აშშ-ის გენერალი პეტრეუსი: ნატოს აღმოსავლეთევროპელმა წევრებმა უკრაინისთვის მეტი უნდა გააკეთონ

ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი სენატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენაზე. 2011 წლის 23 ივნისი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა და აშშ-ის ძალების ყოფილმა სარდალმა ერაყსა და ავღანეთში, დევიდ პეტრეუსმა თქვა, რომ უკრაინას ამჟამად „გადამწყვეტი“ და „სახიფათო“ მომენტი უდგას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის იარაღით და აღჭურვილობით მოსამარაგებლად.

გადამდგარმა გენერალმა პეტრეუსმა, რადიო თავისუფლების ბალკანეთის სამსახურთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინის ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ „რამდენად კარგად ვიმოქმედებთ ჩვენ. ჩვენ-ში კი იგულისხმება არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ნატოს წევრი ყველა ქვეყანა და, გულწრფელად რომ ვთქვა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ საჰაერო თავდაცვა, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები, არტილერია და ტყვია-წამალი, რომელიც თავსებადია უკრაინის ამჟამინდელ აღჭურვილობასთან“.

უკრაინელები იბრძვიან ძალიან ეფექტიანად, ძალიან გმირულად, უზარმაზარი გამჭრიახობით, კრეატიულობით, სიმამაცითა და ეფექტიანობით და ჩვენ მათ ამაში უნდა დავეხმაროთ...

პენტაგონმა 2 აპრილს გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემდა 300 მილიონი დოლარის სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს, ტყვიამფრქვევებსა და ჯავშანმანქანებს. რუსეთის მიერ უკრაინაზე არაპროვოცირებული თავდასხმის შემდეგ პენტაგონმა 1,6 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, უკრაინას ისეთი იარაღი, ნაწილები და აღჭურვილობა ესაჭიროება, რომლებიც თავსებადია საბჭოთადროინდელ ტექნოლოგიებთან. დასავლური სამხედრო ტექნოლოგიების ათვისებას ხშირად საფუძვლიანი მომზადება სჭირდება. ასევე, რთულია მათი სათადარიგო ნაწილების სწრაფად მოპოვება.

„უკრაინელები იბრძვიან ძალიან ეფექტიანად, ძალიან გმირულად, უზარმაზარი გამჭრიახობით, კრეატიულობით, სიმამაცითა და ეფექტიანობით და ჩვენ მათ ამაში უნდა დავეხმაროთ“, - თქვა პეტრეუსმა. „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები თავდაცვის საკუთარ მარაგებს უნდა ქექავდნენ და აწვდიდნენ უკრაინას ყველაფერს, რაც მათ შეიძლება გამოადგეთ“.

5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინაში T-72 ტანკებს და ჯავშანმანქანებს აგზავნის. ჩეხეთი ნატოს პირველი წევრია, რომელიც უკრაინას მძიმე შეიარაღებას აწვდის.

თუ უკრაინელებს რუსეთი აქამდე არ სძულდათ, ახლა ნამდვილად შესძულდებათ იმ საშინელებებისთვის, რაც მათ ამ ხალხს გაუკეთეს...

გენერალი პეტრეუსი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას რუსეთის სამხედრო წარუმატებლობების მასშტაბებსაც შეეხო.

„მათ მარცხი განიცადეს. უკრაინამ მოიგო ბრძოლა კიევისთვის“, - თქვა პეტრეუსმა. „მათ ასევე გაიმარჯვეს ჩერნიგოვის ბრძოლაში ჩრდილოეთით და სუმის ბრძოლაში ჩრდილო-აღმოსავლეთით“.

„ვერც კი წარმომიდგენია 15 ათასი ჯარისკაცის 5 კვირაში დაკარგვა. ეს გამაოგნებელია“, - თქვა პეტრეუსმა რუსეთის არმიის დანაკარგებზე. მოკლული რუსი ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობა უცნობია. უკრაინის ცნობით, რუსეთმა 18 ათასი მებრძოლი დაკარგა. დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის აშშ, 10 ათას დაღუპულს ვარაუდობენ. რუსეთის ოფიციალური სტატისტიკა გაცილებით მცირე რიცხვს ასახელებს.

დევიდ პეტრეუსის აზრით, რუსეთის ჯარების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი, მათი „აქილევსის ქუსლი“ ლოგისტიკური პრობლემებია. „როგორც კი ისინი რკინიგზას ან პორტს დაშორდებიან, მათი ლოგისტიკა ძალიან, ძალიან სუსტდება“. როგორც კი რკინიგზას დაშორდებიან, მათი „მომარაგება საკვებით, საწვავით, ტყვია-წამლით, სამედიცინო დახმარებით და ყველაფრით, ხდება სრულიად არასაკმარისი“.

ვფიქრობ, რომ ჩვენ გავანადგურებთ მიწოდების ყველა ჯაჭვს, რომელიც კვებავს რუსეთის ინდუსტრიას და სანქციას დავადებთ მის ყველა ელემენტს...

უკრაინაში რუსეთის ჯარისკაცების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე ლაპარაკისას გენერალმა პეტრეუსმა თქვა, რომ, მისი აზრით, ცალსახაა, რომ საქმე გვაქვს სამხედრო დანაშაულთან. „თუ უკრაინელებს რუსეთი აქამდე არ სძულდათ, ახლა ნამდვილად შესძულდებათ იმ საშინელებებისთვის, რაც მათ ამ ხალხს გაუკეთეს“, - თქვა მან და დასძინა, რომ „გაცილებით მეტს გავიგებთ უფრო დიდი მასშტაბით, როდესაც რუსები მარიუპოლს და სხვა ქალაქებს დატოვებენ“.

აშშ-ის მეტი ჩართულობის განხილვისას დევიდ პეტრეუსმა თქვა, რომ ახლოვდებოდა „სრებრენიცის მომენტი“ - 1995 წლის ხოცვა-ჟლეტა ბოსნიაში, როდესაც ბოსნიელმა სერბებმა 8 ათასამდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს.

„აშშ ბოსნიაში არ ჩართულა, ვიდრე სრებრენიცა არ მოხდა. მთელ მსოფლიოში აღშფოთება იმხელა იყო, რომ აშშ იძულებული გახდა რაიმე მოემოქმედა. არ ვგულისხმობ, რომ ამერიკა პირდაპირ სამხედრო ქმედებას განახორციელებს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩვენ გავანადგურებთ მიწოდების ყველა ჯაჭვს, რომელიც კვებავს რუსეთის ინდუსტრიას და სანქციას დავადებთ მის ყველა ელემენტს“, - განაცხადა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა.