. ფაქტთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, სად მოხდა ან მოხდა თუ არა. სავარაუდოდ, შეიძლება რუსების მიერ დადგმული იყოს“, - ეუბნება მამუკა მამულაშვილი რადიო თავისუფლებას.

კითხვაზე კი, რეალობაში როგორ შეიძლება აისახოს რუსეთის ფედერაციაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, მამუკა მამულაშვილი პასუხობს, რომ ეს არ იქნება მისდამი რუსეთში აღძრული პირველი საქმე.

შეიძლება, რუსეთის მიმართ მეგობრულმა ქვეყნებმა დამაკავონ, მაგრამ მე ვცდილობ, არ მოვხვდე ეგეთ ქვეყნებში. 8 წელია რუსეთის წინააღმდეგ ვომობ და ლაპარაკი იმაზე, რომ საქმეებს ღძრავენ, ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ასე რომ, თავიანთ დადგმულ სცენებზე საქმეების აღძვრა ჩვეულებრივი რუსული პროვოკაციაა. მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ თვითონ მაგ ფაქტზე [ვიდეოში ასახულზე] თუ არის ლაპარაკი, რუსულ მედიასაც განვუმატე, რომ მე არ ვიცი, ეგ პიროვნებები ვინ არიან. ვივარაუდე, რომ შეიძლება იყვნენ უკრაინელები, მაგრამ ეგეც არ ვიცით. ქართველებთან რატომ მიაბეს, ეგეც ვერ გავიგე. მე ვვარაუდობ, რომ ზიანს ვაყენებთ ხშირად და აქედან გამომდინარე ცდილობენ რაღაც მოიმოქმედონ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი.

მამუკა მამულაშვილმა 4 აპრილს გავრცელებული ვიდეოს შესახებ კომენტარი მისცა კრემლის კრიტიკოსის, ემიგრაციაში მცხოვრები ყოფილი ოლიგარქის, მიხაილ ხოდორკოვსკის ონლაინპლატფორმას, „ხადარკოვსკი LIVE“-ს.

ჟურნალისტის კითხვას, „რუს ჯარისკაცებს ხელები შეკრული ჰქონდათ, ანუ სამხედროებს ჰქონდათ არჩევანი ან მოეკლათ ისინი, ან დაეტოვებინათ ტყვეობაში“, მამუკა მამულაშვილი ასე პასუხობს: „იცით, სამი თვის განმავლობაში მე თავად ვიყავი რუსულ ტყვეობაში და ვნახე, როგორ კლავენ ხელებშეკრულ ქალებსა და ბავშვებს. ასე რომ, თქვენ ფიქრობთ, რომ ტოლერანტულად უნდა მოვეპყროთ იმ რუს სამხედროებს, რომლებიც ამას აკეთებენ?“

ამ პასუხის შემდეგ ჟურნალისტი კვლავ უსვამს მას კითხვას: „რა მომენტში გახდა თქვენთვის გასაგები, რომ გარკვეულ გარემოებებში, რუს სამხედროებს ტყვედ არ აიყვანენ?“

მამუკა მამულაშვილი ჟურნალისტს ეუბნება: „მე ახლა „ქართულ ლეგიონზე“ გეუბნებით, ჩვენ რუს ჯარისკაცებს არავითარ შემთხვევაში არ ავიყვანთ ტყვედ, ისევე როგორც კადიროველებს. არცერთი ადამიანი ტყვედ არ ჩავარდება.“

მამუკა მამულაშვილს ამ კომენტარის დამატებითი განმარტება სთხოვა რადიო თავისუფლებამ:

„რას გულისხმობდით, როდესაც თქვით, რომ ხელებშეკრულ რუს სამხედროებს „ტოლერანტულად ვერ მოეპყრობით“ და „ქართული ლეგიონი“ რუს ჯარისკაცებს არ აიყვანს ტყვედ?“

მამუკა მამულაშვილი გვპასუხობს:

„აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ, „ქართული ლეგიონი“, ყველა ტყვეს გადავცემთ უკრაინულ მხარეს. რომ იგულისხმებოდეს ჩემს ნათქვამში, რომ ვიღაცას ვკლავთ, პირდაპირ ვიტყოდი, რომ ტყვეებს ვხვრეტთ. უბრალოდ ინტერვიუს დროს ამოიგლიჯა მთელი კონტექსტი და ამის შესახებ ჟურნალისტს მივწერე კიდეც. მე ინტერვიუში აღარ დავაკონკრეტე, რომ ჩვენ არ აგვყავს ტყვეები და მათ პირდაპირ გადავცემთ უკრაინულ მხარეს. ჩვენ ტყვეებს ვამისამართებთ უკრაინულ მხარესთან. მათ შეეძლოთ ეკითხათ, რას ვუშვრებით ტყვეებს, მაგრამ ეს კითხვა აღარ დამისვეს.“

უკრაინის ოფიციალური პირების განმარტებების თანახმად, დაადგენენ სიმართლეს 4 აპრილს სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ასახულ მოვლენებთან დაკავშირებით. გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსი“ ირწმუნება, რომ ვიდეოს ავთენტურობა დადგენილია.

თავის მხრივ, უკრაინის გენერალურ პროკურატურას უკვე დაწყებული აქვს გამოძიება უკრაინაში რუსეთის სამხედროების მიერ ომის დანაშაულის ფაქტებზე.