Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანია ადასტურებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კომენტარი გააკეთა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ სამხრეთი ოსეთი იურიდიულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან გასაერთიანებლად.

„ჩვენ მივესალმებით სამხრეთ ოსეთის ხალხის მისწრაფებას ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების შესახებ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს ფარგლებში. დარწმუნებული ვართ, ეს ნაბიჯი სრულად შეესაბამება სამხრეთ ოსეთის ინტერესებს“, - განაცხადა ბჟანიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი არ აპირებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.

„სუვერენული, დამოუკიდებელი აფხაზეთი ააგებს და მომავალშიც განაგრძობს ძმურ მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობის აგებას, 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მკაცრი დაცვით, რომელშიც გამყარებულია შემდეგი დებულებები:

  • კოორდინირებული საშინაო პოლიტიკის განხორციელება;
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნა;
  • საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირება;
  • აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ხელშეწყობა;
  • რუსეთის ფედერაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელებულ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის პროცესებში აფხაზეთის რესპუბლიკის სრულყოფილი მონაწილეობისთვის პირობების შექმნა“, - განაცხადა ბჟანიამ.

გუშინ, 30 მარტს, გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას თქმით, რაც შეეხება აფხაზეთის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობას, ასეთი განწყობები არც პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზეთის საზოგადოებაში არ არსებობს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ცნო საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა". საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.

XS
SM
MD
LG