აპირებ უკრაინის მოქალაქეების შეფარებას? - მაშინ, აი, რა უნდა იცოდე 

რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ უკრაინა მილიონობით ადამიანმა დატოვა და ათასობით ისევ ეძებს უსაფრთხო თავშესაფარს საზღვარგარეთ. ქვეყნის დატოვებამდე მათი უმრავლესობა, ძირითადად ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები, დღეების, ზოგჯერ კვირების განმავლობაში ბომბებს მიწისქვეშა თავშესაფრებში ემალებოდა, ხოლო საზღვრამდე და თავშესაფრამდე ათობით კილომეტრს ფეხით გადიოდა. სამშვიდობოზე გასულებსაც კი უცხო და უცნობი გარემო ელოდებათ.

საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელებსა თუ სხვა საჯარო პლატფორმებზე გამოხატავენ სურვილს, შეიფარონ უკრაინელები. რამდენიმე რჩევა მათ, ვინც ხიზნები უკვე შეიფარა ან შეიფარებს, იმისთვის, რომ უკრაინიდან გამოქცეულებს ომის ტრავმა შეუმსუბუქოს.

პირველადი საჭიროება

  • გაითვალისწინეთ, რომ საომარი მდგომარეობის გამო ქვეყნიდან გამოხიზნულების შეფარება არ არის იგივე, რაც სტუმრების მასპინძლობა ორი დღით. გახსოვდეთ, რომ ისინი დროებით თქვენთან ერთად ცხოვრებას იწყებენ და პირველივე დღიდან სჭირდებათ ჰიგიენის საშუალებები - ჯაგრისი, საპონი, შამპუნი თუ სხვა რამ.
  • დაეხმარეთ გარემოსთან ადაპტაციაში - მიაწოდეთ ინფორმაცია, რა სერვისები შეუძლიათ მიიღონ უფასოდ (საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბავშვებისთვის საჯარო სკოლები, ბაღები, კვება სად შეიძლება უფასოდ).
  • რა ნომერზე შეიძლება დარეკონ, თუ დახმარება დასჭირდებათ (გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, უკრაინის საელჩო, სასწრაფო, პოლიცია, სამთავრობო ცხელი ხაზი).
  • გაიგეთ, აქვთ თუ არა რაიმეზე ალერგია, რომ საკვების მომზადების დროს გაითვალისწინოთ.
  • სჭირდებათ თუ არა სამედიცინო გამოკვლევა-დახმარება ჯანმრთელობის პრობლემის გამო, რომელიც შეიძლება ომამდეც ჰქონდათ, თუმცა შექმნილი გარემოების გამო დახმარება ვერ მიიღეს, ან რომელ საავადმყოფოს შეიძლება მიმართონ, თუკი უცებ ბავშვი ავად გაუხდათ.
    ასეთ შემთხვევაში ეს ბმულები გამოგადგება:

ევექსის კლინიკები, საჭიროების შემთხვევაში უწევენ დისტანციურ კონსულტაციას და გადაუდებელი ამბულატორიული სერვისებით ემსახურებიან უკრაინის მოქალაქეებს.

ასევე "ევექსის ჰოსპიტლები" საქართველოს მასშტაბით.

"ავერსის" ყველა ფილიალში უფასოა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია.

"ჯეო ჰოსპიტალსი" რეგიონული ქსელის მასშტაბით (იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი) უფასო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ექიმების კონსულტაციას სთავაზობთ.

“ენმედიცი“ საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს სთავაზობს უფასოდ - კონსულტაციას ყველა დარგის ექიმთან, სისხლის საერთო ანალიზსა და სისხლში გლუკოზის დადგენას.

ასევე ნახეთ როგორ იპოვოთ და დაეხმაროთ ომს გამოქცეულ უკრაინელებს
  • თუკი ოჯახი, რომელიც შეფარებას ითხოვს, ბავშვიანია, გაიგეთ, როგორია მათი ემოციური მცდომარეობა, ან თუ სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება თავად დედას. ასეთ შემთხვევაში არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც მათ ან სატელეფონო დახმარებას გაუწევენ, ან თავიანთ ცენტრებში უფასოდ მიიღებენ კონსულტაციაზე.
    რთულია გამამხნევებელი სიტყვების მოძებნა მათთვის, ვინც ომს გამოექცა და ვისი ახლობლებიც ისევ რჩებიან უკრაინაში, მაგრამ იცოდეთ - ხანდახან „გამხნევება“ შეიძლება უარესიც კი იყოს. რა შეიძლება ვუთხრათ და რა არა ომის ტრამვის მქონე ადამიანს? როგორ მოიქცეს მასპინძელი ოჯახი?

ამის შესახებ რადიო თავისუფლება ფსიქო-სოციალური დახმარების ასოციაცია „ნდობის“ დირექტორს, ფსიქოლოგ ნანა აღაპიშვილს ესაუბრა, რომელსაც აქამდეც უმუშავია სხვადასხვა ომისგან დაზარალებულ მოქალაქეებთან. აი, რამდენიმე რჩევა:

როგორ მოვიქცეთ?

  • უთხარით ან აგრძნობინეთ, რომ მათი ამბავი და უკრაინის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და თუკი საუბრის სურვილი ექნებათ, მოუსმენთ.
  • მიეცით საშუალება, ჩაერთონ საერთო საოჯახო აქტივობებში, თუკი ამის სურვილი ექნებათ, ეს დაეხმარებათ ყურადღების გადატანაში.
  • დაეხმარეთ, რომ იპოვონ თავიანთი ინტერესის შესაბამისი აქტივობები, რაც მათ სოციალიზაციას შეუწყობს ხელს და გადაატანინებს ყურადღებას. მაგალითად, უკრაინის მოქალაქეებისთვის მოწყობილი მხარდასაჭერი თუ საქველმოქმედო ღონისძიებები. (უცხო ქვეყანაში ჩამოსულისთვის, მით უმეტეს ომის გამო, მნიშვნელოვანია თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებთან ურთიერთობა.)
  • იყავით მზად, რომ შეიძლება ერჩივნოთ, იყვნენ იზოლირებულად თავიანთ ოთახში, ან ტიროდნენ განცდილი ტრავმებისა და მდგომარეობის გამო, ეს ნორმალურია.

„ყველაფერი კარგად იქნება“ არ ამშვიდებს! - ნუ ეცდებით ყველაფერი იდეალურად დაუხატოთ და უთხრათ ის, რაც თავად არ იცით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თანაგანცდა და გაზიარება იმისა, რომ აბსოლუტურად გასაგებია მათი მდგომარეობა, ღელვა, ნერვიულობა.

შეგიძლიათ უთხრათ ის, რაც რეალურია, რაც ფაქტია - რომ დიდია საერთაშორისო მხარდაჭერა, დახმარება, საზოგადოება, ყველა მზადაა მათ დასახმარებლად და ყველა გულშემატკივრობთ უკრაინას.

როგორ არ უნდა მოვიქცეთ?

  • პატივი ეცით მათ პირად სივრცეს და არ შეაწუხოთ ომის შესახებ კითხვებით, თუკი ამის სურვილს თავად არ გამოხატავენ.
  • ნუ განსჯით და ნუ ეტყვით, როგორ იგრძნონ თავი - მაგალითად, დამშვიდდი, ნუ ტირი, ყოჩაღად იყავი, გაიღიმე და ა.შ.
  • ნუ გაგიკვირდებათ და გეწყინებათ, თუ ვერ გამოხატავენ ემოციებს, ან გამოავლენენ ისეთ ქცევას, რაც სხვა სიტუაციაში შეიძლება საკუთარ თავზე მიგეღოთ.
  • ნუ დაჰპირდებით ან მოიქცევით ისე, თითქოს მათი ყველა პრობლემის გადაჭრა შეგიძლიათ.

როგორ მოვექცეთ ბავშვებს?

  • თუ ომის შესახებ კითხვებს დასვამენ - არ გადაიტანოთ ყურადღება სხვა რამეზე, იყავით გულწრფელები, მაგრამ ეცადეთ პოზიტიური კუთხე მოძებნოთ და იმაზე გაამახვილოთ ყურადღება. Მაგალითად, კი, უკრაინაში ომია და უტევენ, მაგრამ მთელი მსოფლიო გვერდში უდგას და ეხმარება მას.
  • არ უთხრათ, რომ მამა მალე მოვა და ყველაფერი კარგად იქნება. შეგიძლიათ უთხრათ, რომ მამა ქვეყანას იცავს მტრებისგან, ის გმირია და ეცდება, ომი მალე დამთავრდეს.
  • თუ ბავშვი თავის შიშზე საუბრობს, ნუ გააუფასურებთ მის მდგომარეობას, ან ნუ ეტყვით, რომ ამაზე არ იფიქროს.

უთხარით, რომ გასაგები და ჩვეულებრივია ასეთი ფიქრები და რომ უფროსებსაც ეშინიათ, თქვენც ღელავთ და რომ უფროსები ყველაფერს იზამენ, რათა ისევ კარგად იყოს ყველა.

  • შესაძლებელია, რომ ომის შემდეგ ბავშვი იყოს აგრესიული, აწუხებდეს შფოთვა, ცუდად ეძინოს და არ უჯერებდეს მშობელს.
  • არ უთხრათ, რომ მალე დაბრუნდებიან სახლში, უთხარით, რომ როგორც კი ომი დასრულდება, შინ დაბრუნებას შეძლებენ.
  • მოერიდეთ მკვეთრ გამოთქმებს ბავშვების თანდასწრებით.
  • როდესაც ბავშვის თანდასწრებით საუბრობთ ან თავად ბავშვთან გაქვთ ურთიერთობა, საჭიროა იყოთ მშვიდები, რადგან, გარდა იმისა, რომ ბავშვები საკუთარ ინტერპრეტაციას უკეთებენ გარშემო სიტუაციას, ასევე სარკისებურად რეაგირებენ სხვადასხვა მოვლენაზე, იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევა ასეთ დროს უფროსი.
  • არ უყუროთ მძიმე ინფორმაციას ბავშვების თანდასწრებით, ეს მათ ტრავმას გააძლიერებს.
  • ეცადეთ, დააკავშიროთ თანატოლებს.