პირველი უარი პრეზიდენტს - დოკუმენტი, რომლითაც პრემიერმა ზურაბიშვილს ოფიციალური ვიზიტის უფლება არ მისცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ 30-ზე მეტჯერ იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საზღვარგარეთ. უმრავლეს შემთხვევაში პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული წესით, ვიზიტამდე პრემიერ-მინისტრისგან წერილობით თანხმობას იღებდა.

პირველი უარი პრეზიდენტმა 2022 წლის 26 თებერვალს მიიღო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტის სამსახურმა სტანდარტული პროცედურა დაიცვა და პრემიერ-მინისტრისგან ითხოვა თანხმობა ევროპაში ოფიციალური შეხვედრების გასამართად საფრანგეთის, ევროპული საბჭოს, გერმანიისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან. გლობალური უსაფრთხოება, მშვიდობისთვის შექმნილი გამოწვევები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხების პარტნიორებთან განხილვა - ეს იყო პრეზიდენტის დაგეგმილი შეხვედრების თემები.

14 მარტს, როდესაც პრეზიდენტმა ვიზიტზე უარის თქმის მიღების შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ოფიციალური დოკუმენტები გამოითხოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ვიზიტებთან დაკავშირებით პრემიერის აპარატში სულ (ინაუგურაციიდან დღემდე) გაგზავნილია 39 წერილი - აქედან 33-ზე თანხმობაა, 1-ზე უარი, 5 წერილი კი უპასუხოდ არის დარჩენილი.

ეს დოკუმენტები რადიო თავისუფლებამ მთავრობის ადმინისტრაციიდანაც გამოითხოვა. წერილზე პასუხი ჯერ არის გამოგზავნილი.

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: უარი მეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე

ბოლო, 2022 წლის 26 თებერვალს მიწერილი წერილით პრეზიდენტი პრემიერს აცნობებდა, რომ სურდა 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით მაღალი დონის პირისპირ შეხვედრები გაემართა - მიაწოდა შეხვედრების განრიგიც. პრეზიდენტმა პრემიერისგან ერთწინადადებიანი უარი მიიღო, უარის მიზეზების აუხსნელად.

"გიგზავნით საქართველოს მთავრობის განკარგულებას 2022 წლის 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებულ წინადადებაზე უარის შესახებ", - წერია 26 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს.

როგორც პრეზიდენტმა საპარლამენტო მოხსენების დროს თქვა, პრემიერ-მინისტრის უარის მიღების შემდეგ იძულებული გახდა, მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან არაოფიციალური შეხვედრები გაემართა. რა დღესაც პრეზიდენტმა გაასაჯაროვა, რომ უარის მიუხედავად მან შეხვედრები საკუთარი ხარჯითა და კომუნიკაციით გამართა, მმართველმა პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევაზე მიუთითებდა, მეორე დღეს კი, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ამ საკითხის შესასწავლად მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.