კინოცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა და მისი საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნა - ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ფაქტის შესახებ მანაც დღეს გაიგო და წინასწარ სამინისტროში არ ჰქონია არანაირი შეხვედრა, რომელზეც კინოცენტრში არსებულ დარღვევებზე იქნებოდა საუბარი. საჯარო არც აუდიტის დასკვნაა, რომელზეც სამინისტრო საუბრობს. გაგა ჩხეიძე გამორიცხავს კინოცენტრში იმგვარი დარღვევების არსებობას, რომლებზეც შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს.
"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტი 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები, კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი, გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, მისი საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას დასკვნაში მითითებულ არაერთ გარემოებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გაგა ჩხეიძეს კინოცენტრის დირექტორის პოსტზე უფლებამოსილება მაისის თვეში ეწურებოდა. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, "გარდამავალ პერიოდში," ახალი ხელმძღვანელის შერჩევამდე, კინოცენტრის დირექტორის უფლებამოსილებებს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კარლო სიხარულიძე განახორციელებს.
ასევე ნახეთ შუაღამის წერილი ეროვნულ მუზეუმს კულტურის სამინისტროსგან