უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს წევრ სახელმწიფოებს ისევ მოუწოდებს, უკრაინის საჰაერო სივრცე ფრენისთვის აკრძალულ ზონად გამოაცხადონ. ზელენსკის თანახმად, გასულ წელს, ნატოს ლიდერებს აფრთხილებდა, რომ თუ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი პრევენციული სანქციები არ იქნებოდა, ის ომს დაიწყებდა.
„და მე მართალი ვიყავი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენს ცას არ დახურავთ, მოგვიანებით რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე, ნატოს ტერიტორიაზე დაეცემა. ეს მხოლოდ დროის საქმეა", - წერს დღეს, 14 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
13 მარტს, რუსეთის სამხედრო ძალებმა ნატოს წევრი პოლონეთის სიახლოვეს, უკრაინის ქალაქ ლვოვთან დაბომბეს იავოროვის „მშვიდობისმყოფელობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი“. დაიღუპა 35 ადამიანი.
ასევე ნახეთ პოლონეთის საზღვართან რუსეთის შეტევამ 35 ადამიანი იმსხვერპლაუკრაინის მოთხოვნაზე, მისი საჰაერო სივრცე გამოცხადდეს ფრენისთვის აკრძალულ ზონად, ნატო უარს ამბობს იმ მოტივით, რომ ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა, მოჰყვეს ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება.
ასევე ნახეთ რა არის არასაფრენი ზონა და რატომ არ კეტავს ნატო უკრაინის საჰაერო სივრცესრუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა რაოდენობა 4.5 მილიონს აჭარბებს.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს. დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.