ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებული ზოგიერთი ქალაქის მერი მკვდარი იპოვეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკვე აღარ არიან ცოცხლები რამდენიმე ქალაქის მერები, რომლებიც ოკუპანტებმა გაიტაცეს.

ამის შესახებ საინტერნეტო გამოცემა „უკრაინკსა პრავდა“ წერს, უკრაინის პრეზიდენტის „ეკონომისტში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუზე დაყრდნობით.

"ისინი (რუსები) იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს. ზოგიერთი მათგანი დახოცეს. ნაწილი გაუჩინარებულია. რამდენიმე ვიპოვეთ და ისინი მკვდრები აღმოჩნდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ცალკეული მერი ურწმუნოებმა (ასე უწოდებს უკრაინის ხელისუფლება რუს ოკუპანტებს. - რედ.) თავიანთი ხალხით შეცვალეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმავე მეთოდებს იყენებს, რასაც 2014 წელს დონბასში იყენებდა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ქალაქის მერები იმყოფებიან ოკუპანტების ტყვეობაში და რამდენი გათავისუფლდა.

ასევე ნახეთ

მელიტოპოლის მერი რუსეთის არმიის 9 დატყვევებული წვევამდელის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ოკუპანტებმა დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დაშა ზარივნამ უკრაინული ტელეარხის პირდაპირ ეთერში ილაპარაკა ქალაქ მელიტოპოლის მერის, ივან ფიოდოროვის გათავისუფლების საკითხზე. როგორც მან აღნიშნა, უკრაინამ ფიოდოროვის სანაცვლოდ რუსეთის არმიას გადასცა უკრაინის ტყვეობაში მყოფი 2002-2003 წლებში დაბადებული 9 წვევამდელი.