რაშიზმი ახალი ტერმინი არაა, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მას ახალი სიცოცხლე მიეცა. ვინ რას გულისხმობს სიტყვაში, რომელიც სლენგიდან პოლიტიკურ ტერმინად იქცა.
ვიკიპედიაში ეს სიტყვა ასე განიმარტება: „რუსეთის მმართველი რეჟიმის მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის პოლიტიკური იდეოლოგია და პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება „განსაკუთრებულ ცივილიზაციურ მისიას“, „მოძმე ერის უფროსობას“, შეუწყნარებლობას სხვა ერების კულტურის ელემენტებისადმი, ასევე საბჭოური ტიპის ტოტალიტარიზმსა და იმპერიალიზმს, რუსული მართლმადიდებლობის ზნეობრივი დოქტრინის სახით გამოყენებას და ზემოქმედების გეოპოლიტიკურ ელემენტებს, პირველ რიგში ენერგომატარებლების მეშვეობით“.
„ძალიან ჭირს ერთი სახელის დარქმევა და მარტივად ახსნა. ეს არის საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყნის საზოგადოების მუდმივი უუფლებობის, მუდმივი განუვითარებლობის, დასავლური ცივილიზაციისგან მუდმივი გამიჯვნის შედეგი“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი.
მისი თქმით, ამ ტერმინში ფაშიზმთან ერთად იგულისხმება ყველაფერი ის, რაც ასოცირდება რუსულ ისტორიულ იმპერიულ ხედვასთან, სლავიანოფილობასთან, საკუთარ განსაკუთრებულობასთან და მისიაზე აქცენტთან, საბჭოთა ტოტალიტარიზმთან - თავისი ჩაკეტილობითა და დასავლეთისადმი ზიზღით.
რუსი პოლიტტექნოლოგი, ფილოსოფოსი და მწერალი ტიმოფეი სერგეიცევი „რია ნოვოსტის“ გვერდზე აქვეყნებს ვრცელ წერილს სათაურით: „რა უნდა უქნას რუსეთმა უკრაინას“. ის წერს, რომ ამჯერად უკრაინა ნაცისტების ხელშია ჩავარდნილი და ის რუსეთმა უნდა იხსნას. რუსეთმა უნდა გაანადგუროს ძალები, რომლებიც ახლა უკრაინის მხარეს იბრძვიან, ამასთან, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ისინი ადგილობრივი ბანდებია თუ სახელმწიფო ჯარი. ტიმოფეი სერგეიცევის აზრით, საჭიროა უკრაინის დენაციონალიზაცია და დეუკრაინიზაცია (რადგან, მისი აზრით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ვერ შედგა), ამის შემდეგ კი ახალი თაობების აღზრდა რუსული ღირებულებით.
ტიმოფეი სერგეიცევს უკრაინის „ხსნის“ გეგმა პუნქტობრივად აქვს ჩამოყალიბებული:
- ტერიტორიის გათავისუფლება ნაცისტური ჯგუფებისგან;
- რუსული საინფორმაციო სივრცის ინსტალაცია;
- იმ სახელმძღვანელოებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ამოღება, რომლებიც ნაცისტურ იდეოლოგიას შეიცავენ;
- საგამოძიებო მოქმედებების დაწყება ომის დანაშაულებების, კაცობრიობის წინაშე დანაშაულის, ნაცისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის გავრცელების გამოსავლენად;
- რუსეთის კურატორობის ქვეშ ადგილობრივ დონეზე ნორმატიული აქტების მიღება დენაციონალიზაციის მიზნით. ყველა სახის ნაცისტური იდეოლოგიის აკრძალვა;
- უკრაინული ნაციზმის მსხვერპლთა მემორიალებისა და მასთან [უკრაინულ ნაციზმთან] მებრძოლი გმირების მემორიალების მოწყობა;
- მუდმივმოქმედი ორგანოების შექმნა დენაციფიკაციის უზრუნველსაყოფად, 25 წლის ვადით.
ამის შემდეგ ავტორი წერს, რომ ამ საქმეში რუსეთს მოკავშირეები არ ეყოლება, რადგან „ეს უშუალოდ რუსეთის გასაკეთებელი საქმეა“.
ტიმოფეი სერგეიცევის ეს იდეები ერთი კაცის თვალთახედვა სულაც არაა. დღეს კრემლი და რუსული სახელისუფლებო მედია სწორედ იმავე იდეოლოგიას უწევს პროპაგანდას. ეს დოქტრინა რაშიზმის მაგალითია.
რა სჭირს რუსეთს ასეთი მოურჩენელი?
ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ რუსეთი არასდროს ყოფილა ორიენტირებული შიდა კეთილდღეობის განვითარებაზე. მისთვის მიუღებელი იყო საზოგადოების მოწყობის ყველა პროგრესული მოდელი. იმის გამო, რომ სახელმწიფოს შიგნით განვითარებას ვერ ახერხებს, რუსეთი მუდმივად ეძებს გარე რესურსებს, ცდილობს დაიპყროს ისინი და მათგან ეკონომიკური თუ ადამიანური სარგებელი ნახოს.
„ძალიან საინტერესოდ წერს ნოე ჟორდანია თავის ერთ ნაშრომში. ჟორდანია ამბობს, რომ რუსი საშუალოსტატისტიკური მუჟიკის პრობლემა არის ის, რომ სამყაროს მხოლოდ თავისი სოფლის გადასახედიდან უყურებს, ხოლო იმის იქით რა ხდება, ამას ვერც ხედავს და არც აინტერესებს. რუსეთი ძალიან დიდ სივრცეზეა განფენილი, არ არის მჭიდრო დასახლებები. ადამიანი იზოლირებულად ცხოვრობს თავის ნაჭუჭში და ხედავს მხოლოდ სახელმწიფო მანქანას, რომელიც მასთან მოდის და აიძულებს რაღაცები გააკეთოსო. ამ სახელმწიფო მანქანის წინაშე ის თავს ძალიან დაუცველად გრძნობს“, - ჰყვება ირაკლი ხვადაგიანი.
რუსი რელიგიური მოღვაწე და პუბლიცისტი იაკობ კროტოვი რუსულ იმპერიალიზმზე საუბრისას ისტორიულ ნიუანსებს ეხება. ის წერს, რომ რუსული ცინიზმი ტოტალიტარიზმისგან წარმოიქმნა. თავად ტოტალიტარიზმი კი საფუძველშივე ცინიზმი იყო, რადგან ლენინი ერთი წუთითაც კი არ აპირებდა, პროლეტარიატის წარმომადგენლები მართლაც სახელმწიფოს სათავეში მოეყვანა. ამ ადგილას ის მარტო საკუთარ თავს ხედავდა, მარქსის ლოზუნგები კი მხოლოდ საფარველი იყო...
„სტალინი კი პოლიტიკაში არა მარქსიზმს, არამედ ძველ დერჟავულ წყობას ანიჭებდა უპირატესობას, სწორედ მის რესტავრირებას აკეთებდა. მით უფრო, რომ ლენინური ტოტალიტარიზმიც რომანოვების დერჟავა იყო, კუბში აყვანილი.
სტალინის შემდეგ გამეფდა ის, რასაც უძრაობის ხანაში ცინიზმ-პოფიგიზმს ეძახდნენ. კრემლის იმპერია კი ისევ აგრძელებდა ცალკე სხვების დაპყრობას და ცალკე - საკუთარის დამიწებას. ლოზუნგების აღარავის სჯეროდა, მაგრამ ომობდნენ კიდეც და ომისთვის საჭირო საგნებსაც აწარმოებდნენ... ყველა ომი, 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში შეჭრით დაწყებული (რუსეთმა დღემდე ვერ გაითავისა, რომ ეს აგრესიული ომი იყო), იმართებოდა ადამიანების მიერ, რომლებსაც არაფრის სჯეროდათ“.
რა არის რაშიზმი დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს? პუბლიცისტი გალინა სიდოროვა რადიო თავისუფლების გვერდზე წერს, რომ რაშიზმი კაცობრიობის წინაშე დანაშაული და მეზობელი ქვეყნების განადგურების მცდელობაა... ყოვლისმომცველი ტყუილი, მაგალითად ისეთი, როგორიც საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სიტყვებია: „ვგეგმავთ თუ არა სხვა ქვეყნებზე თავდასხმას? არ ვგეგმავთ. ჩვენ არც უკრაინას დავსხმივართ თავს“...
„რაშიზმი არის იზოლაცია, როდესაც 141 სახელმწიფო ხმას აძლევს იმას, რომ რუსეთი აგრესორ ქვეყნად აღიარონ. ეს არის ქვეყნის გამოდევნა ევროსაბჭოდან... რაშიზმი ჩამოქცეული ეკონომიკაა, 7 ათასზე მეტი სანქცია, - წერს გალინა სიდოროვა, - რაშიზმი შიშისა და სიძულვილის დათესვაა, სამოქალაქო ომისკენ მოწოდება, საზოგადოების დაყოფა „ნაციონალებად“ და „მოღალატეებად“.
რაშიზმი არის აბსურდის თეატრი, განსხვავებული აზრის, განსხვავებული კულტურის შეუწყნარებლობა... უაზრო ბრბოს შეკრება ლუჟნიკების სტადიონზე, ბრბოსი, რომელიც თავის ლიდერს შეძახილებით ხვდება.
რაშიზმი არის, როდესაც ხალხი უკვე აღარ აზროვნებს“.