კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს" ეთერში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "ალტ-ინფოს" ეთერში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა. ამის შესახებ საუბარია მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" საჩივარს შეეხებოდა.

ასევე ნახეთ "გამოცხადდეს სამართალდამრღვევად" - საით მიდის "ალტ-ინფოს" და მისი პარტიის საქმე?

კომისიამ მიიჩნია, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარს ვერ განიხილავდა, რადგან ეს თვითრეგულირების მექანიზმის სფეროს მიეკუთვნებოდა.

"კომუნიკაციების კომისიამ საკითხის შესწავლისას მიიჩნია, რომ საჩივარში მოყვანილი მსჯელობები სცდება ცალკეული დანაშაულის გამართლების ფარგლებს და გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა. ომის პროპაგანდა თავისი არსით ისეთი დარღვევაა, რომლის გავრცელებაც მოქმედი კანონმდებლობით 24 საათის განმავლობაში სრულად იკრძალება", - აღნიშნავენ კომისიაში.

"საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" "ალტ-ინფოს" წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას რამდენიმე დღის წინ მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი კომისიას სთხოვდა, შეეფასებინა ამ არხის ეთერში 27 თებერვალს გაჟღერებული განცხადება:

"სრული ძალისხმევით არ ებრძვის [რუსეთი უკრაინას], შეიძლება ეს ცოტა სასტიკად გაჟღერდეს, მაგრამ მე მირჩევნია ნაკლები ჯარისკაცი მე დამეხოცოს, ვიდრე მოწინააღმდეგეს ჯარისკაცი და შემთხვევით ამ მოწინააღმდეგის ჯართან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობა - მე ეგეთი წარმოდგენა მაქვს".

"ალტ-ინფო" საკუთარ სატელევიზიო/ონლაინ ეთერში, რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ამ არხის დამფუძნებლები არიან 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები, რა დროსაც 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.