კარასინის თქმით, სანქციების შესახებ საქართველოს პოზიცია რუსეთში „შეუმჩნეველი არ დარჩება" 

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს მოსკოვში გაიხსნა ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40-მა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა და მეცნიერმა ორივე მხრიდან, გარდა ამისა, მონაწილეობდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ „გორჩაკოვის ფონდი" და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი.

მონაწილეებს შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი. დეპუტატმა დაახასიათა „უკრაინაში კრიზისის" გამო დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია. კარასინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ეს ფაქტი „შეუმჩნეველი არ დარჩება".

"პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩვენ ვუყურებთ, როგორც ტრადიციულ მეგობრებს, არსებული ურთიერთობა ხასიათდება ურთიერთდახმარებით. რუსეთი მხარს უჭერს ყველა საკითხისადმი მშვიდად, მშვიდ მიდგომას.

სანქცირების რეჟიმი „წვრთნის" რუსეთის სახელმწიფოს. ვინც ჩვენ გვეპყრობა სამართლიანად და ღიად გველაპარაკება, ის მეგობრად დარჩება", - განაცხადა კარასინმა.

მან რუსეთ-საქართველოს შესახებ თქვა, რომ „ჩვენს ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი".

"გორჩაკოვის ფონდი" 2010 წელს, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ბრძანებით შექმნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის "რბილი ძალის" გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს იუნკრების მემორიალთან თქვა, რომ საქართველო, "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", არ შეუერთდება უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს, რომ უკრაინაში მისი "ჩასვლა - ჩასვლისთვის არაფრის მომცემია".