Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთმა ომის დაწყებიდან 15 300 სამხედრო დაკარგა


რუსეთის განადგურებული ტანკი კიევის მისადგომებთან, 20 მარტი, 2022 წელი.
რუსეთის განადგურებული ტანკი კიევის მისადგომებთან, 20 მარტი, 2022 წელი.

"უკრაინსკაია პრავდა" უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას რუსეთის არმის დანაკარგების შესახებ.

გენშტაბი აქვეყნებს მონაცემებს 24 თებერვლის შემდგომ პერიოდზე, რაც რუსეთის არმია უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.

ცნობის თანახმად, რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაკარგა 15 300 სამხედრო, 500-ზე მეტი ტანკი და 99 თვითმფრინავი. უკრაინის მონაცემები, როგორც ცნობაშია ნათქვამი, ყოველდღიურად ზუსტდება ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ფონზე.

რუსეთის არმიამ, 509 ტანკთან ერთად, ამ ცნობის მიხედვით, დაკარგა 1 556 ჯავშანმანქანა და 1000 სხვა სახის ავტომობილი. რაც შეეხება საჰაერო საბრძოლო ტექნიკას, ჩამოგდებულია რუსეთის 99 თვითმფრინავი და 123 ვერტმფრენი. სხვა საბრძოლო საშუალებებს შორის რუსეთის არმიამ დაკარგა 252 საარტილერიო სისტემა და საზენიტო თავდაცვის 45 ერთეული, 80 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და სხვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა ძალოვანი უწყებები აღიარებენ, რომ არის მსხვერპლი მათ რიგებში, მაგრამ არ ასახელებენ უკრაინაში დაღუპულების ზუსტ რიცხვს.

ბოლო ცნობა თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მარტის დასაწყისში. ამ ცნობის თანახმად, რუსეთის არმიამ დაკარგა 498 მეომარი.

რუსეთის გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდა“ 21 მარტს იტყობინებოდა 9 ათასი რუსი სამხედროს დაღუპვის შესახებ.

შემდეგ, თვითონ გამოცემამ და თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ ეს იყო დეზინფორმაცია, რომელიც საიტზე მოხვდა მისი გატეხის შედეგად.

XS
SM
MD
LG