ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ კვირაში ჩავა პოლონეთში, სადაც პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით გამოწვეულ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა სფეროში შექმნილ კრიზისზე მოკავშირეების და პარტნიორების რეაგირების საკითხებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი ვარშავას 25 მარტს ეწვევა. ერთი დღით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო ძალისხმევას და რუსეთისთვის სერიოზული და უპრეცედენტო საფასურის დაკისრებას ბრიუსელში განიხილავს ნატოელ მოკავშირეებთან და „დიდი შვიდეულის“ და ევროკავშირის ლიდერებთან ერთად.
ასევე ნახეთ ჯო ბაიდენი ევროპული ტურნეს ფარგლებში უკრაინაში ჩასვლას არ გეგმავსრუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.
ასევე ნახეთ ნატო, ნეიტრალიტეტი თუ მტკიცე გარანტიები - რა ღირს მშვიდობა უკრაინაში?უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს. დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.