მეგი ბაქრაძის საქმეში თურქი ექსპერტი ერთვება - სიახლე გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე

ხვალ, 2022 წლის 19 მარტს, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გადის. ახალციხელი ექთნის გარდაცვალების საქმის გამოძიება გაჩერებულია - საგამოძიებო უწყება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც ისევ არ არსებობს.

მეგი ბაქრაძე გასულ წელს საქართველოში ვაქცინაციის დაწყების მესამე დღეს, 18 მარტს მისმა კოლეგამ ახალციხეში, კლინიკა "იმედში" აცრა. ნემსის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში ქალი ცუდად გახდა, მოგვიანებით გონება დაკარგა და რამდენიმე საათის შემდეგ რეანიმობილმა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. 27 წლის ახალციხელი ექთანი თბილისში გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ როგორ უღალატა 28 წლის ექთანს სისტემამ - ოჯახმა დღემდე არ იცის, რატომ მოკვდა მეგი ბაქრაძე

მეგი ბაქრაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მისმა ოჯახმა ამ ტრაგიკული შემთხვევის ერთი წლის თავზეც არ იცის დანამდვილებით, რა მოხდა - ეს იყო დაგვიანებული სამედიცინო დახმარება თუ რაიმე სხვა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ალერგოლოგ-იმუნოლოგს, რომელიც გარდაცვალების მიზეზის დასკვნის დასაწერად არის საჭირო, 13 მაისის შემდეგ ეძებდა და მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ იპოვა.

რადიო თავისუფლებას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში უთხრეს, რომ მრავალი ექსპერტისგან უარის მიღების შემდეგ თითქმის ერთი თვის წინ ხელშეკრულება გაფორმდა თურქ ექსპერტთან.

"ამ ეტაპზე კვლევას აწარმოებს ზემოთ აღნიშნული თურქი ექსპერტი. მის მიერ მოწოდებული კვლევის ანალიზის საფუძველზე ბიურო წარადგენს საბოლოო დასკვნას", - ამბობენ ექსპერტიზის ბიუროში.

ასევე ნახეთ უცნობია, როდის იქნება მეგი ბაქრაძის ექსპერტიზის პასუხები

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ვახო ბარამაშვილი რადიო თავისუფლებას ახლაც ეუბნება, რომ ამ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე გამოძიება წინ ვერ წავა. ამ დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, იყო თუ არა ეს სამედიცინო შეცდომა. ბარამაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არ იყო საქმის კურსში, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ბოლოს და ბოლოს ექსპერტი იპოვა.

"არაფერი სიახლე არაა გამოძიებაში, ისევ ბიუროკრატიული პროცესებით იმართლებენ თავს. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ექსპერტიზა დავაჩქაროთ, პროკურატურაა დამკვეთი - რეგულარული კომუნიკაცია მაქვს იმის გადასამოწმებლად, რამე ხო არ შეიცვალა. ბოლო ხუთი თვეა, იგივე მდგომარეობაა, ალერგოლოგ-იმუნოლოგს ვერ პოულობენ", - ამბობს გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი.

უშუალოდ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე არავინ არის დაკავებული. გამოძიებამ მხოლოდ იმის დადგენა შეძლო, რომ ექთანს მდგომარეობის გაუარესების გამო ანაფილაქსიური შოკის მოსახსნელად ნემსი არ გაუკეთეს. ცრუ ჩვენების გამო ბაქრაძის კოლეგებს ბრალი წაუყენეს და სამსახურიდან დაითხოვეს.