Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: გეგმა არის შემდეგი - გაზაფხულამდე აქ მთავრობის შეცვლა და ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება


საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თბილისი საქალაქო სასამართლოში, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმის განხილვის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე არსებულ კონტექსტში საქართველოს პერსპექტივებზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას. მათ უთხრა, რომ არ მოუწოდებს დატოვონ პარლამენტი, მაგრამ საკმარისია „პარლამენტარობის თამაში“. ერთადერთი საკითხი, რაზეც დეპუტატებმა, სააკაშვილის პოზიციით, პარლამენტში უნდა ისაუბრონ, ეს არის ის, თუ როდის დატოვებს „ოცნება“ ხელისუფლებას.

მისი სიტყვებით, თვე-ნახევრის შემდეგ უნდა შეიცვალოს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ეროვნული თანხმობის მთავრობით, რასაც უნდა მოჰყვეს რიგგარეშე არჩევნები.

„უკრაინა იგებს და თქვენი დრო იწურება და მე არ ვაპირებ, რომ რაღაცები დავივიწყო, არ ვაპირებ, არც არავის გემუქრებით, ყველამ უბრალოდ, მე ვფიქრობ, ამაზე უნდა იფიქროს. მე მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლებას, თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, ამ ფორმით დარჩა მაქსიმუმ თვე- ნახევარი. ლაპარაკი იმაზე, რომ ამ ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ ეს გააკეთოს, ის გააკეთოს, ვერავის ვერაფერს ვერ ვაიძულებთ, როგორც პუტინს ვერ ვაიძულებთ, რომ რამე გავაკეთებინოთ, ასევე პუტინის გაგრძელებას ჩვენ ვერ ვაიძულებთ. მოდით, მივიდეთ და მოვთხოვოთ! ვის უნდა მოვთხოვოთ - პუტინს? ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში ამ გაზაფხულზე. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის შეიძლება შესული იყოს წარმომადგენლების ნაწილი „ქართული ოცნებისაც“, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ვალი, იმ მომენტში, როდესაც რუსეთი იქნება ჩამოშლილი, დავხვდეთ წელში გამართული, მომზადებული იმისათვის, რომ მომენტი, რომელიც დავით აღმაშენებელს დაუდგა დიდგორის დროს, ჩვენ არ გავუშვათ“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა თქვა, რომ აცვია დიზაინერ დემნა გვასალიას შექმნილი მაისური, რომელიც არის მშვიდობის სიმბოლო. მან აღნიშნა, რომ ყველაზე ძალიან ომი ეზიზღება და ვერავინ დააბრალებს, რომ „ომის პარტიის“ წარმომადგენელია, მაგრამ არ დავიწყებია ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და ისინი უნდა დაბრუნდნენ „საქართველოს თავისუფალ სახელმწიფოში“, "საქართველოში, რომელიც იქნება ევროკავშირის გზაზე და საქართველოში, რომელშიც იქნება ევროკავშირის პასპორტები“. ამ დროს, სააკაშვილის თქმით, მათ ყველა კომპლექსი მოეხსნებათ და ეს იქნება „მშვიდობიანი დაბრუნება“.

მაგრამ გეგმა არის შემდეგი - გაზაფხულზე აქ მთავრობის შეცვლა და ეროვნული მთვრობის ჩამოყალიბება, წლის ბოლომდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამ წელს უკვე დაწყება რეინტეგრაციის აფხაზეთის და ცხინვალის საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. ეს არის ის ისტორიული ფანჯარა, რომელიც ახლა იხსნება უკრაინის ფონზე, ამას წყალი არ გაუვა, ჩვენი მებრძოლები ტყუილად არ იბრძვიან იქ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან სასამართლოს მადლობა გადაუხადა, რომ ეძლევა პროცესის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლის საშუალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიმდინარეობდა სხდომა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ორ საქმეზე მისჯილი ბრალით, 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. ის ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.

XS
SM
MD
LG