ზალკალიანი აშშ-ში ელჩად დაინიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრად - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია. ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საქართველოს ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„მას [ზალკალიანს] პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მიღებული მონაწილეობა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, - როცა ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო [აშშ-ში ელჩის] თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენი ამოცანა, სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ორი ქვეყნის ურთიერთობები“.

ზალკალიანმა - რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში - მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში, პოზიციონირებაში საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ზალკალიანს ილია დარჩიაშვილი შეცვლის.

ასევე ნახეთ ვინ არის ილია დარჩიაშვილი, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი

დარჩიაშვილი 2021 წლიდან არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. მანამდე ოთხი წლის განმავლობაში იყო პოლონეთში საქართველოს ელჩი.

„ჩვენ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, საჭიროა აქტიურობა და ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის მისაღწევად გზაზე გვჭირდება შემართებით მუშაობა“, - თქვა ღარიბაშვილმა.