Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტვინის გამორეცხვა“: რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია უკრაინაში ომის გაშუქებისას დაუჯერებელ ტყუილებს ჰყვება


რუსი ჟურნალისტები მარგარიტა სიმონიანი (მარცხნივ) და რომან ბაბაიანი მტკიცედ უჭერენ მხარს კრემლის ცრუ ვერსიას უკრაინაში მომხდარი მოვლენების შესახებ, სადაც მოსკოვი პროვოკაციის გარეშე შეიჭრა გასულ თვეში.
რუსი ჟურნალისტები მარგარიტა სიმონიანი (მარცხნივ) და რომან ბაბაიანი მტკიცედ უჭერენ მხარს კრემლის ცრუ ვერსიას უკრაინაში მომხდარი მოვლენების შესახებ, სადაც მოსკოვი პროვოკაციის გარეშე შეიჭრა გასულ თვეში.

რუსეთის ტელევიზია „ენტევეს“ ტოქშოუ „შენი სიმართლე“ 26 მარტს დაიწყო ვიდეოკლიპით, რომელიც თითქოს უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მცხოვრებლების ინტერვიუებისგან შედგებოდა. ერთი ქალი ამბობდა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ბავშვებს სათამაშო მოედნებზე ხოცავდნენ, გასართობად. გაბრაზებული კაცი მოღერებული მუშტით ემუქრებოდა „ამ ფაშისტებს, ნაბიჭვრებს... ამ ნარკომანებს“.

არსად იყო ნახსენები, რომ რუსეთის ჯარების მიერ ალყაშემორტყმულ მარიუპოლს რუსული რაკეტები, ბომბები და ყუმბარები ანადგურებდნენ.

სანაცვლოდ, ვიდეოკლიპის შემდეგ გადაცემის პირველი სტუმარი გამოჩნდა - სახელმწიფო მაუწყებელი RT-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი. ის თითქოს ცრემლებს ებრძოდა, ისე ახვავებდა ერთმანეთზე გაუგონარ ტყუილებს: რომ უკრაინელი ჯარისკაცები ბავშვებს კასეტურ ბომბებს უშენდნენ; რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა კერძო მედია აკრძალა; რომ უკრაინელებს რუსები ადამიანებად არ მიაჩნიათ; რომ უკრაინელი ექიმები რუსი ტყვეების კასტრაციას მოითხოვდნენ; რომ უკრაინელი „ნაცისტები“ ბავშვებისთვის თვალების დათხრას გეგმავდნენ, მათი ეთნიკური კუთვნილების მიხედვით.

და ეს ყველაფერი ამ გადაცემის მსვლელობის პირველ ხუთ წუთში ითქვა.

რუსულ სატელევიზიო არხებზე გამუდმებით იმეორებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი „სამხედრო ოპერაციაა“, რომლის მიზანიც მეზობელი ქვეყნის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაციაა“. ისევ და ისევ ისმის ვლადიმირ პუტინის ნარატივი, რომ უკრაინა არალეგიტიმური ქვეყანაა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა და მას „ნაცისტები“ და „ნარკომანები“ უდგანან სათავეში, რომლებიც ვაშინგტონიდან იმართებიან. ეს იდეები უფრო და უფრო შხამიანი რიტორიკით ფორმდება.

„ისინი მუდმივად ცრუობენ“

„ტელევიზია ახლა სავსეა ტვინის სამხედრო გამორეცხვით“, - დაწერა ელენა რიკოვცევამ, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანამშრომელმა სარედაქციო სვეტში სათაურით „ტვინის კასეტური დაბომბვა“. მან დასძინა, რომ ერთ სტატიაშია შეუძლებელია ადეკვატურად აღწერო „ანტიუკრაინული ისტერიკის პიკი“, რომელიც რუსულ არხებზე ომის დაწყების შემდეგ დადგა.

„მარიუპოლში რუსეთის ჯარები ალყას უჭერენ ნეონაცისტებს, რომლებიც მოსახლეობას ფარად იყენებენ...“ „ნეონაცისტების ბატალიონები ადგილობრივებს ძარცვავენ და ხოცავენ...“ „ნაცისტები დევნილთა კოლონას ანადგურებენ...“ „რუსი ჯარისკაცები ბავშვებს შველიან და დაჭრილებს მკურნალობენ...“ - დღე და ღამე გაუთავებლად ეს ისმის ტელევიზიაში, - წერს რიკოვცევა.

სინამდვილეში, მარიუპოლიდან გამომავალი ყველა სანდო ცნობა სულ სხვა ვითარებას აღწერს. დევნილები კი რუსული ცეცხლის ქვეშ ყვებიან ხოლმე - მიუხედავად შეთანხმებებისა, რომლებიც ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ არსებობს.

კრემლის ნარატივის ორი ცენტრალური პოსტულატი ასეთია - რომ კიევი დონბასის რეგიონის სეპარატისტებზე თავდასხმას გეგმავდა და რომ აშშ რუსეთის განადგურებას ცდილობს, რადაც უნდა დაუჯდეს ეს.

ტელეარხ Rossia-1-ზე წამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა 27 მარტს თავისი სამსაათიანი პროგრამა დიდწილად დაუთმო აშშ-ის ზრახვებს „გაანადგუროს რუსეთი, მცირე ნაწილებად დაყოს, რუსეთს ატომური იარაღი ჩამოართვას და ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს რუსი ხალხის არსებობის საკითხი“.

დმიტრი კისელიოვი და ვლადიმერ პუტინი
დმიტრი კისელიოვი და ვლადიმერ პუტინი

უკრაინელი ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში უკრაინული სააგენტო UNIAN-ის კორესპონდენტად და კარგად იცნობს რუსეთის ტელევიზიას, ამბობს, რომ ამოხსნა, თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა:

„რუსეთის მასმედია სინამდვილეში საინფორმაციო ჯარია. ისინი მუდმივად ცრუობენ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ტელევიზიიდან RuTube-ამდე

წარსულში კრემლი ეროვნული მაუწყებლობის კონტროლით კმაყოფილდებოდა. დამოუკიდებელ და ლიბერალურ მედიას კი მარგინალური არსებობის უფლებას რთავდა. ეს მოდელი 2014 წელსაც კი არ შეცვლილა, როდესაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის რეგიონი დაიკავა და დონბასში ომი გააჩაღა.

მოსკოველი სოციოლოგი, მაქსიმ კაცი ამბობს, რომ კრემლის პოლიტიკას ამჯერად გაცილებით ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს - ამის საპასუხოდ კი სახელმწიფომ პროპაგანდა გააძლიერა და სიტყვის თავისუფლება კიდევ უფრო შეზღუდა.

„როგორც ჩანს, მათ მიაჩნიათ, რომ ხალხი ომს მხარს არ უჭერს და ამიტომ სამხედრო ცენზურა დააწესეს“, - უთხრა კაცმა რადიო თავისუფლებას. „მათ დახურეს სოციალური ქსელები, დახურეს რადიო „ეხო მოსკვი“. მათ ესმით, რომ თუ ინფორმაცია თავისუფლად გავრცელდება, ომს მხარს აღარავინ დაუჭერს“.

სამაუწყებლო ტელევიზიასთან ერთად კრემლი ინტერნეტზე ტოტალური კონტროლის მოპოვებასაც ცდილობს.

რუსეთში სოციალური მედიის ყველაზე პოპულარული პლატფორმაა YouTube-ი, რომელსაც ინტერნეტის რუსი მომხმარებლების სამი მეოთხედი იყენებს. უფრო და უფრო ხშირად ისმის მოწოდებები მის დასაბლოკად, რომლებიც კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 11 მარტს „იუტუბმა“ კრემლის მართული მედია დაბლოკა.

2021 წლის თებერვალში პუტინმა აღწერა კრემლის პოლიტიკა უცხოურ სოციალურ მედიასთან დაკავშირებით: „არაფერს არ გავთიშავთ, ვიდრე ჩვენი საკუთარი არ გვექნება, - თქვა მან, - როდესაც ჩვენი პატივცემული კოლეგები დაინახავენ, რომ ალტერნატივა არსებობს და მათ ბაზარზე მონოპოლია არ აქვთ, მაშინ სხვანაირად მოიქცევიან“.

კრემლი კარგა ხანია ცდილობს, რომ წინ წამოწიოს RuTube-ი, „იუტუბის“ კლონი, რომელიც 2006 წელს „გაზპრომმა“ დააარსა. დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, მას ყველაზე მეტი, 14.5 მილიონი მომხმარებელი 2021 წელს ჰყავდა და მათი რაოდენობა 2021 წლისთვის 3 მილიონამდე შემცირდა. შედარებისთვის - 2021 წელს 78.5 მილიონი რუსი იყენებდა YouTube-ს.

არხი Z

RuTube-ის სექცია „ახალი ამბები და მედია“ აჩვენებს ყველა ეროვნული ტელევიზიის პირდაპირ ეთერს და, ამას გარდა, კრემლთან დაახლოებული საინფორმაციო სააგენტოებისა და გაზეთების მომზადებულ ვიდეოკლიპებს. აქვე ნახავთ რუსეთის მთავრობის სხვადასხვა სააგენტოს არხებს, მათ შორის - თავდაცვის სამინისტროს არხ Zvezda-ს.

22 მარტს მათ რიგებს შეემატა ახალი არხი, სახელად ZTV, რომელიც საკუთარ თავს ასე ახასიათებს: ესაა „ოცდაოთხსაათიანი არხი, რომელიც შეეხება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში“.

მათი თავდაპირველი ვიდეოები ძირითადად ინტერვიუები იყო რუს ჯარისკაცებთან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ „ოპერაცია“ „ასი პროცენტით ეფექტიანად“ მიმდინარეობდა. მათ დროდადრო რუსეთის სამხედრო მოწყობილობის კადრები ცვლიდა. სამხედრო ექსპერტები სინამდვილეში სულ სხვა სურათს ხატავენ - რომ რუსეთის თავდასხმამ თავდაპირველი ამოცანები ვერ შეასრულა და ომში უამრავი ადამიანი და მოწყობილობა დაკარგა.

უკრაინაში ომი უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს. ალექსეი ლევინსონი, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია „ლევადას“ ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ჯერჯერობით რუსეთის პუბლიკას არა აქვს მიზეზი, რომ არ დაიჯეროს, რასაც ეუბნებიან“. თუმცა, მან დასძინა, რომ ბევრს „ქვეცნობიერი განცდა“ აქვს, რომ ომი არასწორია.

ლევინსონი ასკვნის: „ამგვარად, მათ სჭირდებათ, რამენაირად ჩაახშონ სინდისის ეს ხმა. ამას ტელევიზიის მეშვეობით აკეთებენ - ჯერჯერობით საკმაოდ წარმატებულად“.

XS
SM
MD
LG