ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მტკიცედ გმობს პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილ ძალადობას, სამხედრო დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ.
სენატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ პუტინის, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრების და სამხედრო მეთაურების სავარაუდო დანაშაული.
რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის მიერ ინიციირებულ რეზოლუციას ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა. სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი სისასტიკისთვის.
ასევე ნახეთ ჰააგის ტრიბუნალმა დაიწყო რუსეთის ქმედებების გამოძიება უკრაინაში - რას ნიშნავს ეს?რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 3 მილიონამდე უკრაინელი.