კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის, გადაწყვეტილების კომენტირებისას. ბიბილოვი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციასთან მიერთების სურვილის თაობაზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება.
„არავითარი პოზიციის გამოხატვა არ შემიძლია. ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა მოქმედება არ განგვიხორციელებია, მაგრამ, ამავდროულად, ამ შემთხვევაში, საუბარია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე და მას ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით", - რუსეთის მედიის ცნობით, უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს დღევანდელ ბრიფინგზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ "ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა". ამასთან დასძინა, რომ საქართველო "არ გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად".
ცხინვალში დაგეგმილ რეფერენდუმზე საუბარს მიუღებლად მიიჩნევს საქართველოში ვიზიტად მყოფი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი.
"დანია გმობს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას", - ამბობს იეპე კოფოდი. მანვე განაცხადა, რომ „დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ".
ასევე ნახეთ დავით ზალკალიანი: არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენადგუშინ, 30 მარტს, გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარდება იგეგმება.
10 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო ბიულეტენების ბეჭდვა, თუმცა ე.წ სარეფერენდუმო საკითხის ბიულეტენები ჯერ არ იბეჭდება.
ასევე ნახეთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას თქმით, რაც შეეხება აფხაზეთის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობას, ასეთი განწყობები არც პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზეთის საზოგადოებაში არ არსებობს.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, კრემლმა 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. აღიარების შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში განათავსა მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზა, სადაც რუსეთიდან ჩაყვანილი ჯარისკაცების გარდა, ადგილობრივი ჯარის პირადი შემადგენლობაც შეიყვანეს. ახლა ამ ბაზის შემადგენლობის ნაწილი, მათ შორის ცხინვალელი ახალგაზრდები, რუსეთის მხარეს, უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის და დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა გადაწვეს და გაანადგურეს ლიახვის ხეობის ქართული სოფლები, საქართველოს 30 ათასამდე მოქალაქე დევნილად იქცა. მას შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ კრემლს მიერთების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიისგან რუსეთი ჯერჯერობით თავს იკავებს.