მიხეილ სააკაშვილი: თუ ჩვენ ამ მთავრობას არ მოვაშორებთ, საქართველო დაღუპულია

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზიდან, სადაც 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის საქმე განიხილებოდა, მიმართა საზოგადოებას და ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა. სააკაშვილმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მიმართ საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების განსხვავებულ დამოკიდებულებაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ამ განსხვავებაზე აპელირება თავის მოტყუებაა.

"ჩვენ ახლა ვიძახით, ჩვენ ხალხი სხვა ვართ, მთავრობა სხვაა. მთავრობა არ გამოხატავს ჩვენს ინტერესებს, როდესაც უკრაინელები გვეუბნებიან, ხალხო, რამ გამოგაშტერათ? თქვენთვისაც ხომ ვიბრძვით, რატომ გვლანძღავთ, ნუ გვლანძღავთ მაინც. თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, სამუდამოდ ეს თაობა დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში... თუ ჩვენ ამ მთავრობას არ მოვაშორებთ, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზაციას, თუ ჩვენ არ გამოვალთ ყველანი ქუჩებში, თუ ჩვენ მშვიდობიანად არ გავაკეთებთ საქართველოში სიტუაციის შეცვლას, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ საქართველოში ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან, საქართველო დაღუპულია", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი სიტყვებით, საქართველოს გადარჩენა არის მობილიზაციაში და გამოფხიზლებაში.

„დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში. რას გააკეთებინებთ? ვის გააკეთებინებთ? მოღალატეები არიან, რუსეთის პირდაპირი დასმული შნირები არიან, პირდაპირი აგენტები არიან. მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოგდებით, მხოლოდ მასობრივი აქციებით, მასობრივი ხელის ჩაჭიდებით ვერ დაგარბევენ ესენი, ესენი არიან.. გვესვრიან რეზინის ტყვიას? იმ რეზინის ტყვიას შევუბრუნებთ, იმ რეზინის ტყვიას შევაჩერებთ. აქ პარტიები არაფერ შუაშია, აქ სააკაშვილი არაფერ შუაშია, მიუხედავად მათი რეპრესიული აპარატისა, მათი რეზინის ტყვიებისა, მიუხედავად რუსული მეთოდებისა, ვიქნებით ბევრნი, ვიქნებით ყველგან, არ დავიხევთ უკან და ჩვენ მათ აუცილებლად ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას და პირნათელი წარვდგებით უკრაინელი ხალხის წინაშე, მსოფლიოს წინაშე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე ნახეთ სააკაშვილი: გეგმა არის შემდეგი - გაზაფხულამდე აქ მთავრობის შეცვლა და ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ორ საქმეზე მისჯილი ბრალით, 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. ის ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.