მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებზე“

ვლადიმირ მედინსკი

სტამბოლში 29 მარტს გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებზე“. ამის შესახებ 30 მარტს განაცხადა მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ.

მედინსკის თქმით, უკრაინის მხარემ პირველად განაცხადა რუსეთთან შეთანხმების მზადყოფნაზე. სამშვიდობო დარეგულირების თაობაზე მის მიერ წარმოდგენილი პრინციპები, კერძოდ, შეიცავს უარს ნატოში შესვლაზე, თავის ტერიტორიაზე უცხოეთის სამხედრო ბაზებისა და სამხედრო კონტინგენტების განლაგებაზე, ასევე სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე გარანტორი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის, თანხმობის გარეშე.

„თუკი ყველა ეს ვალდებულება შესრულდება, მაშინ ლიკვიდირებულ იქნება უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს პლაცდარმის შექმნის საფრთხე“, - განაცხადა მედინსკიმ. მან აღნიშნა, რომ მხარეებს შორის რჩება აზრთა სხვადასხვაობა, კერძოდ, ყირიმისა და დონბასის საკითხებში.

ასევე ნახეთ მედინსკი: რუსეთი დეესკალაციის მიზნით დგამს ორ ნაბიჯს

მიუხედავად იმისა, რომ მედინსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უკრაინის წინადადებები აკმაყოფილებს რუსეთს, თავად ეს მოთხოვნები სხვაგვარად არის ფორმულირებული. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის მიზნებად დაასახელა უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაცია“, ასევე ის, რომ კიევმა აღიაროს ყირიმის ანექსია და დონბასის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. სტამბოლში წარდგენილ უკრაინის წინადადებებში არ არის არც "დემილიტარიზაცია" (ნეიტრალური სტატუსი არ უდრის მას), არც „დენაციფიკაცია“. ტერიტორიებზე უარის თქმას კი უკრაინა არ აპირებს და გამოდის წინადადებით, ყირიმში 15 წლით დაფიქსირდეს სტატუს კვო და ამ ხნის განმავლობაში მოლაპარაკებები გაიმართოს მისი სტატუსის შესახებ. ამ პოზიციას მოსკოვი ადრე მიუღებელს უწოდებდა.

ვლადიმირ პუტინს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი უკრაინის წინადადებებზე.

უკრაინის დელეგაციის წევრებმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლის მოლაპარაკებების კომენტირებისას აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ უკრაინამ, მის წინადადებებზე თანხმობის შემთხვევაში, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის - მასზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინა უარს არ ამბობს ტერიტორიებზე და განაცხადეს, რომ ნებისმიერი შეთანხმებების ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები 23 თებერვლის პოზიციაზე დაბრუნდებიან.