Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედინსკი: ფსონად დევს თვით რუსეთის, როგორც რუსული ცივილიზაციის არსებობა


რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესში ვლადიმირ მედინსკი აცხადებს, რომ ახლა „ფსონად თვით რუსეთის, როგორც რუსული ცივილიზაციის, არსებობა დევს“. ეს განცხადება მედინსკიმ, რუსეთის კულტურის ყოფილმა მინისტრმა და ისტორიკოსმა, ხუთშაბათს მოსკოვში ისტორიული განათლების უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გააკეთა.

მედინსკიმ დაამატა, რომ "კოლექტიური დასავლეთი უბიძგებს რუსეთს პოლიტიკური სისტემისა და ქვეყნის განადგურებისკენ". მისი თქმით, ვითარება შეიძლება შევადაროთ 1917 წლის თებერვლის მიჯნაზე არსებულ არეულობას, რაც მონარქიის დამხობით დასრულდა და 1989 წელს, რომლის შემდეგაც დაიშალა საბჭოთა კავშირი. მას არ განუმარტავს „რუსული ცივილიზაციის“ მნიშვნელობა და არც ის, დასავლეთის მიერ ამ ცივილიზაციის დასანგრევად გადადგმულ რა კონკრეტულ ქმედებებს ხედავს.

დღეს, 24 მარტს, ერთი თვე სრულდება უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრის დაწყებიდან, რომელსაც კრემლი სპეცოპერაციას უწოდებს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი მიზანი ომის შეჩერებაა.

მედინსკის ფორმულირება - „რუსეთის არსებობა საფრთხის წინაშეა“- რუსული სამხედრო დოქტრინის შინაარსს ემთხვევა, რომლის თანახმად, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი მის წინააღმდეგ ჩვეულებრივი შეიარაღებით განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში დაადასტურა ასეთი შესაძლებლობის არსებობა, რუსეთისთვის „ეგზისტენციალური საფრთხის“ შემთხვევაში.

თებერვლის ბოლოს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა სტრატეგიული ძალების სპეციალურ რეჟიმში მოყვანის თაობაზე. აშშ-ი და მისი მოკავშირეები ირწმუნებიან, რომ ნაკლებსავარაუდოა რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, მაგრამ იძლევიან მკაცრ გაფრთხილებას "უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის" წინააღმდეგ.

23 მარტს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა: "რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ის ვერასოდეს მოიგებს ბირთვულ ომს" და დასძინა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება "შორსმიმავალი შედეგების" მომტანი იქნება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შექმნა სპეციალური საიდუმლო ჯგუფი, რომელიც მუშაობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესაძლო, შემდგომი მოქმედებების სცენარებსა და ნატოს საპასუხო ზომებზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა New York Times-ი წერს.

XS
SM
MD
LG