„უკრაინა ჩვენს ომს ომობს“ - რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი

რობერტა მეცოლა

„უკრაინა უნდა გადარჩეს - უნდა დავეხმაროთ, რომ ამ ომში გაიმარჯვოს, რადგან თუ უკრაინა დამარცხდა, ეს იქნება მთელი ევროპის დამარცხება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ, რომელიც პირველ აპრილს უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდა. დღეს, 7 აპრილს, სანამ ევროპარლამენტი უკრაინასთან დაკავშირებით მორიგ რეზოლუციას უყრიდა კენჭს, ვაჟა თავბერიძე პრეზიდენტ მეცოლას პრაღიდან ესაუბრა.

ვდგავართ არჩევანის წინაშე - უკრაინა ან უნდა გადავარჩინოთ, ან ზურგი შევაქციოთ.

რადიო თავისუფლება: უკრაინის ომი - არის თუ არა ეს ისტორიული გამოცდა ევროკავშირისთვისაც, რათა საბოლოოდ დაიმკვიდროს თავი, როგორც გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ?

რობერტა მეცოლა: თუ ზაფხულში ავღანეთიდან გამოსვლამ ჯერ კიდევ ვერ გვასწავლა გაკვეთილი - რომ ევროკავშირმა უნდა გაიაზროს, რომ სხვების იმედად ვერ იქნება - მაშინ ამან უნდა გვასწავლოს. უპრეცედენტო დროში ვცხოვრობთ - პოლიტიკური ნებაც გვაქვს და საზოგადოების განწყობაც ხელს გვიწყობს, ისე შორს წავიდეთ, სადამდეც არასდროს მიგვიღწევია - ეს ეხება არა მხოლოდ იმას, თუ რამდენს დავხარჯავთ თავდაცვაზე, არამედ იმასაც, თუ როგორ უნდა გავხდეთ სტრატეგიულად ავტონომიურები, ენერგოდამოკიდებულების გარეშე.

მთავარი კი ისაა, დროულად მივაწოდებთ თუ არა იარაღს ქვეყანას, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ მიწას და თავისუფლებას იცავს, არამედ ჩვენს ომსაც ომობს.

გაზსა და ნავთობს მეგობრებისგან უნდა ვყიდულობდეთ და არა მტრებისგან.

დღევანდელ რეზოლუციაში განვიხილავთ იმას, თუ როგორ სრულდება მიღებული სანქციები, არსებობს თუ არა ე.წ. ხვრელები და არიან თუ არა ქვეყნები, რომლებიც სანქციებს არ ემორჩილებიან. ამას არ დავჯერდებით - მოვუწოდებთ ევროკავშირს, დააწესოს კიდევ მეტი ემბარგო რუსულ ენერგორესურსებზე. ჩვენი საბოლოო მიზანია, საერთოდ გავთავისუფლდეთ კრემლზე დამოკიდებულებისაგან, რადგან გაზსა და ნავთობს მეგობრებისგან უნდა ვყიდულობდეთ და არა მტრებისგან.

რადიო თავისუფლება: ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე მინდა გკითხოთ - იქნებით თუ არა უშუალოდ თქვენ ამ იდეის მთავარი ქომაგი პარლამენტში?

რობერტა მეცოლა: ამ საკითხსაც განვიხილავთ. ეს ის თემაა, რაც ყველაზე ხშირად მესმოდა კიევში ყოფნისას - რომ სჭირდებათ იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა, რომლის გამოყენებაც იციან, და ეს ყველაფერი საკმარისი რაოდენობით უნდა ჰქონდეთ, რათა რუსებს უკან დაახევინონ. ჩვენი პასუხი მათ ამ თხოვნაზე უნდა იყოს იმ დახმარების გაზრდა, რასაც უკრაინას ვაძლევთ. - სწორედ ამიტომ, მთელი გულით მივესალმებით ჩეხეთის გადაწყვეტილებას, უკრაინას საბრძოლო ტექნიკა გადასცეს და სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ, ჩეხეთს მიბაძონ, რადგან თუ უკრაინა დაეცემა, ეს ჩვენს დაცემას უდრის.

უნდა შევხედოთ ბუჩას, უნდა შევხედოთ მარიუპოლს და ჩვენს თავს ვკითხოთ - კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიცადოთ, სანამ მეტს გავაკეთებთ?

უკრაინას ევროკავშირის ეგიდით 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას ვაძლევთ [ამ მიზნით] - ეს უპრეცედენტოა. უკრაინა უნდა გადარჩეს - უნდა დავეხმაროთ, რომ ამ ომში გაიმარჯვოს, რადგან თუ უკრაინა დამარცხდა, ეს იქნება მთელი ევროპის დამარცხება.

რადიო თავისუფლება: მეხსიერებაში ჩამრჩა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის სიტყვა - როდესაც მან შეადარა თქვენ მიერ ნახსენები 1 მილიარდი იმ 35 მილიარდს, რომელიც ევროპამ რუსეთს გაზსა და ნავთობში გადაუხადა ომის დაწყებიდან დღემდე. ევროკავშირი ფეხს ითრევს რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე - იმავე შეკითხვას დაგისვამთ, ოდნავი პერიფრაზით, რაც პრეზიდენტ ზელენსკის აქვს: რამდენი ბუჩა უნდა ვნახოთ, რომ ევროპელებმა გაიაზრონ, თუ ვის უხდიან ფულს?

რობერტა მეცოლა: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკის აქვს ამ კითხვის დასმის უფლება. ის წარმოადგენს ხალხს, რომელიც ლამის შიშველი ხელებით წინ აღუდგა უკანონო ომით მის ტერიტორიაზე შეჭრილ აგრესიულ მეზობელს. ომით, რომელიც არავის ინტერესებში არ შედის, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - ომით ჩვენს კონტინენტზე. ახლა ჩვენი ჯერია! დიახ, უკვე იმდენი გავაკეთეთ, რამდენიც მანამდე არასდროს გვიქნია, რაც მანამდე წარმოუდგენელი გვეგონა, მაგრამ კიდევ მეტი გვევალება. ეს კვირა, ეს დღეები უმნიშვნელოვანესი იქნება - იმის საჩვენებლად, რომ დემოკრატია და თავისუფლება [ჩვენთვის] ყველაზე ძვირფასია. და თუ უკრაინას ზურგს შევაქცევთ, გამოდის, რომ ზურგი შევაქციეთ ქვეყანას, რომელიც ჩვენ შემოგვყურებდა, როგორც დემოკრატიის ლიდერს, როგორც მსოფლიო ძალას თავისუფლების სამსახურში.

მთავარი კი ისაა, დროულად მივაწოდებთ თუ არა იარაღს ქვეყანას, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ მიწას და თავისუფლებას იცავს, არამედ ჩვენს ომსაც ომობს.

ჩვენ წინ იოლი პერიოდი არ გველის, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ - გაიზრდება ფასები, იქნება მომარაგების პრობლემები. სწორედ ახლა გვჭირდება ლიდერობის და პოლიტიკური ნების გამოჩენა, რათა სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური კუთხით. წინ გველოდება რთული თვეები, შეიძლება წლებიც, მაგრამ დღეს, ახლა, ამ საათებში ვდგავართ არჩევანის წინაშე - უკრაინა ან უნდა გადავარჩინოთ, ან ზურგი შევაქციოთ. და ვფიქრობ, ვიცი, რომელი უნდა აირჩიოს ევროპარლამენტმა და მისმა პრეზიდენტმა, რომელ მხარეს უნდა დავდგეთ - ეს უკრაინის გადარჩენაა.

რადიო თავისუფლება: უკრაინას ასევე დაჰპირდით, რომ მხარს დაუჭერდით მათი წევრობის განაცხადს - მინდა გკითხოთ, რეალურად რა გავლენა აქვს ევროპარლამენტს ამ პროცესებზე? გვახსოვს პარიზის სამიტი, სადაც ყველა ველოდით, რომ უკრაინას კანდიდატი წევრის სტატუსს მიანიჭებდნენ, რადგან ამას ერთხმად უჭერდა მხარს ევროპარლამენტი, მაგრამ ასე არ მოხდა...

რობერტა მეცოლა: ჩვენ ვიყავით პირველი პარლამენტი, რომელმაც პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლა შესთავაზა - და იმავეს გაკეთებისკენ მოვუწოდეთ სხვა 160 პარლამენტს მსოფლიოს მასშტაბით. თავადაც ხედავთ, რამხელა გავლენა ჰქონდა ამ ნაბიჯს საზოგადოებრივ აზრზე. პირველები ვიყავით, ვინც რუსეთის SWIFT-იდან გამორთვა მოითხოვა. ვაგრძელებთ როგორც პოლიტიკურ გზავნილებს, ასევე ზეწოლას ფინანსური დახმარებების მხრივ. დღეს გვაქვს ასეთი სურათი: როგორც ჩვენი წევრი ქვეყნები, ასევე ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორები ერთხმად ამბობენ: კმარა! და თუ ვინმეს დასჭირდება მიზეზი, თუ რატომ უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი, ამისთვის საჭიროა მხოლოდ იმ სურათების ნახვა, რაც უკრაინაში მომხდარს ასახავს, იმ ისტორიების მოსმენა.

უნდა შევხედოთ ბუჩას, უნდა შევხედოთ მარიუპოლს და ვიკითხოთ - კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიცადოთ, სანამ მეტს გავაკეთებთ? ამ კითხვას ყველა მსოფლიო აქტორმა უნდა გასცეს პასუხი.

რაც შეეხება მოლდოვასა და საქართველოს... ყველა ქვეყანას, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც თავის სახლს და ჩვენს ღირებულებებს იზიარებს, ხელგაშლილი უნდა შევეგებოთ.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, უნდა ჰქონდეთ თუ არა იმავე მხარდაჭერის იმედი საქართველოსა და მოლდოვას, რომლებმაც ასევე შემოიტანეს განაცხადი? ერთი მათგანი უკვე ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მეორე ყოველდღე ამის შიშით იღვიძებს...

რობერტა მეცოლა: ჩვენს რეზოლუციებში უყურადღებოდ არ ვტოვებთ არც მოლდოვასა და საქართველოს. ამ მხრივ ჩვენი პოზიცია მკაფიოა: ყველა ქვეყანას, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც თავის სახლს და ჩვენს ღირებულებებს იზიარებს, ხელგაშლილი უნდა შევეგებოთ. სხვადასხვა პროცესის ფონზე, პოლიტიკური ნება ყოველთვის უნდა იყოს ამ ქვეყნებისთვის იმის მკაფიოდ ჩვენება, რომ ჩვენ შეგვიძლია, მათთვის სახლი გავხდეთ.