ჰააგის ტრიბუნალის პროკურორმა რუსეთს ოფიციალური წერილით მიმართა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი რუსეთს მიმართავს, აქტიურად ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე ომის სავარაუდო დანაშაულის გამოძიების პროცესში.

პროკურორი იმყოფებოდა უკრაინაში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას და გენერალურ პროკურორ ვენედიკტოვას შეხვდა და დისტანციურად ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის. კარიმ ხანი იმყოფებოდა პოლონეთშიც, სადაც ინფორმაცია მიიღო უკრაინელი ლტოლვილებისგან. შეხვედრების შემდეგ, 16 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში კარიმ ხანი წერს, რომ სურს კიდევ ერთხელ მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს ყველას, ვინც საომარ მოქმედებებში მონაწილეობს, რომ სამოქალაქო ობიექტებსა და მოსახლეობაზე მიზანმიმართული თავდასხმები დანაშაულია.

პროკურორი საომარი მოქმედებების მონაწილეებს მიმართავს, რომ სამხედრო ფორმა და ხელში აღებული იარაღი მათ არ ათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან და პირიქით, აკისრებთ დამატებით იურიდიულ ვალდებულებებს. კარიმ ხანის განცხადებით, მისი ოფისი უფლებამოსილია რომის სტატუტის შესაბამისად, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევს და საერთაშორისო დანაშაულს სჩადის.

ასევე ნახეთ ჰააგის ტრიბუნალმა დაიწყო რუსეთის ქმედებების გამოძიება უკრაინაში - რას ნიშნავს ეს?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ინფორმაციით, მტკიცებულებების აქტიურად შეგროვება უკვე დაწყებულია. კარიმ ხანი ხაზს უსვამს, რომ პროკურორის ოფისი თავის სამუშაოს ასრულებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად და ამიტომ, მნიშვნელოვანია კონფლიქტის ყველა მხარესთან ურთიერთქმედება. პროკურორის ინფორმაციით, მან უკვე გაგზავნა ოფიციალური მიმართვა რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრების მიზნით.

ასევე ნახეთ ჯო ბაიდენი პუტინს "ომის დამნაშავეს" უწოდებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 28 თებერვალს გამოაცხადა, რომ დაიწყო უკრაინაში ომის შესაძლო დანაშაულთა გამოძიება.