უკრაინის გენერალური შტაბის 30 მარტის მონაცემებით, რუსეთმა სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში დაახლოებით 17 300 ჯარისკაცი და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის საბრძოლო ტექნიკა დაკარგა, მათ შორის:
• 605 ტანკი
• 1723 საბრძოლო ჯავშანმანქანა;
• 305 საარტილერიო სისტემა;
• 96 ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი;
• 54 საჰაერო თავდაცვის სისტემა;
• 131 თვითმფრინავი;
• 131 შვეულმფრენი;
• 1184 ერთეული საავტომობილო ტექნიკა;
• 7 გემი და კატარღა;
• 81 უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა.
მანამდე მოწინააღმდეგის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ბოლო ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 22 მარტს გამოაქვეყნა.
ასევე ნახეთ
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთმა ომის დაწყებიდან 15 300 სამხედრო დაკარგა
ცნობის თანახმად, ერთი კვირის წინ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის დანაკარგი ასე გამოიყურებოდა: 15 300 სამხედრო, 500-ზე მეტი ტანკი და 99 თვითმფრინავი, 1 556 ჯავშანმანქანა და 1000 სხვა სახის ავტომობილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა ძალოვანი უწყებები განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ.
პირველი ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მარტის დასაწყისში. ამ ცნობის თანახმად, რუსეთის არმიამ დაკარგა 498 მეომარი. 25 მარტს რუსეთის გენერალურმა შტაბმა დანაკარგების შესახებ ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთმა მოკლულის სახით დაკარგა 1351 ჯარისკაცი, ხოლო 3825-მა სხვადასხვა ჭრილობა მიიღო.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.