მერები 5000-ლარიანი ხელფასით, მრჩევლებით, თანაშემწეებით, მძღოლებით და მდივნებით - ინფოგრაფიკა

პანდემიის შემდეგ საქართველოში გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა, ფასები სურსათზე და მერების ხელფასები.

2021 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ გააორმაგებდა ქალაქის მერების ხელფასებს და გაზრდიდა ანაზღაურებას საჯარო სექტორში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გაცემული დაპირების შესრულების შემდეგ მერების ხელფასები თითქმის ყველა ქალაქში - 5000 ლარამდე გაიზარდა, მათი მოადგილეების ანაზღაურება კი 3000 ლარს აჭარბებს. მოადგილეების გარდა მერებს ჰყავთ თანაშემწეები, მრჩევლები, მძღოლები და მდივნები, დადიან სახელმწიფოს ავტომობილებით და, როგორც აუდიტის სამსახური პერიოდულად მიუთითებს ანგარიშებში, იმაზე მეტ საწვავსაც ასხამენ, ვიდრე ამის უფლება აქვთ.

„საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას. ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან“, - ასე ახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილება, ხელფასი გაეზარდა მერებისთვის. არასამთავრობო სექტორმა ეს დაპირება საარჩევნო პროცესზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობად აღიქვა და განმარტა, რომ არსებული კანონმდებლობით მერებს ისედაც შეეძლოთ 6000 ლარამდე თანხის ოდენობით გაეზარდათ თავიანთი ანაზღაურება. ამ დროისთვის 3 მუნიციპალიტეტში მერების ხელფასი 4500 ლარი იყო. საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1463 ლარია.

2022 წლის თებერვალში რადიო თავისუფლებამ მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა ინფორმაცია მერიაში დასაქმებულების ანაზღაურების შესახებ. მიღებული ინფორმაციის ანალიზით სხვადასხვა ქალაქში ასეთი სურათი მივიღეთ:

ერთადერთი ქალაქი, რომელმაც ინფორმაცია მოგვაწოდა და სადაც მერის ხელფასი 3000 ლარს არ აღემატება, წალენჯიხაა. ესაა ასევე ერთადერთი ქალაქი, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. წალენჯიხაში სხვა ქალაქებთან შედარებით დაბალია მერების მოადგილეების ხელფასიც: 2150 ლარი პირველი მოადგილისთვის და 2000 ლარი მოადგილისთვის; ყველა სხვა ქალაქში, რომელმაც ინფორმაცია მოგვაწოდა, მერების მოადგილეების ხელფასი 3000 ლარს აჭარბებს.

მერების და მათი გარემოცვის ანაზღაურების შესახებ დეტალური ინტერაქტიული გრაფიკა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

ამბროლაურში მერის და მისი მოადგილეების თვიური ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ამავე მუნიციპალიტეტის ცალკეულ სოფლებში წყლის სისტემის მოწყობის, სპორტული მოედნის რეაბილიტაციის, გზის შეკეთების ან გარე განათების სამუშაოების ღირებულება. რაჭის სოფლები ამ პრობლემების გადასაჭრელად ძირითადად 10 000 ლარს იღებენ, მერის, მისი მოადგილეებისა და მძღოლის ხელფასი კი 13 145 ლარია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით აღრიცხული ჰყავს 16 უსახლკარო ადამიანი.

ქალაქ ამბროლაურში, მდ. კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილზე ეცნობა ამბროლაურის მერი, ზვიად მხეიძე.

ცაგერში მერის, მისი მოადგილეების, მძღოლისა და მრჩევლის წლიური ხელფასი ორჯერ და მეტად აღემატება იმ თანხას, რასაც მუნიციპალიტეტი სარეზერვო ფონდიდან ხარჯავს სოციალურად დაუცველი, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისა და ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად.

ცაგერის მერი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძეა. 2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ნემსაძე და მისი ოჯახი 6 საცხოვრებელ სახლს, მიწის ნაკვეთებს სიღნაღსა და წეროვანში, რამდენიმე კომერციულ ფართს და 4 ავტომობილს ფლობს.

ცაგერის მრჩევლის ფუნქცია მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების, ა(ა)იპ-ების საქმიანობის კოორდინაციაა.

ახმეტის მერის და მისი მოადგილეების თვიური ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე მარტოხელა მშობლებისა და 95 წელს გადაცილებული მოხუცებისთვის, ასევე უსინათლოებისთვის, ჯამში, 30-მდე ადამიანისთვის განკუთვნილი დახმარება.

ახმეტაში მოსახლეობის 30% საარსებო შემწეობის მიმღებია.

ბაღდათის მერის, მისი მოადგილეებისა და მრჩევლების ერთი თვის ხელფასი დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ამ მუნიციპალიტეტის სარეზერვო ბიუჯეტის მოცულობა წლის განმავლობაში, რომელიც ძირითადად მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისთვის გამოიყენება.

ბაღდათში სოციალურ შემწეობას იღებს მოსახლეობის 15%.

ბაღდათის მერისა და მისი გარემოცვის თვიური ხელფასი იმაზე მეტია, ვიდრე ამავე მუნიციპალიტეტის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ცალკეულ სოფლებში გზების მოწესრიგებისთვის და ბავშვებისთვის ატრაქციონების შესაძენად გამოყოფილი თანხები. 2022 წელს მაგალითად სოფელ წაბლარასხევში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა და ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონის შეძენა 10 000 ლარი ჯდება, სოფელ ხანში საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონების მოწყობა და გარე განათების მონტაჟი კი 16 000 ლარი.

დედოფლისწყაროს მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამ თანამდებობას მეორედ იკავებს. 2017 წლის ნოემბრამდე, სანამ დედოფლისწყაროს მერი გახდებოდა, ამავე ქალაქის გამგებელი იყო. მისი წინა წლებში შევსებული დეკლარაციების მიხედვით, მერობის პირველი ვადისას უფრო დაბალი ხელფასი ჰქონდა, 3000 ლარამდე.

დედოფლისწყაროში მოსახლეობის 21% იღებს სოციალურ შემწეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მეხუთე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი სოფელ არხილოსკალოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ათვალიერებს. 24 დეკემბერი, 2021 წელი

თერჯოლის მერიაში 165 ადამიანი მუშაობს, შრომითი ხელშეკრულებაა გაფორმებული კიდევ 14-თან. მათ შორის არიან საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, მერის თანაშემწე, 2 მძღოლი, 3 მდივანი და ფოტოგრაფი.

თერჯოლის მერის, მისი მოადგილეებისა და დამხმარე პერსონალის წლიური ხელფასი 5-ჯერ მეტია, ვიდრე მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა.

თერჯოლაში საარსებო შემწეობას იღებს მოსახლეობის 8,4%. 2014 წლიდან ამ დრომდე ეს მონაცემი გაორმაგებულია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში 126 შტატიანი თანამშრომელი და 10 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მუშაობს. თუ მერისა და მისი მოადგილეების ხელფასებს არ ჩავთვლით, ყველაზე მაღალი ხელფასი მუნიციპალიტეტის მერიაში, 2200 ლარია, ყველაზე დაბალი - 800 ლარი.

მარტვილის მერისა და მისი დამხმარე თანამდებობის პირების ორი თვის ხელფასებზე დაახლოებით იმდენი იხარჯება, რამდენიც წლის განმავლობაში კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, წლიური ხელფასი კი 4-ჯერ მეტია, ვიდრე სარეზერვო ფონდის მოცულობა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, თორნიკე ჯანაშია მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრას მართავს კურზუს, ტალერის და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში. 5 მარტი, 2022 წელი

საჩხერეში მერის, მისი მოადგილეებისა და თანაშემწეების თვიური ხელფასი დაახლოებით იმდენია, რამდენიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში თითო სოფლისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი.

საჩხერეში სოციალურ შემწეობას იღებს მოსახლეობის 20%.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ივანაშვილი, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტს ულოცავს ა(ა)იპ ,,ზურმუხტის“ თანამშრომლებს, რომლებიც ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნავენ. 8 მარტი, 2022 წელი

სენაკში მერის, მისი მოადგილის, თანაშემწისა და მძღოლის თვიური ხელფასი იმდენივეა, რამდენიც 300 მოქალაქისთვის სურსათის შესაძენად გამოყოფილი თანხა ამავე მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 2020 წელს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტმა ერთჯერადად 11 547 ლარი გამოყო.

სენაკის წლიური ბიუჯეტი საშუალოდ 18 მილიონი ლარია; უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს ყოველი მეხუთე სენაკელი.

ტყიბულში მერის, მისი მოადგილეებისა და თანაშემწეების წლიური ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე სარეზერვო ფონდის წლიური ბიუჯეტი.

ტყიბულის სარეზერვო ფონდი ძირითადად ფარავს მოქალაქეების ოპერაციებისა თუ მკურნალობის ხარჯებს, სამედიცინო გამოკვლევების საფასურს. გარდა ამისა, თანხები გამოიყო საზღვარგარეთ გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსასვენებლად, შახტაში დაღუპული ოჯახების დახმარებისათვის; ასევე, დაღუპულების ოჯახებს საცხოვრებელი ბინები უყიდეს, გააუმჯობესეს სიდუხჭირეში მყოფთა საყოფაცხოვრებო პირობები.

ტყიბულში გაწერილია მერის თანაშემწეების და მდივან-რეფერენტის ფუნქციები: მერის თანაშემწეებიდან ერთს ევალება შესაბამის სამსახურთან ერთად ახალგაზრდობის პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, შესწავლა და მათი გადაჭრისათვის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ხელშეწყობა; ასევე ახალგაზრდებში მოხალისეობრივი და საქველმოქმედო საქმიანობის პოპულარიზაცია;

მეორე თანაშემწის ფუნქციებში შედის ინფორმაციის შეგროვება-მიწოდება, რაც გულისხმობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერის სახელზე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოსული მასალების გაცნობასა და დამუშავებას; ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მიღება-დამუშავებას და მერისათვის მიწოდებას, სამუშაო შეხვედრებსა და თათბირებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგებას.

რაც შეეხება მერის მდივან-რეფერენტს, მისი მოვალეობაა მერის მიერ ორგანიზებულ თათბირებზე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა, თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეთა მოწვევა; ასევე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლება და დარიგება, მოძიებული ინფორმაციისა და სხვადასხვა მასალის დამუშავება (თარგმნა, რეფერირება), სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და მოქალაქეთა/ ვიზიტორების მიღების ორგანიზება.

სხვა ქალაქების მსგავსად, ფოთშიც ქალაქის მერის, მისი მოადგილეების, თანაშემწეებისა და მძღოლების წლიური ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე სარეზერვო ფონდის მოცულობა.

ფოთში მერიას რეგისტრირებული ჰყავს 200-მდე უსახლკარო ადამიანი. საარსებო შემწეობას იღებს მოსახლეობის 8,2%.

ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ეცნობა ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობას. 9 დეკემბერი, 2021 წელი

წყალტუბოს მერის, მისი მოადგილის, მრჩევლის, თანაშემწის, მდივნისა და კონსულტანტის წლიური ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე ამავე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხები.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2022 წლის 1 თებერვლისთვის რეგისტრირებულია 61 უსახლკარო ოჯახი. უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს მოსახლეობის 13%.

ხელვაჩაურში მერის, მისი მოადგილეების, რეფერენტებისა და თანაშემწეების წლიური ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე ამავე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები 2022 წელს. ხელვაჩაურს მონდომებული სტუდენტების ხელშესაწყობად ბიუჯეტში მხოლოდ 45 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

ხელვაჩაურში მოსახლეობის 20% ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში და იღებს საარსებო შემწეობას.

ხობში მერისა და მისი მოადგილეების წლიური ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე ამავე ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვისთვის, ასევე კულტურული ღონისძიებებისა და ზოგადი განათლებისთვის.

ხობში მოსახლეობის 15,9% ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში და იღებს საარსებო შემწეობას. 2014 წელს უკიდურეს სიღარიბეში ამ ქალაქში მოსახლეობის 5,9% ცხოვრობდა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი და ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, ფონდ "ქართუს" დაფინანსებით აშენებულ, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში იმყოფებიან, სადაც ტაძრის კურთხევისთვის მზადება მიმდინარეობს. Მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესიის კურთხევა მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება. 23 თებერვალი, 2021 წელი

ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის, საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში ფინანსურ დახმარებას - ერთი სახლის ასაშენებლად განკუთვნილი თანხა (10 000 ლარი) უფრო ცოტაა, ვიდრე მერის, მისი მოადგილეებისა და თანაშემწეების თვიური ხელფასი.

ხულოს მერიის წარმომადგენლებმა მოინახულეს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის განკუთვნილი პროგრამის დახმარებით აშენებული სახლი სოფელ ვაშლოვანში. 13 დეკემბერი, 2021 წელი

გურჯაანში მერის ერთი წლის ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხაა. ქალაქის ბიუჯეტში ამ მიზნით 50 000 ლარია გათვალისწინებული.

მერის და მისი გარემოცვის ხელფასები მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის მოცულობაზე ორჯერ მეტია. მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა 2015-2022 წლებში 100 000 ლარი იყო. ქალაქს ეს თანხა სრულად არასოდეს აუთვისებია.

გურჯაანში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და საარსებო შემწეობას იღებს მოსახლეობის 20%.

ასევე ნახეთ მილიონებს დამატებული მილიონები - რამდენს უხდიან ქალაქები ეკლესიას

* ფოტოები და მათი აღწერები აღებულია მუნიციპალიტეტების ფეისბუკგვერდებიდან. ტექსტების სტილი შენარჩუნებულია.