რას ამბობენ რუსი სამხედრო ტყვეები და დაეჯერებათ თუ არა მათ?

რუსი სამხედრო ტყვეების ბრიფინგი კიევში. 2022 წლის 14 მარტი

უკრაინაში ომის დაწყებიდან ტყვედ ასეულობით ჯარისკაცი ჩავარდა. ისინი ითხოვენ პატიებას, ადანაშაულებენ პუტინს ომის დაწყებაში და მართავენ პრესკონფერენციებს. შეიძლება იმიტომ, რომ მათ არაჰუმანურად ეპყრობიან - შიშობენ უფლებადამცველი ორგანიზაციები.

სულ ცოტა 562 რუსი ჯარისკაცია დატყვევებული ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე - განაცხადა უკრაინის ვიცე პრემიერმა, ირინა ვერეშუკმა 19 მარტს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით კი, რუსი ტყვეების რაოდენობა ოთხჯერ მეტია.

“ტყვედ ავიყვანეთ ახალი რუსი წვევამდელები. მათ შორის არიან ისინიც, ვისაც არ უნდა რუსეთში დაბრუნება. არიან ისეთებიც, ვინც რუსეთში არც კი ახსოვთ, ვის წაყვანასაც არ ცდილობენ, ვის ოჯახებსაც გააგებინებს, რომ მკვდრები არიან, არადა ჩვენთან არიან და ცოცხლები…” - თქვა ზელენსკიმ 16 მარტს.

რუსეთი ომის დასაწყისში აცხადებდა, რომ უკრაინაში მხოლოდ კონტრაქტორი ჯარისკაცები გააგზავნა, თუმცა შემდეგ აღიარა, რომ “შემთხვევით” წვევამდელებიც გაუშვეს. ომის დაწყებიდან თითქმის 4 კვირის თავზე, კრემლს დღემდე არაფერი უთქვამს იმაზე, რამდენი რუსი ჯარისკაცი ჩავარდა ტყვედ.

ომის მეთერტმეტე დღეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ შექმნა საიტი “ოკუპანტი”, სადაც ქვეყნდება ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცების სახელები და საჯარისო ნაწილის ნომრები. ასევე მითითებულია ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მათ ნათესავებს შუძლიათ დაუკავშირდნენ უკრაინის თავდაცვის სამინსიტროს.

ამ დროისთვის 405 რუსი ჯარისკაცია იდენტიფიცირებული.

ჟენევის კონვენციის დარღვევა

უკრაინის უსაფრთხოების საბჭომ შექმნა ტელეგრამის არხიც, სახელწოდებით “Ищи Своих” (“ეძებე შენიანი”). შემქნელი, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ვიქტორ ანდრუსივი განმარტავს, რომ არხის მიზანია, დაეხმაროს დატყვევებული და მოკლული რუსი ჯარისკაცების ნათესავებს მათ პოვნაში.

ტელეგრამ არხზე პერიოდულად ქვეყნდება ვიდეოები, სადაც რუსი ტყვეები ამბობენ საკუთარ სახელებს და გვარებს, აჩვენებენ საბუთებს, ზოგი უკრევს ოჯახს და უყვება, რომ ტყვედაა აყვანილი. მათ ნაწილს სახეზე ჩალურჯებები და იარები აქვთ.

“სასიკვდილოდ გაგვიშვეს. მთელი ბატალიონი დაწვა, საერთოდ ყველა. ყველა დახოცეს… - ამბობს ერთ-ერთ ვიდეოში სამხედრო ფორმაში ჩაცმული ბიჭი. ტელეფონიდან ისმის ქალის ტირილი.

“ასეთი ამბავია - განაგრძობს ბიჭი - ჯერ ცოცხალი ვარ. ახლა მასამართლებენ. არის ვარიანტი, რომ გამცვლიან, როგორც სამხედრო ტყვეს. შეგიძლია ამაში დამეხმარო, თუკი საზოგადოება ჩაერთვება.”

ბიჭიც და მისი თანამოსაუბრეც ტირიან.

წინა კვირაში საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა გააკრიტიკეს უკრაინის ხელისუფლება ვიდეოების გამოქვეყნებისთვის. მათი განცხადებით, არ არის გამორიცხული რომ რუს ჯარისკაცებს კამერის წინ ჩვენებების მიცემას აიძულებენ. მეტიც, ზოგიერთ ვიდეოეში მათ ღიად ამცირებენ და აშინებენ. უფლებადამცველები მოუწოდებენ უკრაინას, შეწყვიტოს ვიდეოების გამოქვეყნება.

ისინი განმარტავენ, რომ მსგავსი მოპყრობა არღვევს ჟევენის კონვენციას სამხედრო ტყვეების დაცვის შესახებ. კერძოდ კი მის მეცამეტე მუხლს, რომელიც ავალდებულებს ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში ჰუმანურად მოეპყრონ სამხედრო ტყვეებს, არ აიძულონ ჩვენებების მიცემა და თავი შეიკავონ მათი პირადი მონაცემების გამოქვეყნებისგან.

კონვენციის თანახმად, “სამხედრო ტყვეები დაცულები უნდა იყვნენ, განსაკუთრებით ძალადობის, დაშინების, შეურაცხყოფისა და ბრბოს ცნობისმოყვარეობისგან”.

ჟენევის კონვენცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღეს. საერთაშორისო კრიმინალური სამართლის მკვლევარი, გრეგორი გორდონი ვაშინგტონ პოსტს უყვება, რომ იქამდე ჩვეულებრივი ამბავი იყო “სამხედრო ტყვეების აღლუმებზე გამოყვანა, მათზე ძალადობა და საჯაროდ დამცირება”. ამასთანავე, მისი თქმით “დამატყვევებელი ძალა ამას პროპაგანდისთვისაც აკეთებდა, ან იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მტერზე ბრაზის ამონთხევის შესაძლებლობა მიეცა”.

5 მარტს უკრაინელ სამხედროებს ტყვეებთან ჰუმანური მოპყრობისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმაც.

“სიძულვილი სამხედრო ტყვეების მიმართ გასაგებია. ისინი ბომბავენ მშვიდობიან ქალაქებს, იხოცებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები და ასე შემდეგ. მაგრამ. ჩვენ ვართ ევროპული არმია, ევროპული სახელმწიფოსი. კატეგორიულად აკრძალულია ტყვეებთან ბარბაროსული დამოკიდებულება”- თქვა მან ვიდეო მიმართვაში.

მისივე თქმით, უკრაინას მსგავსი ვიდეოების შემდეგ სამხედრო დანაშაულებების ჩადენა შეიძლება დასწამონ და მნიშვნელოვანია, რომ მან რუსეთთან ომში მორალური უპირატესობა შეინარჩუნოს.

იარაღი საინფორმაციო ომში

ტყვეების ამსახველი კადრები მხოლოდ ტელეგრამის არხიდან არ ვრცელდება. დროდადრო კიევში იმართება რუსი სამხედრო ტყვეების პრეს-კონფერენციები. არაერთმა თქვა, ბოლო მომენტამდე მეგონა, რომ სწავლებებზე მივყავდითო. ზოგი ჯარისკაცი დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინის “გასანთავისუფლებლად” მიდიოდა, ზოგს კი დაუმალეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უნდა ესროლათ.

“მინდა მივმართო რუს ხალხს და რუს ჯარისკაცებს და მოვუწოდო მოიხსნან ვარდისფერი სათვალე, რომელიც დიდი ხანია გაგვიკეთეს და დაინახონ, რა ხდება სამყაროში, უკრაინაში. როგორ იხოცებიან ბავშვები, ქალები… ჩვენმა მთავარსარდალმა მოტყუებით გვაქცია ფაშისტებად…” - განაცხადა ერთ-ერთმა ტყვემ 19 მარტს კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

ზოგი ტყვე იმასაც ამბობს, რომ მიზანმიმართულად ბომბავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას.

“ტერიტორიულ თავდაცვას ტყვედ რომ ჩავბარდით, სანამ საფარამდე მივყავდით, ჩვენც კი გვბომბავდნენ” -გაიხსენა კიდევ ერთმა ტყვემ.

იმავე დღეს, CCN-ის ჟურნალისტმა მოახერხა სამ ტყვესთან გასაუბრება. სამივე საუბრობდა “შპარგაკლების” და უკრაინელი სამხედროების მხრიდან ყოველგვარი ხილული ზეწოლის გარეშე.

“არც კი ვიცი, რამ შეიძლება გაამართლოს, ბავშვის ცრემლები, ან კიდევ უარესი, უდანაშულო ხალხის, ბავშვების სიკვდილი” - თქვა ბომბდამშენის პილოტმა, მაქსიმმა.

მისი თქმით, შეძრწუნებულია იმით, რასაც რუსული ჯარი აკეთებს.

“შემაძრწუნებელი ფაქტია. მხოლოდ დანაშაული აღარაა, ბარბაროსობაა. უპატიებელია. სამშობიაროს დაბომვა ?! “ - განაცხადა მან.

უფლებადამცველების თქმით, ისევე, როგორც ვიდეოების შემთხვევაში, პრესკონფერენციების შემთხევაშიც, შეუძლებელია იმის გადმოწმება, თუ როგორ ექცევიან ტყვეებს სინამდვილეში. Human Rights Watch-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის ხელისუფლებას თხოვნით 10 მარტს მიმართეს, თუმცა პასუხი აქამდე არ მიუღიათ.

მაგრამ ტყვეების საინფორმაციო ომში გამოყენება არაეთიკური და ამორალურიცაა.

თუმცა უკრაინაში ზოგი ფიქრობს, რომ სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ.

“ნებისმიერ ომში საშინელი და ამაზრზენი რაღაცები ხდება - ეუბნება “ვაშინგტონ პოსტს” პოლიტიკის ანალიტიკოსი კონსტანტინ ბაზოცკი - მაგრამ ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ რუსულ ტყუილებს. სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთი, აღიაროს საკუთარი სამხედრო დანაკარგები.

უკრაინის ხელისუფლების წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ ტყვეებს ადამიანურად ეპყრობიან. მათ აჭმევენ, ასმევენ და უწევენ საჭირო სამედიცინო დახმარებს. ნაწილს უკრაინელ ტყვეებში გაცვლიან, ნაწილს კი ამუშავებენ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

ამ დროისთვის, უკრაინამ და რუსეთმა, ტყვეები ერთადერთხელ, 2 მარტს გაცვალეს - უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ხუთი ჯარისკაცი ერთი ოფიცერის სანაცვლოდ.

ასევე ნახეთ „კომსომოლსკაია პრავდამ" წაშალა რუსეთის დაღუპული სამხედროების რაოდენობაზე ცნობა - მასალა არქივში იძებნება

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან, მოკლულია უკვე 15 ათასი რუსი ჯარისკაცი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კი 18 დღეა, აღარაფერი უთქვამს დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობაზე. 2 მარტს კრემლი აცხადებდა, რომ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უკრაინაში 498 ჯარისკაცი ემსხვერპლა.