ომის ყველა სცენარი, რუსეთი, როგორც ჩრდილოეთი კორეა და პუტინისტური ელიტის თამაშები - ვლადიმირ პასტუხოვის პროგნოზები

ვლადიმირ პასტუხოვი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის თანამშრომელი

რა სცენარებით შეიძლება წარიმართოს ომი უკრაინაში და რით დამთავრდება ის? ამის შესახებ ვკითხეთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ზუსტი პოლიტიკური პროგნოზების ავტორს რუსეთში - პოლიტოლოგს, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, ვლადიმირ პასტუხოვს.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ის წერდა, რომ ვლადიმირ პუტინი „წამოიწყებს დიდ ომს, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად“. პასტუხოვის აზრით, უკვე მიმდინარე ომში უახლოესი ორი-სამი თვე გადამწყვეტი იქნება.

- თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მინდა, რომ ეს ინტერვიუ იყოს გასაგები პროგნოზების ერთგვარი ნაკრები, რადგან თქვენი პროგნოზები რუსეთის განვითარებასთან მიმართებით, საოცარი სიზუსტით ახდება ხოლმე.

მაგალითად, გუშინ [ინტერვიუ აღებული იყო 28 მარტს] ვკითხულობდი თქვენს ინტერვიუს, რომელიც ერთი წლის წინ არის ჩაწერილი. და 2021 წლის მარტში თქვენ თქვით, რომ პუტინი დაიწყებს ახალ ომს 2030 წლამდე, იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. მან ომი დაიწყო. ახლა რამდენ ხანს შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, როგორ ფიქრობთ?

ის, რომ პუტინმა ხაზი გადაკვეთა, არსებითად ამცირებს მისი მშვიდი სიბერის შანსებს...

- ძალიან ფრთხილად, იმის გათვალისწინებით, რომ ვითარება აღარ არის კაცობრიობის კონტროლის ქვეშ, ამ სიტყვის ფართო გაგებით. იმიტომ, რომ ახლა ის უკვე თავისით ვითარდება და ცალკეული ადამიანების სურვილს, მათ შორის მათი, ვინც ეს ვითარება შექმნა, უკვე აღარ შეუძლია არსებითი გავლენის მოხდენა იმაზე, რაც მოხდება.

არსებითი გავლენის მოხდენა იმაზე, რაც მოხდება, მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია: ფრონტის ხაზზე ბრძოლის გამწვავებას. რადგან ფრონტის ხაზზე ბრძოლის გამწვავება - უკიდურესად არაპროგნოზირებადი რამ არის, იმის გამო, რომ ყველა პროგნოზი დამოკიდებულია მასზე და მისგან მომდინარეობს, - ისინი უბრალოდ იფანტება.

მაგრამ დიდი სიფრთხილით თქვენს შეკითხვას ასე ვუპასუხებდი: ის, რომ პუტინმა ვერ შეიკავა თავი და გადალახა ეს ხაზი, არსებითად ამცირებს მისი ხანგრძლივი და მშვიდი სიბერის შანსებს.

აი, სადღაც ასე, ანუ, ჩემი აზრით, ჩვენ მხოლოდ შემდეგზე შეგვიძლია ვისაუბროთ: ეს აძლიერებს და ახანგრძლივებს ძალაუფლებაში მისი ყოფნის ვადას თუ ეს, როგორც ამბობენ, გამოწვევის წინაშე აყენებს?

შესაძლოა, ყველაფერი განვითარდეს რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე მონაკვეთში...

ეს, დიდი ალბათობით, სერიოზული გამოწვევაა, ჩემი აზრით, თუ ამ ოპერაციის დაწყებამდე საუბარი იყო საკმაოდ ხელშესახებ კრიტიკულ ვადებზე ჩემთვის, როგორიცაა 2026-27-დან 2032 წლამდე - სადღაც ამ მონაკვეთში თავი უნდა იჩინოს ლითონის დაძველებამ, მაგრამ ახლა ვიტყოდი, რომ ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ყველაფერი რამდენიმე თვიდან, თუ ეს სიბრიყვის მწვავე ანთებაა, რამდენიმე წლამდე მონაკვეთში განვითარდეს, თუ მოხერხდება გარკვეული შედეგების არევა.

რას უნდა ველოდეთ პუტინისტური ელიტისგან?

- როგორ გეჩვენებათ, პუტინისტურ ელიტას ეს ესმის? და მაშინ რა ელის მას, მით უმეტეს, რომ კიდევ ერთ თქვენს ფრაზას მოვიყვან: „წააგებს პუტინი - მათ სიცოცხლე არ უწერიათ, მოიგებს - მით უმეტეს“. და ამასთან დაკავშირებით ისინი რას გააკეთებენ ახლა, როგორ ფიქრობთ?

- ვფიქრობ, რომ პუტინისტური ელიტა - ეს ახლა პირებისა და კატეგორიების ძალიან ფართო სპექტრია, რომლის შიგნითაც მრავალი ფენაა.

იქ არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ისევე აზროვნებენ, როგორც პუტინი, არამედ ზოგიერთები მას წინ უსწრებენ კიდეც ამ თავიანთი აზროვნებით.

ანუ, ისინი მოწამლულები არიან იმავე სექტანტური იდეოლოგიით, რომელიც რუსული ელიტის წრეებში მენტალური დაავადების ავთვისებიან ფორმად იქცა. ამიტომაც ეს ხალხი ჯერჯერობით რეფლექსიის შესაძლებლობას მოკლებულია.

ისინი ჯერ ფიასკოს ხარისხის გააზრების პროცესში არიან...

არსებობს პუტინისტური ელიტის მეორე ნაწილი, რომელიც შეშინებულია, მაგრამ ისინი შეშინებულები არიან იმით, რომ კომფორტის ზონიდან გამოიყვანეს. და ჯერ უბრალოდ ფიასკოს ხარისხის გააზრების პროცესში არიან, რბილად რომ ვთქვათ. და რადგანაც ამ ფიასკოს მთელი სიღრმე მათ მიერ არ არის გააზრებული, ამიტომ ქცევის ძირითადი მოქმედი მოდელია - დინებებს შორის გავლა.

ჯერჯერობით, მნიშვნელოვანი ნაწილისთვის დინებებს შორის გავლა - ეს სტრატეგიაა, დინებებს შორის ცდილობს გავლას აბრამოვიჩი, როგორც ყველაზე მსხვილი, შესამჩნევი ფიგურა.

შესაბამისად, ყველა სხვა დანარჩენი, უფრო წვრილ-წვრილები, მის ქცევას იმეორებს, ანუ ისინი ცდილობენ, თავი ისე მოაჩვენონ, ვითომ უბრალოდ ისე, შორიახლოს მიდიოდნენ და შემთხვევით აღმოჩნდნენ ამ ოთახში არასასიამოვნო მომენტში, როცა იქ ვიღაცას გული აერია.

მომხდარის მასშტაბი პუტინისტური ელიტის ძალიან მცირე ნაწილს აქვს რეალურად გააზრებული...

მომხდარის მასშტაბი პუტინისტური ელიტის ძალიან მცირე ნაწილს აქვს რეალურად გააზრებული. ეს ხალხი გაირინდა და ცდილობს გაიგოს, როგორ გადარჩეს. ისინი არ ახდენენ იმის დემონსტრირებას, რაც გაიაზრეს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ საშიშია.

- რამდენ ხანს შეიძლება იყვნენ ასეთ გარინდებულ მდგომარეობაში? და მაშინ უნდა ველოდეთ თუ არა რამე გადამწყვეტ და მკვეთრ მოქმედებებს ელიტის იმ ნაწილისგან, რომელიც ახლა ამ გარინდებულ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ, ამასთანავე, ხვდება, რა ხდება?

- დღევანდელ დღეს ჯერჯერობით ძნელად წარმომიდგენია რაღაც მკვეთრი მოქმედებები ელიტის რომელიმე ნაწილის მხრიდან, რადგან ავადმყოფობა ძალიან მიშვებულია, ანუ ყველა, - თქვენ ნახეთ ის გრძელი მაგიდა, - ყველა ძალიან შორს იმყოფება ერთმანეთისგან საიმისოდ, რომ შანდლები ესროლონ ერთმანეთს.

ამიტომ, პრინციპში, უბრალოდ ცხოვრებამ, ისტორიამ, ძალიან არსებითად უნდა შეცვალოს ვითარება იმისთვის, რომ მაგიდასთან განლაგების კონფიგურაცია სხვაგვარი გახდეს. დღესდღეობით ჯერ არ არის ის ვითარება, როცა ნებისმიერი მოძრაობა არ შეიძლება იყოს საბედისწერო ელიტის იმ წარმომადგენლებისთვის, რომელიც შეეცდება თავი გამოიჩინოს.

შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ იმის იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ ისტორია ამოძრავდა. ისტორია - ეს არის მთავარი სუბიექტი, რომელიც დღეს კარტებს ურევს ამ გრძელ მაგიდასთან. და არა ის ადამიანები, ვინც იქ სხედან.

მათ მხოლოდ ხელები უწყვიათ, კარტები კი თავად დახტიან ამ მაგიდაზე...

ხომ გესმით, ეს პიანინოსავითაა. არსებობს ასეთი პიანინო, ხომ იცით, ის ევროპაში მყოფ ძალიან ბევრ რუს ოლიგარქს „დაჩებზე“ უდგას, და ზოგიერთ პრეზიდენტსაც კი უყვარს მისით გართობა. ეს პიანინოები თვითონ უკრავენ.

ანუ, შენ ასე ზიხარ, ჭკვიანი სახით, დააწყობ ხელებს, უკრავ რომელიმე პოპმელოდიას, სინამდვილეში კი, არაფერსაც არ უკრავ, იმიტომ რომ კლავიშები თავისით მოძრაობენ.

ჰოდა, აი, დღეს, თითქოს გვყავს ელიტა, რომელიც რუსეთში თითქოს რაღაც მაგიდასთან ზის, პრეზიდენტით სათავეში, და ისინი ვითომ პოლიტიკოსობანას თამაშობენ.

და მათ ეჩვენებათ, რომ იქ კარტებს არიგებენ. სინამდვილეში, მათ უბრალოდ ხელები უწყვიათ, კარტები კი თავად დახტიან ამ მაგიდაზე, იმიტომ რომ მათ დიდი ხანია, ისტორია „ურევს“.

და სანამ ისტორია არ შექმნის სრულიად ახალ კონფიგურაციას, ანუ, არ ისაუბრებს ამ ადამიანების ზრახვებზე, იმაზე, თუ რას ფიქრობენ ისინი - მათ შეიძლება ნებისმიერ რამეზე იფიქრონ.

მათ დღესდღეობით არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. და, პრინციპში, არც არაფერზე ფიქრი შეუძლიათ იმის გარდა, თუ როგორ გადარჩნენ. მაგრამ შეიძლება საქმე ისე წარიმართოს, რომ ეს კარტები ჩვენთვის ყველასთვის ყველაზე მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი სახით დალაგდეს სულ რამდენიმე თვეში. და მაშინ ამ ხალხის აზრი, შესაძლოა, მოთხოვნადი გახდეს.

ომის სამი შესაძლო სცენარი

- ბევრჯერ მესმის სწორედ უახლოესი რამდენიმე თვის შესახებ, რომ ეს ერთგვარი გადამწყვეტი პერიოდი იქნება, მაისის უქმე დღეებიც სახელდება, რაღაც სხვა თარიღებიც, მაგრამ ყველა ამ უახლოესი ორი-სამი თვის ფარგლებში.

შეკითხვა, რომელიც არ შემიძლია არ დაგისვათ, იმიტომ რომ პასუხი მასზე, გასაგებია, რომ ახლა შეიძლება არც ვლადიმირ პუტინმა იცის და არც ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამის მიუხედვად, როგორ ფიქრობთ, როდის და რით დამთავრდება ეს ომი?

- ამ ომს სამი შესაძლო ფინალი აქვს. ეს არის მთელი უკრაინის ოკუპაცია, რასაც მოჰყვება მოლდოვის ოკუპაცია და შესაძლოა, საქართველოსი, რის შემდეგაც რუსული არმია პირისპირ მიადგება ტერიტორიებს, რომლებიც იურიდიულად და ფაქტობრივად, ნატოს ქოლგით არიან დაფარული, და საჭირო გახდება გადაწყვეტილების მიღება იმაზე, გვსურს თუ არ გვსურს მესამე მსოფლიო ომი აქ და ახლა.

ეს ომი შეიძლება დამთავრდეს რამე სამარცხვინო ჩაფლავებით, სრულიად მოულოდნელი მარცხით, სადაც რუსული არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი დიდ დანაკარგებს განიცდის, რომელთა ინტერპრეტირება, როგორც ბრწყინვალე გამარჯვების, უკვე შეუძლებელი გახდება, და ეს ყველაფერი დაემსგავსება XIX საუკუნის ყირიმის ომს, ანუ ეროვნული სირცხვილის შეგრძნებას, ან 1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომის. ეს ორი უკიდურესი სცენარია.

და მესამე სცენარი: ეს ომი გადაიზრდება პოზიციურ ომში, სასტიკში, სადაც უკრაინელები, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე იბრძვიან, სრული შესატყვისობით იმ მორალურ სულთან, რომელიც აღწერა ზელენსკიმ გუშინ რუსული მედიისთვის მიცემულ, აწ უკვე აკრძალულ, ინტერვიუში, იბრძოლებენ თითოეული გოჯისთვის, სადაც რუსული არმია ხან წინ წაიწევს, ხან უკან დაიხევს და რაღაც ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწევს, მაგრამ ვერ მიაღწევს თავის სტრატეგიულ მიზანს. და მაშინ დადგება რაღაც წერტილი, რომლის ფარგლებშიც მხარეებს მოუწევთ რაღაც კომპრომისის გამონახვა.

აი, ეს ორი უკიდურესი ვარიანტი შეიძლება იყოს, მაგრამ როგორც ნებისმიერი უკიდურესი ვარიანტი, ეს მაინც ექსტრემია, როცა ერთ-ერთი უკიდურესი სცენარი ახდება. შესაბამისად, ეს ფართო ველი შეუპოვარი, სისხლიანი ბრძოლების, ჩემთვის, ალბათ, ყველაზე რეალისტური სცენარია.

შესაბამისად, რატომ ეს ორი-სამი თვის ვადა? ანუ, ეს არის ვადა, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად რეალისტურია იმისთვის, რომ ითქვას, რომ ამ დროის განმავლობაში შესაძლებელია არსებული ძალების მაქსიმალური დაძაბულობის გაგრძელება ორივე მხარის მიერ იმის გარეშე, რომ აუცილებელი გახდეს რაღაც ექსტრაორდინარული გადაწყვეტილების მიღება.

ანუ, მოსკოვისთვის ეს არის ან რეალური, მაშინ უკვე საყოველთაო, მობილიზაციის გამოცხადება, საომარ მდგომარეობაზე გადასვლა, რაც ძლიერად დაბინდავს რუსი ხალხის წარმოდგენას იმაზე, რომ ეს რაღაც სპეცოპერაციაა და არა ომი, და ამ ხალხთან უკვე სხვანაირად დალაპარაკება გახდება საჭირო.

ასევე ნახეთ ​​​​​​​იური ფიოდოროვი: პუტინს არ უნდა ჰქონდეს საბრძოლო მოქმედებებში რაიმე გადამწყვეტი გარდატეხის იმედი

ანდა ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენება, რაც შეაშინებს რუსეთის აღმოსავლელ მეზობლებს, პირველ რიგში, ჩინეთს, ინდოეთსა და თურქეთს, რადგან ამ ვითარებაში მათთვის გართულდება ნეიტრალიტეტის პოზიციის დაკავება და წარმოიქმნება სრული ეკონომიკური ბლოკადის, იზოლაციის საფრთხე, რაც არ არის კარგი.

ანუ, ჩემი აზრით, ორი-სამი თვე - ეს არის ნებისყოფის და გამძლეობის გამოცდა. და ეს ორი-სამი თვე ნორმალური ფსიქოლოგიური ვადაა, რომელიც, პრინციპში, რაზეც ვწერდი კიდეც, ხალხისთვის თითქოს გამოყოფილია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი „ყირიმი-2014“-ის სცენარით განვითარდეს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ არსებობს გარკვეული შანსი, რომ ორი-სამი თვის შეუპოვარი სისხლიანი ბრძოლების შემდეგ, მიიღწევა რაღაც კომპრომისის წერტილი, და სადაც უნდა იქნეს ის მიღწეული - დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი - ეს იქნება უკრაინის გამარჯვება.

- მე კვლავ დავუბრუნდები ამ კომპრომისს, შესაძლოა, ცოტა მოგვიანებით. ახლა მინდოდა მეკითხა, რუსეთზე საუბრისას, თქვენ ასევე წერდით, რომ ომი გაგრძელდება თავისი ბუნებრივი ფორმით, როგორც სამოქალაქო. ვისი ვისთან, შეიძლება დავაზუსტოთ?

- პირველი: ეს ომი იმთავითვე არის სამოქალაქო. ეს სამოქალაქო ომია.

- თქვენ გულისხმობთ ომს არა უკრაინაში, არამედ რუსეთში, უბრალოდ რომ დავაზუსტო?

- მე ვგულისხმობ, რომ ომი უკრაინაში - არის მხოლოდ გაგრძელება სამოქალაქო ომის, რომელიც გამოტანილია გარეთ. ანუ, თანმიმდევრობა აქ სწორედ საპირისპიროა.

აი, თავიდან სამოქალაქო ომი რუსეთში. ეს სამოქალაქო ომი რუსეთში, ფაქტობრივად, იწარმოება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მაგრამ ეს რუსეთის სამოქალაქო ომია, რუსეთი ასე ესაუბრება დღეს თავის თავს.

ზოგადად კონფლიქტი, მთლიანობაში, თუ მის გნოსეოლოგიას შევხედავთ, 2010-2012 წლების „ბოლოტნოეს მოძრაობიდან“ იღებს სათავეს. აი, მაშინ რუსეთში შედგა მიმხრჩვალი, ჩახშობილი რევოლუცია.

ამის მიუხედავად, ამ რევოლუციის ჩახშობა მხოლოდ მისი ქვეყნის გარეთ გადმოღვრის და ნაციონალისტური აალებადი ცისტერნის დასხმით მოხერხდა. როცა ეს მოხდა, წაგებული რუსული ევროპული პარტია იძულებული გახდა ჩაჩუმებულიყო და 8 წლის განმავლობაში ეწეოდა მწვავე ბრძოლებს და უკან იხევდა.

ასევე ნახეთ პუტინი ამ ვიწრო, აგრესიულ წრეზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს უკრაინასთან დაკავშირებით

და შესაბამისი მოწინააღმდეგე ნაციონალისტური პარტია სულ უფრო წინ მიიწევდა. 2019 წელს მეორე შეტაკება მოხდა, იმიტომ რომ „ყირიმი ჩვენია“-ს ეფექტი, პოზიტიური მობილიზაციის ეფექტი ყირიმის ანექსიაზე, აღარ იყო საკმარისი, ქალაქებში ახალი მღელვარება გაჩნდა, გასაგები იყო, რომ ფსიქოლოგიური მობილიზაცია ეცემა. და ამან უბიძგა ხელისუფლებას, ნაციონალისტური რეჟიმი ულტრანაციონალისტურით შეეცვალა.

არ დავასახელებ, რა ეწოდება ანალოგიურ რეჟიმებს ევროპულ კულტურაში. მაგრამ ეს შეესაბამება ფაზობრივ გადასვლას 1929-33 წლებიდან 1933-45 წლებამდე. ეს ფაზობრივი გადასვლა ჩვენთან მოხდა სადღაც 1920 წლის იანვარსა და 1921 წლის შემოდგომას შორის. ჩვენ მთლიანად შევცვალეთ საზოგადოება.

ამ საზოგადოების შეცვლის ანუ ფორმატირების შედეგი კი გახდა რუსეთის შიგნით აფეთქებული სამოქალაქო ომი რუსი ევროპელების კულტურულ ქვეკლასსა - ანუ, არსებობს ასეთი, საკმაოდ ძლიერი კულტურული წარმონაქმნი, რომელიც ევროპულ ფასეულობებზეა ორიენტირებული, - და ხელისუფლების გარშემო გაერთიანებული რუსული მართლმადიდებლური საარქივო უმცირესობის კულტურულ ქვეკლასს შორის.

და მათ შორის დაიწყო სამოქალაქო ომი. და ეს სამოქალაქო ომი აგრესიით გადმოიღვარა უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ეს იყო ამ ომში გამარჯვების მეთოდი. უკრაინის ომის საბაბით, ისინი თავიანთ შიდა პრობლემებს წყვეტენ.

ფაქტობრივად, თუ გლობალურად შევხედავთ, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რასაც ისინი ფიქრობენ თავის თავზე, და ვისაუბრებთ მათ პრაქტიკულ მიზნებზე, უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიის მიზნები მიღწეულია. მათ ერთ თვეში მოახდინეს რუსული საზოგადოების ფორმატირება უფრო მეტად, ვიდრე წინა რვა წლის განმავლობაში. მათ მოახერხეს ყველაფერი ის, რისი გაკეთებაც სხვა პირობებში, ომის გამოუცხადებლად, შეუძლებელი იქნებოდა.

გამორთულია „ექო“, გაჩერებულია პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი პრესა, ინტერნეტი კონტროლის ქვეშაა აყვანილი, განადგურებულია გორბაჩოვის „პერესტროიკის“ პრაქტიკულად ყველა მიღწევა.

ასევე ნახეთ დარტყმული დიქტატორი თუ უგუნური პენსიონერი?

არსებობდა „პერესტროიკის“ ისეთი გაუნადგურებელი აქტივები, რომელთა ხელყოფაც, ყველაფრის მიუხედავად, ხალხს ეშინოდა 20 წლის განმავლობაში. ახლა ისინი პრაქტიკულად ყველა განადგურებულია. ამის ნარჩენები იქნება ემიგრაციის უფლება, რომელიც ასევე მალევე დაიხურება.

ეს მიზნები მიღწეულია, მათ მიიღეს საოცნებო საზოგადოება. და ამ მიზნების მიღწევა ომის გარეშე შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ სწორედ ომი არის საბაბი იმისთვის, რომ ეს მიზნები იქნეს მიღწეული. ამიტომ, პრინციპში, მათ თავისას მიაღწიეს. მათი ომი ახლა ინერციით მიდის.

ვის ეკუთვნის რეალური ძალაუფლება რუსეთში?

- ვის გულისხმობთ, როცა ამბობთ „ისინიო“?

- მათ შექმნეს „რუსული სამყარო“ „თავიანთ ხატად“, რაც ომის ფასად დაუჯდათ. ეს არის ის იდეოლოგიური ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს ოფიციალურ ხელისუფლებას. რადგან რუსეთში რეალური ძალაუფლება ღრუბელს ეკუთვნის. არ არსებობს რეალური პოლიტბიურო, რამდენადაც არ უნდა შეეცადოთ მისი შემადგენლობის გამოთვლას. რუსეთის ისტორიაში ძნელია ისეთი პერიოდის მოძებნა, როცა ძალაუფლების ასეთი კონფიგურაცია არსებობდა.

დღეს არსებობს იმ პარტიული ხელმძღვანელების თავისებური კავშირი, რაღაც არაოფიციალური სინდიკატი, რომლებსაც შეიძლება ოფიციალურად ჰქონდეთ თანამდებობა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს საქმესთან, ან საერთოდ არ გააჩნდეთ ოფიციალური პოსტი, რომელსაც რესურსი აქვს.

არსებობს ასევე რესურსების მქონე ადამიანების კავშირი, რომლებსაც აერთიანებს საერთო სექტანტური იდეოლოგია. მათ ინსტრუმენტის სახით აქვს გარკვეული სახელმწიფო ძალაუფლება, ერთად რაც სურთ, იმას აკეთებენ. ახლა ამ პირებმა რუსეთის მთელი საზოგადოება დააწყვეს თავიანთი „სიცილიური სინდიკატის“ მსგავსად; ომის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. მათ შექმნეს „რუსული სამყარო“ „თავიანთ ხატად“, რაც ომის ფასად დაუჯდათ.

ახლა საკითხავი ისაა, შეძლებენ თუ არა ისინი ამ ომის იმგვარ წერტილზე დასრულებას, რომელიც მათ ხელისუფლებას სტაბილურობას შეუნარჩუნებს თუ იძულებული იქნებიან, თავი მოიკლან.

შესაძლებელია თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკება?

- შესაძლებელია თუ არა ვარიანტი, რომლის დროსაც, იმ ორი-სამი თვის შემდეგ, რომელზეც ლაპარაკობთ, უკრაინისთვისაც და რუსეთისთვისაც ხეირის მომტანი იქნება იმ საზღვრებში დაბრუნება, რომელიც 2022 წლის 23 თებერვალს ჰქონდათ? ანუ უკრაინა უარს იტყვის ანექსირებულ ყირიმსა და ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებზე პრეტენზიებზე? რას ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?

- ძალიან ყურადღებით მოვუსმინე ზელენსკის ინტერვიუს, რომელიც 27 მარტს შედგა. იქიდან გამომდინარე, რაც პირდაპირ ითქვა, უკრაინა ახლავე მზად არის, „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ 2022 წლის 23 თებერვლის საზღვრებს დაუბრუნდეს.

შემიძლია ციტატა მოვიყვანო: „დაბრუნდით იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო და იქ შევეცდებით დონბასის საკითხი მოვაგვაროთ“.

მაგრამ ამას მოჰყვება პასაჟი, რომელიც აბათილებს ამ ნათქვამს. პასაჟი გულისხმობს შემდეგს: უკრაინა ამას შეძლებს მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომელიც მხოლოდ რუსეთის ჯარის გაყვანის შემდეგ შეიძლება ჩატარდეს. ანუ მხარეებს შორის სრული უნდობლობის პირობებში, რაშიც უკრაინას ვერ დავადანაშაულებთ, ეს ფორმულა არ მუშაობს. ის ასე ჟღერს: „ახლა თქვენ სიტყვაზე გვენდობით და გაიყვანთ ჯარს, შემდეგ, ჩვენ გპირდებით, რომ შეთანხმებულ საკითხებს გავიტანთ რეფერენდუმზე“. ანუ სავსებით ცხადია, რომ პუტინი არავითარ შემთხვევაში არ აპირებს და არ გაყიდის ამ „პატარა ფიგურას“.

შესაბამისად, ახლა საკითხავი ისაა, ვის შეუძლია გახდეს გარანტი. ახლა მსოფლიოს და ევროპას არ ჰყავთ ასეთი ზედამხედველი, რომელიც ავტორიტეტი იქნებოდა რუსეთისთვისაც და უკრაინისთვისაც. არავის აქვს ასეთი ძალაუფლება. ახლა, ამ ვითარებაში, საკითხავი ისიც კი არ არის, რომ დავა ტერიტორიებისთვის მიმდინარეობს;

დავა მიდის პროცედურულ საკითხზე: რა უფრო წინაა, ცხენი თუ ეტლი? როგორც მე მესმის, მოსკოვის პოზიცია ისაა, რომ მას, სანამ ჯარებს გაიყვანდეს, ყველაფერს უნდა დაჰპირდნენ. უკრაინის პოზიცია კი ასეთია: ჯარების გაყვანის შემდეგ შეუძლიათ ყველა პირობის დადება. ამაშია უდიდესი პრობლემა.

ამიტომ კიდევ ბევრი სისხლი დაიღვრება, სანამ ეს პრობლემა მოგვარდება. რადგან ეს არ არის რაღაც ტერიტორიებისთვის ბრძოლა.

ისე კი, საერთოდ, ეს ომი არ დაწყებულა ტერიტორიის გამო. ომის მიზანი იყო მთელი უკრაინა. ამიტომ პუტინისთვის სულერთია, რომელი ტერიტორიის ნაწილს წაიღებს. ეს მაინც არ იქნება ომის მიზნის მიღწევა.

ომის დასრულების რა შუალედური სცენარები არსებობს?

- უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურმა, კირილ ბუდანოვმა თქვა, რომ მისი მონაცემებით, რუსეთი შეიძლება უკრაინაში ამზადებდეს „კორეის სცენარს“, ანუ დაყოს უკრაინა ორ ნაწილად: სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინად. ამას ამბობს ქვეყნის დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენელი. ეს შესაძლებელი ვარიანტია?

უკრაინა მეორე ბელარუსად გადაიქცევა...

- იქ არის არაერთი შუალედური სცენარი. იყო გეგმა А: „შევდივართ, ქუდებს მაღლა ისვრიან, უკრაინა ტაშს გვიკრავს. მედვედჩუკი დაამხობს ხელისუფლებას კიევში. რუსი მედესანტეები 18 მარტს კიევში, კრეშჩატიკზე, საზეიმო უნიფორმებში გამოწყობილები აღლუმს მართავენ. მოსკოვის მახლობლად მდებარე აგარაკიდან ჩამოჰყავთ მოწესრიგებული და გამოფხიზლებული იანუკოვიჩი. უკრაინა გადაიქცევა მეორე ბელარუსად. ეს არ გამოდგა სამუშაო სცენარად. მეორე სცენარი გულისხმობდა გარკვეული ზოლის გავლებას, დავუშვათ სადღაც დნეპრის, კარპატების გასწვრივ. მის მიხედვით, მოხდებოდა უკრაინის გარკვეული რეგიონების, რომელთა გადასანსვლა ვერ მოხერხდა, მიმწყვდევა. „ისხედით მან, ნელ-ნელა დაიხოცებით რესურსების გარეშე, თქვენი მთელი ეკონომიკა ხომ გავანადგურეთ“ - ეს იყო ამ მეორე სცენარის ფრაზა. და იმავეს, რაც ზემოთ ვთქვი, მიღწევა საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. სად იქნებოდა ეს ტერიტორია, ამას გადაწყვეტდა არა უშიშროების საბჭოს რომელიმე სტრატეგის სურვილი, არამედ რუსული და უკრაინული ხიშტები.

დაბოლოს, შემდეგ ზოლს ჰქვია: „მოთოკეთ თქვენი მადა“. ეს ზოლი გავლებული იქნებოდა ყირიმიდან ხერსონის, შემდეგ მარიუპოლის გასწვრივ, რომელიც ვერაფრით აიღეს. ეს იქნებოდა ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ყირიმსა და დონეცკს შორის გასასვლელს უზრუნველყოფდა, შეაკავშირებდა მათ რაღაც უდღეურ ნოვოროსიად და გადაჭრიდა ყირიმის არხის პრობლემას. ეს უკვე სხვა ზოლია.

და არის კიდევ ერთი ვარიანტი: „ვერ დავეწიეთ, მაგრამ გავხურდით“, რომლის თანახმად, სადაც ვიყავით, იქ დავრჩით, მაგრამ 2014 წლის ალაფის დაკანონება მოვახერხეთ.

ასეთი სცენარები მილიონობითაა. ყველა ისინი გულისხმობენ, რომ უკრაინის გარკვეულ ნაწილს, რომელიც 2014 იქნა ანექსირებული და რომელიც ახლა ხელმეორედ დაიკავეს, უკრაინას წაართმევენ და კიევი მიიღებს ამ პირობებს გარკვეული ვადებით იმ მიზნით, რომ არ ჰქონდეს დიდი რაოდენობით მსხვერპლი და მიაღწიოს გარკვეულ მშვიდობას.

იმის მარჩიელობას, თუ რას მიაღწევენ მხარეები ფრონტის ხაზზე, არ ვაპირებ, რადგან ეს ყავის ნალექზე მარჩიელობას ჰგავს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ფრონტის ხაზი მოძრავია, ის ხან იქით გადაიწევს და ხან აქეთ, იმის მიხედვით, როგორი იქნება წარმატება ფრონტის ხაზზე. და იმის გამო, რომ უკრაინელები მეტ-ნაკლებად დარწმუნებული არიან თავიანთ ძალებში, თავს კედელთან მიმწყვდეულად, როცა ყველაფერზე უნდა დათანხმდნენ, არ მიიჩნევენ. აი, ეს არის მარტის თვის ყველაზე დიდი საოცრება, ვნახოთ, რა მოხდება აპრილში.

რა იქნება ომის შემდეგ, თუ ის დამთავრდა?

- თქვენ წერთ: „ჩვენ იმგვარი მასშტაბის კატასტროფის მოწმენი ვართ, რომელიც განვითარების ხანგრძლივ სცენარებს არ ითვალისწინებს. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება რამდენიმე უახლოესი წლის, შეიძლება თვეების განმავლობაში“. ამას წერთ საკუთრივ რუსეთში ვითარების თაობაზე. რა იქნება ამ რამდენიმე თვის თუ წლის შემდეგ, როცა ეს კატასტროფა დასრულდება?

ჩნდება ისტერიული თვითმკვლელური ქმედების დიდი ცდუნება...

- ორი სცენარი არსებობს: სწრაფად მიმდინარე კრიზისი და გადადებული კრიზისი.

სწრაფად მიმდინარე - ეს არის ის უკიდურესობების კრიზისი, რომელზეც ვლაპარაკობდი, რომ საომარი სიტუაცია კატასტროფულად ვითარდება ან რუსეთის, ან უკრაინის ჯარისთვის. ეს ვითარება სახიფათოა იმით, რომ ჩნდება ისტერიული თვითმკვლელური ქმედების დიდი ცდუნება, კერძოდ, მასობრივი განადგურების, პირველ რიგში ბირთვული იარაღის, გამოყენებისა. ეს იმიტომ, რომ თუ რუსეთი გაიმარჯვებს, სრულიად გასაგებია, რუსეთის გამარჯვებას მოჰყვება მხუთავი სანქციების გაყინვა, მათი სტაბილიზება და შეიძლება გაზრდაც კი. ამ დროს, ცხადია, რომ ევროპას, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ევროპულ ბაზარზე რუსეთის ნავთობისა და გაზის ალტერნატივა იპოვოს, არ გააჩნია. შესაბამისად, ეს შემოსავლების ისეთი დიდი დაკარგვა იქნება, რომ ქვეყანა ცხოვრების სულ სხვა რეჟიმში აღმოჩნდება. ეს იქნება ეკონომიკის, განათლების, კულტურის ნელი სიკვდილი. რუსეთი რეალურად გადაიქცევა ძალიან დიდ ჩრდილოეთ კორეად.

დიდი შანტაჟი - ნატოს წევრების მიმართ ბირთვული იარაღით მუქარა...

ეს არის სცენარი, რომელიც კრემლისგან მოითხოვს კიდევ უფრო ისტერიულ მცდელობას, თავი დააღწიოს ამ ხაფანგს, ანუ უფრო დიდ შანტაჟს მიმართოს. ეს დიდი შანტაჟი იქნება ნატოს წევრების მიმართ ბირთვული იარაღით მუქარა.

იქმნება ერთობ არასტაბილური სიტუაცია და ელიტაც სხვა პოზიციაში აღმოჩნდება, ვიდრე დღეს. დღეს პოზიცია ასეთია: „შეიძლება დავიხოცოთ. შეიძლება არ დავიხოცოთ. შეიძლება ფული დავკარგოთ. თუმცა ისედაც შეიძლება ცხოვრება“. ასეთ ვითარებაში ყველა აღმოჩნდება დამსხვრეული სარკის წინ, სადაც სიბნელის მეტი არაფერი ჩანს. იმ შემთხვევაშიც და ამ შემთხვევაშიც წინ მხოლოდ სიკვდილია.

ეს სხვა გადაწყვეტილებაა. ამ შემთხვევაში სიტუაცია განვითარდება ძალიან სწრაფად, მე ვამბობდი, რომ განვითარდება ერთი თვის განმავლობაში. რადგან მუდმივი ომი, როცა წლების განმავლობაში იწვოდა რესურსი, ახლა ვერ მოხერხდება, სხვა ტექნოლოგიები არსებობს და სხვა დროა.

არის სხვა ვარიანტიც: კომპრომისის მიღწევის შემთხვევაში, მას რუსეთში გაასაღებენ როგორც ეპოქალურ გამარჯვებას. მაგრამ ეს ეფექტი რამდენიმე თვეში მინავლდება. ელიტები დაშინებული არიან, მათ რიგებში დაიწყება დუღილი, რომელიც ერთ-ორ წელიწადში რაღაცად გადაიქცევა, იატაკქვეშეთში.

ამიტომ ვამბობ, რომ რუსეთმა ძალიან დიდი ქვა ააგორა მთაზე. ეს ქვა დაიძვრება, საქმე მხოლოდ ისაა, დაგორდება თუ გაფრინდება. თუ მოწყდა და გაფრინდა, ეს ერთი თვის საქმეა, მაგრამ თუ დაგორდა, ეს რამდენიმე წელიწადს გასტანს. ვითარებას, რომელიც ომამდე იყო, როცა ქვა ათწლეულების განმავლობაში იქ იდო, მე ვეღარ ვხედავ, ეს აღარ მოხდება.