„ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქის დაკავების შესახებ პირდაპირ კავშირშია უკრაინაში დღეს განვითარებულ მოვლენებთან და შედის რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ დასავლეთის აშკარა პოლიტიკაში”, - განაცხადა დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა დავით სანაკოევმა. მისი თქმით, „ჰააგის ტრიბუნალი რატომღაც არ ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის გარემოებების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის ხელმძღვანელის ჰეიდი ტალიავინის ანგარიშს, რომელიც ნათლად მიუთითებდა, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო 2008 წლის აგვისტოში და ქართული სახელმწიფოს მხრიდან სამხრეთ ოსი ხალხის წინააღმდეგ განხორციელდა აგრესიული ქმედებები.
სანაკოევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართ ქართული სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სისასტიკის ობიექტური გამოძიების ნაცვლად, დამნაშავეები წახალისდებიან და დაჯილდოვდებიან.
„ყველა ეს ქმედება მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. იმ წლებში ვმონაწილეობდი ომის დროს დატყვევებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში და 2008 წლის აგვისტოს ბოლოს მოვახერხეთ მათი სამშობლოში დაბრუნება, გარდა შვიდი დაკარგული მოქალაქისა", - განაცხადა მან.
დავით სანაკოევმა ისიც თქვა, რომ ბევრი სამუშაო ჩატარდა სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ნათესავებთან გადაყვანისთვის. მან აღნიშნა, რომ მთელი ეს პროცედურა ჩატარდა ნებაყოფლობით, თავად მოქალაქის წერილობითი თანხმობით.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები წარუდგინა სასამართლოს. ესენი არიან გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე; ჰამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი. დავიდ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.
ტრიბუნალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც წინასასამართლო პალატამ 2016 წლის 27 იანვარს გასცა ნებართვა „საქართველოს სიტუაციაზე“ გამოძიების დაწყების შესახებ, პროკურორის ოფისმა გამოიკვლია მტკიცებულებები კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის მიერ 2008 წლის 1 ივლისადან 10 ოქტომბრის შუალედში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. პროკურორის სტანდარტის შესაბამისად, გამოძიება ყველა ეტაპზე მიმდინარეობდა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად, აგრეთვე რომის სტატუტით განსაზღვრული ვალდებულებების დაცვით.
ასევე ნახეთ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები წარმოადგინაპროკურორის ოფისის მიერ მოპოვებული და შესწავლილი მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურორმა საფუძვლიანად ჩათვალა დასახელებული სამი პირისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება სამხრეთ ოსეთში, საქართველოში 2008 წლის 8 და 27 აგვისტოს ჩადენილი შემდეგი სამხედრო დანაშაულებისთვის: უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანური ღირსების შელახვა, მძევლად აყვანა და უკანონო გადაყვანა.
პროკურორი აცხადებს, რომ მის მიერ დოკუმენტირებული დაპატიმრების ორდერები კერძოდ შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის დროს ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას, არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და უკანონო გადაყვანას. გამოძიებამ აგრეთვე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენერალ-მაიორისა და რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლის მოადგილის - ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლი კონკრეტულ დანაშაულში. კერძოდ, მან სავარაუდოდ განზრახ შეუწყო ხელი დასახელებული დანაშაულების ჩადენას. იგი გარდაცვლილია.