აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფის მცდელობის შედეგებს.
„ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა ნედ პრაიმა.
მან თქვა, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს შემადგენელი ნაწილების ოკუპაციას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე.
ნედ პრაისის თქმით, „სამხრეთ ოსეთის მომავლის შესახებ, რომელიც საქართველოს შემადგენელი ნაწილია, გადაწყვეტილების მიღების უფლება არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვს“.
30 მარტს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.
ასევე ნახეთ პესკოვი ბიბილოვის განცხადებაზე: კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს ასევე ნახეთ რატომ ახლა? - შეეცდება თუ არა რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიას ასევე ნახეთ ბჟანია ადასტურებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს