ზელენსკი: წლებია გვესმოდა ნატოს ღია კარის შესახებ, ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევდივართ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ, ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკის მიუხედავად, უკრაინა ალიანსის წევრი ვერ გახდება.

ამის შესახებ ზელენსკიმ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების (Joint Expeditionary Force) ლიდერებისადმი ონლაინ ფორმატში წარმართული მიმართვისას ისაუბრა.

გასაგებია, რომ უკრაინა არ არის ნატოს წევრი. ეს ჩვენ გვესმის, ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ, წლები გვესმოდა, თითქოსდა, "ღია კარის" შესახებ, მაგრამ ასევე გავიგეთ, რომ ჩვენ იქ ვერ შევდივართ. და ეს სიმართლეა და უნდა ვაღიაროთ. მიხარია, რომ ჩვენი ხალხი იგებს ამას და საკუთარი ძალის და იმ პარტნიორების იმედი აქვს, რომლებიც გვეხმარებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა არ აცხადებს პრეტენზიას ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის გააქტიურებაზე და მხოლოდ ცის დახურვას ითხოვს, რათა რუსეთმა საჰაერო დარტყმები ვერ განახორციელოს.

„საჭიროა ურთიერთქმედების ახალი ფორმატები, ახალი მონდომება. და თუ ჩვენ ვერ შევდივართ ღია კარში, მაშინ უნდა ვითანამშრომლოთ საზოგადოებებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან და დაგვიცავენ, მაგალითად, თქვენს [საზოგადოებასთან] და გვქონდეს სანდო გარანტიები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი ზელენსკი ნატოს ისევ მოუწოდებს, დახუროს უკრაინის ცა

გაერთიანებული საექსპედიციო ძალები არის სამხედრო ფორმატი, რომელსაც ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფო. საჭიროების შემთხვევაში ძალები აერთიანებს დანიას, ფინეთს, ესტონეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნიდერლანდებს, შვედეთსა და ნორვეგიას.

უკრაინა, რომელიც აღნიშნული ალიანსის ახლო პარტნიორია და პირდაპირ განიცდის რუსეთის ფედერაციის აგრესიას, 25 თებერვალს ალიანსის ლიდერების შეხვედრაზე მიწვეული არ ყოფილა.

10 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა განიხილოს ისეთივე უსაფრთხოების გარანტიების მიღების საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნებისა და მეზობლებისგან, რასაც ითვალისწინებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება.

ასევე ნახეთ უკრაინა უსაფრთხოების ახალი გარანტიების განსახილველადაც მზადაა

8 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში კითხვაზე, აპირებს თუ არა უკრაინა კონსტიტუციის გადახედვას და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად და დონბასის ორი სეპარატისტული რეგიონის "დამოუკიდებლობის აღიარებას", უპასუხა, რომ „არ აპირებს კაპიტულაციას“.

"რაც შეეხება ნატოს, მე ამ თემაზე გავანელე საუბარი დიდ ხნის წინ, მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის გასაწევრიანებლად. ალიანსი უფრთხის კონტრავერსიულ საკითხებს და რუსეთთან კონფრონტაციას, ჩვენ არ ვიქნებით ქვეყანა, ვინც მუხლმოდრეკილი ითხოვს, მე არ ვიქნები ასეთი პრეზიდენტი“, - თქვა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა დიალოგისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 24 თებერვლიდან 14 მარტამდე, გაეროს დადასტურებული აქვს სულ მცირე 630 მშვიდობიანი უკრაინელის დაღუპვის ფაქტი. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად კი, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში დაღუპულია 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, 3 მილიონს მიუახლოვდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც, რუსეთის მიერ უკრაინის ინტერვენციის შედეგად, იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა და თავშესაფრის საძებნელად მეზობელი ქვეყნებისთვის შეეფარებინათ თავი.