ნატო: შესაძლოა რუსეთმა უკრაინაში „ცრუ დროშის“ ოპერაცია მოაწყოს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო შიშობს, რომ შესაძლოა რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ „ცრუ დროშის" ოპერაცია ჩაატაროს ქიმიური იარაღის გამოყენებით.

"ცრუ დროშის" ოპერაცია გულისხმობს პოლიტიკურ ან სხვა სახის ქმედებას, როდესაც ერთი მხარე საკუთარ მოქმედებას ნიღბავს მოწინააღმდეგის დადანაშაულების მიზნით.

იენს სტოლტენბერგის თქმით, პუტინის სასტიკ შეჭრას უკრაინაში ყოველდღიურად სიკვდილი და განადგურება მოაქვს, რამაც მსოფლიო შოკში ჩააგდო და შეარყია საერთაშორისო წესრიგი.

თვეების განმავლობაში ჩვენ ვამხელთ რუსეთის ტყუილების გრძელ სიას. ისინი აცხადებდნენ, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებდნენ. მაგრამ მათ ეს გააკეთეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ჯარები გაჰყავდათ. მაგრამ უფრო მეტი გაგზავნეს. ისინი აცხადებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას იცავენ. მაგრამ ისინი ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ახლა ისინი აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ უკრაინაში ბიოლოგიურ ლაბორატორიებსა და ქიმიურ იარაღზე.

„ეს უბრალოდ მორიგი ტყუილია. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მოსკოვმა შესაძლოა მოაწყოს „ცრუ დროშის ოპერაცია“, შესაძლოა ქიმიური იარაღის გამოყენებით“- თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი სიტყვებით, უკრაინელი ხალხი განაგრძობს შეუპოვარ ბრძოლას თავიანთი სახლების და მომავლის დასაცავად და ნატომ მათ მხარი უნდა დაუჭიროს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ხვალ, 16 მარტს მათ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და სხვა პარტნიორები საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეუერთდებიან.

მთელმა მსოფლიომ დაგმო ეს უაზრო ომი. ნატოს მოკავშირეებმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს. მრავალი წლის განმავლობაში ნატოს მოკავშირეები წვრთნიდნენ ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცს. ბევრი მათგანი ახლა ფრონტზე იბრძვის. მოკავშირეებმა ასევე მიაწოდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის კრიტიკული აღჭურვილობა. მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები, დრონები, საბრძოლო მასალა და საწვავი. ეს წვრთნა და აღჭურვა ეხმარება უკრაინას თავდაცვაში. ნატოს მოკავშირეები და პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას ამ უფლების დაცვაში. სამხედრო ტექნიკით, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით. ნატოს მთავარი ამოცანაა ყველა მოკავშირის დაცვა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ალიანსმა სწრაფად უპასუხა კრიზისს, აამაღლეს მზადყოფნის დონე.

ახლა ალიანსის მასშტაბით ასობითათასი სამხედრო გაძლიერებულ მზადყოფნაშია. 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი ევროპაში და დაახლოებით 40 000 სამხედრო ძირითადად ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილებში. აშშ ახლა გზავნის „პატრიოტის“ ბატარეებს პოლონეთში, ხოლო გერმანია და ნიდერლანდი ასევე ათავსებენ „პატრიოტებს“ სლოვაკეთში. ეს არის უტყუარი გზავნილი, რომ თავდასხმას ერთ მოკავშირეზე მოჰყვება გადამწყვეტი პასუხი მთელი ალიანსისგან“.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მისი სამხედრო ინტეგრაცია ბელარუსთან, ქმნის უსაფრთხოების ახალ რეალობას ევროპის კონტინენტზე.

ასე რომ, ჩვენ გვესაჭიროება ნატო-ს სამხედრო პოზიციონირება ამ ახალ რეალობაში. ხვალ მინისტრები დაიწყებენ მნიშვნელოვან დისკუსიას კონკრეტულ ზომებზე, რომლებიც გააძლიერებენ ჩვენს უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა სფეროში“, - თქვა სტოლტენბერგმა

მისი განმარტებით, ეს შესაძლოა, მოიცავდეს არსებითად მეტი ძალის განლაგებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, უფრო მაღალ მზადყოფნას, წინასწარ განლაგებული აღჭურვილობით.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ასევე განიხილავენ საჰაერო და საზღვაო განლაგების მნიშვნელოვან ზრდას, ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის, ასევე კიბერთავდაცვის გაძლიერებასა და ფართომასშტაბიანი წვრთნების ჩატარებას.

ამასთან სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მოითხოვს ინვესტიციების ზრდას და მადლიერება გამოხატა, რომ გერმანია და სხვა მოკავშირეები ამისთვის მზადყოფნაში არიან.

„მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს დახარჯონ მშპ-ს მინიმუმ 2% თავდაცვისთვის. მეტი უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ჩვენც მეტი ინვესტიცია გვჭირდება. მშვიდობისა და თავისუფლების დასაცავად“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რუსეთი დეზინფორმაციის დიდი კამპანიის თანხლებით, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას აპირებს და შემდეგ ამას უკრაინას დააბრალებს. ამის შესახებ უწყებამ გუშინ, 15 მარტს განაცხადა.

რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას არც აშშ გამორიცხავს. გასულ კვირაში, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ სიცრუე უწოდა რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინამ შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს. საკის თანახმად, შესაძლოა, უკრაინაში თავად რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი, ან ეს ოპერაცია ჩაატაროს ცრუ დროშით.

ასევე ნახეთ „სრულიად ველური იდეა“ - მოსკოველი მეცნიერები "ბიოლოგიური იარაღის“ შესახებ

9 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოითხოვს უკრაინის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში საქმიანობის ამსახველ მასალებს და დოკუმენტებს. ზახაროვას თქმით, ამ ლაბორატორიებში ხორციელდებოდა ბიოლოგიური იარაღის შემუშავება და არ არსებობს პასუხი შეკითხვებზე, მათ შორის იმაზე, ხომ არ მოხვდა ეს იარაღი „უკრაინელი ნაციონალისტების“ ხელში.

იმავე დღეს, 9 მარტს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა გამომძიებლებს დაავალა სისხლის სამართლის საქმე აღძრან და დაადგინონ რუსეთის ტერიტორიის მახლობლად ბიოლოგიური იარაღის შემუშავების გარემოებები.

ასევე ნახეთ “სლავების დასახოცი ლაბორატორიები” უკრაინაში - როგორ ამართლებს კრემლი ომს?

9 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა უკრაინა დაადანაშაულა ქიმიური შეტევის მზადებაში. კონაშენკოვის თქმით, ხარკოვის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დასახლებულ პუნქტ ზოლოჩოვში „უკრაინელმა ნაციონალისტებმა“ ჩაიტანეს 80 ტონამდე ამიაკი და ადგილობრივ მცხოვრებთ ასწავლიან, როგორ უნდა იმოქმედონ ქიმიური შეტევის შემთხვევაში. უკრაინამ ამ განცხადებას უწოდა სიცრუე და რუსული პროპაგანდის ნაწილი.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და მედიამ მსგავსი დეზინფორმაცია არაერთხელ გაავრცელეს საქართველოში არსებული, ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებაც. კერძოდ, ის, რომ თითქოს, ლაბორატორიაში იქმნება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი და საშიში ვირუსების შტამები. 2018 წელს ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერეს ექსპერტებმა 17 ქვეყნიდან. მათ დასკვნაში წერია, რომ ლაბორატორია მხოლოდ სამოქალაქო, მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.