Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე უკრაინაზე საუბრისას: ლოგიკურია, რომ ვიხილავთ დეზინფორმაციის ახალ კამპანიას


საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უკრაინაში ომის პარალელურად საქართველოს წინააღმდეგ "არნახული" და "გაუგონარი" ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. მან ამ საკითხზე საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დაადანაშაულა და უკრაინის ხელისუფლებაში ამ პარტიის წარმომადგენლების მუშაობაზე საუბრისას ისინი "ომის პარტიის" წევრებად მოიხსენია.

"დღეს უკრაინის ხელისუფლებაში სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იგივე "ომის პარტიის" წარმომადგენლები და მათი კოლეგები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ. ამ ომში ჩართულია მთელი მათი რესურსი და მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, ფეიკნიუსებისა და პროვოკაციების ხარისხი უკვე ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა", - თქვა მდინარაძემ.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოს უკრაინასთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე პრინციპული პოზიცია უკავია, თუმცა უკრაინის ხელისუფლება მაინც იმეორებს, რომ "საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად".

"ამ ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი, ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან.

მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში", - ამბობს მდინარაძე.

მისი თქმით, ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში იქნება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევაზე იქნება ორიენტირებული.

"ამისთვის უკვე მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია. ამიტომაც, მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმით არის ჩართული, განსაკუთრებით "ომის პარტიას" და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას", - თქვა მან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე. უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არამხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა მოკლული 10-ობით მოქალაქე. ამ ომში 150-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

XS
SM
MD
LG