საგარეო უწყება: გაფრთხილების მიუხედავად, უკრაინულმა მხარემ არ მოგვაწოდა მტკიცებულებები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ამბობს, რომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გუშინ, 5 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, გაფრთხილების მიუხედავად, არ წარადგინა ის მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდება. მინისტრის მოადგილის კომენტარს უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

"ჩვენ კატეგორიულად მოვთხოვეთ უკრაინულ მხარეს, წარმოადგინოს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც უკრაინელი დიპლომატის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ იგი წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში აღნიშნული შეხვედრის შინაარსზე...

ქართული მხარე სთხოვს უკრაინულ მხარეს, ამგვარი უსაფუძვლო განცხადებებით ნუ მოახდენს დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაციას და ნარატივების ტირაჟირებას, რაც ნამდვილად არ შედის ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხის ინტერესებში და ხელს უწყობს გარე ძალებს დამატებითი პროვოკაციებისთვის", - ამბობს მინისტრის მოადგილე.

ასევე ნახეთ მდინარაძე უკრაინაზე საუბრისას: ლოგიკურია, რომ ვიხილავთ დეზინფორმაციის ახალ კამპანიას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე. უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა მოკლული 10-ობით მოქალაქე. ამ ომში 150-ზე მეტი ბავშვია მოკლული.