დავით ზალკალიანი: არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს გამეორდეს ის, რაც მოხდა 2008 წელს და "იყოს ჩართული პროვოკაციებში". მან დანიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანა არ გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

"ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა, მით უფრო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან და ეთნიკური წმენდის შედეგად, არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. აქაც გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი მეგობრების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა...

ჩვენ ამ ვალდებულების ერთგული ვართ და ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენი იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს", - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცხინვალში დაგეგმილ რეფერენდუმზე საუბარს მიუღებლად მიიჩნევს საქართველოში სტუმრად მყოფი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი.

"სტრასბურგის სასამართლომ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასება მისცა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას", - აღნიშნა იეპე კოფოდმა.

გუშინ, 30 მარტს, გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში ჩატარდება რეფერენდუმი.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ

10 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო ბიულეტენების ბეჭდვა, თუმცა ე.წ სარეფერენდუმო საკითხის ბიულეტენები ჯერ არ იბეჭდება.

ოკუპირებული აფხაზეთისგან განსხვავებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცირეა იმ სამოქალაქო აქტივისტების რაოდენობა, რომლებიც რუსეთთან გაერთიანებას მხარს არ უჭერენ. მათი იდეაა ყველასგან დამოუკიდებელი ოსეთის რესპუბლიკის შექმნა.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, კრემლმა 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. აღიარების შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში განათავსა მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზა, სადაც რუსეთიდან ჩაყვანილი ჯარისკაცების გარდა, ადგილობრივი ჯარის პირადი შემადგენლობაც შეიყვანეს. ახლა ამ ბაზის შემადგენლობის ნაწილი, მათ შორის ცხინვალელი ახალგაზრდები, რუსეთის მხარეს, უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის და დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა გადაწვეს და გაანადგურეს ლიახვის ხეობის ქართული სოფლები, საქართველოს 30 ათასამდე მოქალაქე დევნილად იქცა. მას შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ კრემლს მიერთების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიისგან რუსეთი ჯერჯერობით თავს იკავებს.