რუსეთმა ფეისბუკი და ინსტაგრამი ექსტრემისტებად გამოაცხადა. მათი მომხმარებლები - ჯერ არა

რუსეთში ახლა არავინ იცის, დაისჯებიან თუ არა ფეისბუკისა და ინსტაგრამის მომხმარებლები. მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცველები მათ შარს აუცილებლად მოსდებენ.

Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანია Meta 21 მარტს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ „ექსტრემისტულ ორგანიზაციად” გამოაცხადა. Meta-ს ერთი თვე აქვს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, თუმცა ჯერ არ უთქვამს, ისარგებლებს თუ არა ამ უფლებით.

ექსტრემისტულ ორგანიზაციებს ეკრძალებათ რუსეთის ტერიტორიაზე ყოველგვარი საქმიანობა. ყველას, ვინც კავშირშია მათთან, ეკრძალება არჩევნებში მონაწილეობა. მედია კი ვალდებულია, მათი ხსენებისას ხაზი გაუსვას, რომ ეს ორგანიზაციები ექსტრემისტულია. იბლოკება მათი ვებგვერდებიც.

სულ რუსეთში ექსტრემისტულად 37 ორგანიზაციაა აღიარებული. თუ არაფერი შეიცვალა, ერთ თვეში Meta გაიზიარებს „კატიბა ტაუხიდ ვალ-ჯიჰადის”, „ნაციონალ-სოციალიზმი/ თეთრი ძალაუფლების”, „ისლამური სახელმწიფოსა” და თალიბანის ბედს.

მაისური ფეისბუკის ლოგოთი ექსტრემიზმია?

ერთი შეხედვით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის დიდად არაფერს ცვლის, „როსკომნადზორმა“ ფეისბუკი დაბლოკა ჯერ კიდევ 4 მარტს, ინსტაგრამი კი - 14 მარტს.

ფეისბუკი - კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების „დისკრიმინაციისთვის”, ინსტაგრამი კი მას მერე, რაც Meta-მ ნება მისცა უკრაინელებს, მის პლატფორმებზე უსურვონ სიკვდილი პუტინსა და რუს ჯარისკაცებს.

კორპორაციამ ხაზი გაუსვა, რომ კვლავ კრძალავს სიძულვილის ენით საუბარს, რუსეთის მოქალაქეებზე. თუმცა ამან კრემლი ვერ „გადაარწმუნა” და სწორედ ამიტომ გამოაცხადეს Meta ექსტრემისტად.

ასევე ნახეთ ფეისბუკი: შეგიძლიათ, უსურვოთ სიკვდილი პუტინს და რუს ჯარისკაცებს

ამავდროულად, აქტივისტები, რომლებიც რუსეთში ინტერნეტთავისუფლებისთვის იბრძვიან, ამბობენ, რომ „ეშმაკი დეტალებში იმალება”. კანონი „ექსტრემისტული ორგანიზაციების შესახებ” არ იყო გათვლილი სოციალურ ქსელებზე და ბევრი რამ ახლა ბუნდოვანია. მაგალითად, გაუგებარია, ჩაითვლებიან თუ არა ექსტრემისტებად ისინი, ვინც დაბლოკვის მიუხედავად, მაინც გამოიყენებენ ინსტაგრამსა და ფეისბუკს.

რუსულ კანონმდებლობაში არსებობს ცალკე პუნქტი - „ექსტრემისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი”. იურისტები ვერ აკონკრეტებენ, ვინ ჩაითვლება და ვინ არა მხარდამჭერად. არის თუ არა ექსტრემისტი ადამიანი, რომელიც ჩაიცვამს ფეისბუკის ლოგოიან მაისურს? ან დალევს ასეთი ჭიქიდან ჩაის? ან „დასქრინავს” ფეისბუკპოსტს და სხვაგან, ვთქვათ, „ვკონტაქტეში” გამოაქვეყნებს?

რუსეთის გენპროკურატურის პოზიცია ასეთია - „სოციალური ქსელების არაექსტრემისტული მიზნებისთვის გამოყენება ექსტრემისტულ საქმიანობად არ ჩაითვლება”.

მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაცია „როსკომსვობოდას” იურისტი, ეკატერინა აბაშინა „ევრონიუსს” ეუბნება, რომ თეორიულად, სამართალდამცავებმა შეიძლება რუსებს შარი პოსტის გამოც მოსდონ.

ამასთანავე, „რთული სათქმელია, როგორ ინტერპრეტირებას გაუკეთებს სასამართლო თითოეულ შემთხვევას”, - ამბობს იგი.

უცნობია ისიც, „გამოეკიდებიან” თუ არა მათ, ვინც პოსტები დაბლოკვამდე დიდი ხნით ადრე გამოაქვეყნა.

ეკატერინა აბაშინას თქმით, მთლიანობაში, სასამართლოს გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვას ნიშნავს. რადგან ფიზიკური და იურიდიული პირები ვეღარ განათავსებენ Meta-ს პლატფორმებზე რეკლამას. კანონის თანახმად, ექსტრემისტული ორგანიზაციებისთვის ფულის გადახდა არ შეიძლება. დამრღვევებს 8-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ეს გადაწყვეტილება დაარტყამს რუს ბლოგერებს, და ყველას, ვინც აკრძალულ სოცქსელებს ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდა.

ბოლო დრომდე, ინსტაგრამზე აქტიურობდნენ პუტინის მხარდამჭერი მილიონიანი აუდიტორიის მქონე ბლოგერებიც, რომლებიც ომს ერთმანეთის იდენტური განცხადებებით ამართლებდნენ.

Forbes-ის ინფორმაციით, რუსეთიდან Meta რეკლამიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 1,5%-ს იღებდა. 2021 წელს ამ თანხამ 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

იურისტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება მოსთხოვოს AppStore-სა და GooglePlay-ს, რუსეთის მომხმარებლებს წვდომა შეუწყვიტონ Meta-ს აპლიკაციებზე.

უცნაური ისაა, რომ კრემლი ჯერჯერობით არაფერს ამბობს Meta-ს კუთვნილი Whatsapp-ის დაბლოკვაზე, რომელიც რუსეთში პოპულარობით მეორე სოციალური ქსელია.

***

შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად, ყველაზე მარტივი გზა VPN-ის გამოყენებაა. იგი ცვლის მომხმარებლის IP მისამართს, რაც უხსნის წვდომას ყველა დაბლოკილ რესურსზე. მაგრამ რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს მათ დაბლოკვასაც. აკრძალვების უკანასკნელ „პაკეტში” მოჰყვა 36 VPN სერვისი.

რუსეთის მოქალაქეებს აკრძალული აქვთ უკრაინაში ომის „ომად” მოხსენიება. ნებისმიერს, ვინც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” კრემლისთვის არასასურველ შეფასებას მისცემს, შეიძლება 15-წლიანი პატიმრობა დაემუქროს.